ახალი ამბები

არჩევნები 2017: საქართველოში 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი უნდა აირჩიონ

21 ოქტომბერი, 2017 • 2471
არჩევნები 2017: საქართველოში 64 საკრებულოს 2058 წევრი  და 64 მერი უნდა აირჩიონ

დღეს, 21 ოქტომბერს, საქართველოში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები იმართება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა დილის 08.00 საათიდან შეუძლიათ.

საარჩევნო უბანი. 21 ოქტომბერი, 2017, თბილისი. ფოტო: ნეტგაზეთი

საარჩევნო უბანი. 21 ოქტომბერი, 2017, თბილისი. ფოტო: ნეტგაზეთი

ამომრჩევლებმა დღეს საქართველოს 64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი უნდა აირჩიონ. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრირებულია 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ რეგისტრირებულია 200 საინიციატივო ჯგუფი.

არჩევნებისათვის რეგისტრირებულია მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13- თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4727-ს შეადგენს, ხოლო პარტიული სიების მიხედვით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა 12 902-ია.

ხმის მისაცემად საქართველოში სულ 3,644 საარჩევნო უბანია შექმნილი, მათ შორის 10 სპეციალური უბანია.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 000-ზე მეტი (54 389) წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 000-ზე მეტი (20 641) და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. არჩევნებს აკვირდება ეუთოს სადამკვირვებლო მისიაც.

საარჩევნო პროცესის გასაშუქებლად 4000-ზე მეტი (4 820) ჟურნალისტია აკრედიტირებული. ნახეთ, რატომაა ასეთი დიდი ციფრი.

ცენტრალური საარჩევნო კომისია 08:30 სთ-დან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს. ასეთივე ბრიფინგებს გამართავენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი