ახალი ამბები

გაეროში დევნილების შესახებ ჰუმანიტარულ რეზოლუციას უყრიან კენჭს

13 ივნისი, 2013 • • 1273
გაეროში დევნილების შესახებ ჰუმანიტარულ რეზოლუციას უყრიან კენჭს

რეზოლუცია, რომელიც ჰუმანიტარული ხასიათისაა და პოლიტიკურ ტერმინებს არ შეიცავს, აღიარებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირთა უფლებებს, მიეცეთ საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. გარდა ამისა, დოკუმენტი გმობს ძალადობრივი მეთოდებით დემოგრაფიული ცვლილებების განხორციელებას.

“რეზოლუცია განამტკიცებს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებას, რაც მნიშვნელოვანია და ხაზს უსვამს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუზღუდავი საქმიანობის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპრაკებების მონაწილე მხარეებს, რომ გაორმაგებული ძალისხმევით უზრუნველყონ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც შესაძლებელს გახდის ლტოლვილთა ღირსეულ დაბრუნებას”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, რომელიც გასული კვირის განმავლობაში ნიუ იორკში მდებარე გაეროს წარმომადგენლობაში იმყოფებოდა და სადაც გაეროს წევრ 80–ამდე ქვეყნის წარმომადგენელს სწორედ ამ რეზოლუციაზე ესაუბრა.


აღნიშნული რეზოლუცია გაეროს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე პირველად 2008 წელს გავიდა, მას მხარი 14–მა ქვეყანამ დაუჭირა 11–ის წინააღმდეგ, 2009 წელს რეზოლუციას მხარი უკვე 48 ქვეყანამ დაუჭირა, 19–მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 2010 წელს რეზოლუციას მხარი 50–მა ქვეყანამ დაუჭირა 17–ის წინააღმდეგ, 2011 წელს რეზოლუციას მხარის 57–მა ქვეყანამ დაუჭირა, 17–მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 2012 წელს რეზოლუციას მხარის 60–მა სახელმწიფომ დაუჭირა 15–ის წინააღმდეგ.


შეგახსენებთ, რომ რეზოლუციის შინაარს არ ეთანხმება რუსეთის ფედერაცია, რომელიც მიიჩნევს, რომ დოკუმენტში ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ინტერესები არ არის გათვალისწინებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი