ახალი ამბები

რა უშლის ხელს თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას – ინტერვიუ საია-ს იურისტთან

20 ოქტომბერი, 2017 • 1983
რა უშლის ხელს თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას – ინტერვიუ საია-ს იურისტთან

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, უკანონო აგიტაციის ფაქტები, ზეწოლისა და მუქარის სავარაუდო ფაქტები – ის ძირითადი საკითხებია, რაზეც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგში საუბრობს.

წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის დეტალებზე საია-ს საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელ ირმა პავლიაშვილს ვესაუბრეთ.

უპირველესად შევაფასოთ გუშინ ყიზილაჯლოში ოცნების კანდიდატზე თავდასხმა. როგორ აისახება ეს საია-ს წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგში?

ერთიანობაში რომ შევაფასოთ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და კონკურენტული გარემო იყო საარჩევნო სუბიექტებისთვის. თუმცა რიგი გამოწვევები მაინც დაფიქსირდა.

ყიზილაჯლოში მომხდარი შემთხვევა მართლაც ყველაზე მძიმე შემთხვევაა წინასაარჩევნო პერიოდში. მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სრულყოფილად წარიმართოს გამოძიება, რათა ამ მოვლენამ საარჩევნო პროცესზე არ მოახდინოს ნეგატიური გავლენა.

წინასაარჩევნო პერიოდში ამ ფაქტის გარდა იყო რამდენიმე შემთხვევა, სადაც საჭიროა გამოძიების სრულყოფილად წარმართვა. მაგალითად, თეთრიწყაროს რაიონში კანდიდატების მიერ ერთი და იმავე მოტივით კანდიდატურების მასობრივად მოხსნის ფაქტი.

საინტერესოა დმანისის შემთხვევა, როდესაც ყურანზე დაფიცების ფაქტს ჰქონდა ადგილი. ყველა ის შესაძლო დარღვევა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გარდა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მნიშვნელოვანია, რომ დროულად გამოიძიონ.

შესაძლო დარღვევებზე გამოძიება რამდენად ეფექტურია?

ათამდე ფაქტზე გამოძიება მიდის, მნიშვნელოვანია დროულად დასრულდეს. 2016 წლის არჩევნების დროს მომხდარ კორცხელის ინციდენტზე საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდშივე იდენტიფიცირებული იყო ყველა პირი და შესაძლებელი იყო დროული და ეფექტური ზომების გამოყენება.

ჯიხაშკარზეც შეიძლება ითქვას, რომ კენჭისყრის დღეს უბნის დარბევაში იმაზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე ვის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

აღსანიშნავია, რომ ჯიხაშკარის შემთხვევაშიც დაისაჯნენ შემსრულებლები, მაგრამ უცნობია, ვინ იყო დამკვეთი, სწორედ ეს აჩენს კითხვებს გამოძიების ეფექტურობის მიმართ. ეს ახალისებს დაუსჯელობის სინდრომს,

ანგარიშში საუბრობთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დაძაბულობაზე. რა უწყობს ხელს ამას?

ეთნიკური უმცირესობები გარკვეულ “ბეღელს” წარმოადგენდნენ მმართველი პოლიტიკური პარტიებისთვის. ეს რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული.

მათ აქვთ ენობრივი ბარიერი და ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან, მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი ავტორიტეტული პიროვნებები, რაც ახდენს გავლენას მათ გადაწყვეტილებებზე.

მეორე საკითხი ისაა, რომ პოლიტიკური პარტიებიც არ არიან აქტიური რეგიონში. ქალთა პოლიტიკური უფლებების კუთხით კვლევას ვატარებდით. კითხვარები გავაგზავნეთ რეგიონებში ადგილობრივი ოფისების წარმომადგენლობებისთვის შესავსებად, ყველა ოფისი დაკეტილი იყო..

ოფისები იხსნება არჩევნების პერიოდში. შემდეგ უკვე პარტიები ცენტრალურ დონეზე არიან ორიენტირებული და რეგიონული წარმომადგენლობები სუსტი აქვთ, რაც განაპირობებს მათ დაშორებულობას ამომრჩეველთან.

მონიტორინგის ანგარიშში საუბრობთ საარჩევნო ადმინისტრაციაში არსებულ ხარვეზებზე. უმჯობესდება ცესკოს მუშაობა?

საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ ამომრჩეველთა ინფორმირებულობა გაეზარდა, ინკლუზიური გარემო შეექმნა, მთელი რიგი რეგულაციები გაწერა, მაგალითად, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციისა და ნუმერაციის განსაზღვრისთვის, რომ სამართლიანი და კონკურენტული გარემო შეექმნა.

თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევაა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური ნიშნით შერჩეული დამკვირვებლები იყვნენ, ახლა პროფესიული ნიშნით არიან შერჩეული საარჩევნო კომისიებში. მათი შერჩევისას არ ხდება დეტალურად პროფესიული უნარ-ჩვევების შესწავლა და გამოკვლევა. ხმის მიცემით აფიქსირებენ კომისიის წევრები თავიანთ პოზიციას. რის საფუძველზე ირჩევენ – ეს მექანიზმი არაა ნათელი.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები ნიშანდობლივი იყო წინასაარჩევნო კამპანიისთვის?

საჯარო მოხელეების მობილიზება შეხვედრებზე დასწრებისთვის უფრო ხილული გახდა. ჩვენ ვნახეთ კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები ბაგა-ბაღების დირექტორების ჩართულობის თაობაზე.

საინტერესოა უკანონო აგიტაციის ფაქტებიც. ორი ტენდენცია გამოიკვეთა, ერთი მიმართულებაა სოციალური მედიის გამოყენების კუთხით, რისი პოპულარიზებაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დაიწყო, ხოლო მეორეა, საჯარო მოხელეებისა თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობით, მაგალითად, 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი რომ ჩაერთო უცხოეთიდან.

წინასაარჩევნო პერიოდში იყო “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხარდამჭერი განცხადებები ფეხბურთელების მხრიდან, რომელიც თქვენ უკანონო აგიტაციად მიიჩნიეთ.

ფეისბუკში ვერ ხედავს საარჩევნო ადმინისტრაცია აგიტაციის განხორციელების ინსტრუმენტს.

როდესაც დაანონსდა მატჩის შესახებ, გამოვთქვით ვარაუდი, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა უკანონო აგიტაციას და უკანონო შემოწირულობას. საარჩევნო კოდექსი საუბრობს, რომ აგიტაცია არის ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომლითაც ხელი ეწყობა, ან ხელი ეშლება რომელიმე კანდიდატს.

როცა მატჩი გაიმართა და ვიხილეთ შევჩენკოს კომენტარები, რომ არა ბორჯომის ტყე და ქველმოქმედება, არამედ კახა კალაძე კარგი მერი იქნებოდაო, ჩავთვალეთ, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო აგიტაცია,ს რაც გავასაჩივრეთ კიდეც.

საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი გადაწყვეტილებით დააკანონა უკანონო მონაწილეობა აგიტაციაში, საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხში იკვეთება, რომ საარჩევნო აგიტაციას ახორციელებენ საარჩევნო სუბიექტები და ვინაიდან ფეხბურთის ფედერაცია არ იყო საარჩევნო სუბიექტი, ამ შემთხვევაში უკანონო აგიტაციასაც არ ჰქონია ადგილი, რითიც მან დაავიწროვა აგიტაციის ცნება და კანონი..

ამის შემდეგ შემდეგ ვიხილეთ არაერთი პოლიტიკური შინაარსის რეკლამა მაუწყებლებსა და სოციალურ მედიაში, სადაც უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობდნენ და მხარს უჭერდნენ კახი კალაძეს. ესაა ის რისკი, რაზეც ვსაუბრობდით

როგორ იყენებდნენ კანდიდატები “ფეისბუკს” წინასაარჩევნო პერიოდში?

პრობლემური ისაა, რომ ეს გვერდები არის დაფინანსებული, თუმცა აუდიტის სამსახურს არ შეუძლია კონტროლი, რადგან სუბიექტების დეკლარაციების მიღმა რჩება.

მაგალითად, გავაკეთე გვერდი და ვხარჯავ თანხას ვიღაცის წინააღმდეგ ან სასარგებლოდ. ვის სასარგებლოდაც ხორციელდება, ამ თანხის დეკლარირება უნდა მოხდეს. შესაბამისად, პარტიამ ეს თანხა უნდა დაადეკლარიროს. აუდიტმა უნდა შეისწავლოს, ვინ დახარჯა, რამდენი დახარჯა, ამ სუბიექტს ჰქონდა თუ არა უფლება, რომ ეს თანხები დაეხარჯა. ეს პროცესი არაა გამჭვირვალე და ვერ ხდება იდენტიფიცირება იმ პირებისა, ვინ იყო გადამხდელი [ფეისბუკის ადმინისტრაციის მიმართ].

მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო დონეზეც განხორციელდეს ცვლილებები და რეალური ინსტრუმენტი მიეცეს აუდიტის სამსახურს არადეკლარირებული თანხების ხარჯვის თავიდან ასაცილებლად.

ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად სოციალური მედიის გამოყენება მოხდება ყოველ არჩევნებზე. ეს არ შეჩერდება. ამის შესაბამისად კანონმდებლობის განახლება უნდა მოვახდინოთ ისეთი რეგულაციების გაჩენით, რომელიც დაიცავს საარჩევნო გარემოს მსგავსი ტიპის ჩარევებისაგან და დაიცავს გამოხატვის თავისუფლებას, რომ არ დავარღვიოთ ბალანსი და ეს სიკეთე არ შეეწიროს.

მმართველ პარტიას ყოველთვის მეტი დაფინანსება აქვს, ვიდრე სხვა პარტიებს, მაგალითად, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდნენ, ახლა ქართულ ოცნებას აფინანსებენ. რატომ შეიძლება იცვლებოდეს პოლიტიკური შეხედულებები?

მმართველ გუნდს ყოველთვის უფრო მეტი დაფინანსება აქვს. ალბათ, ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის დემოკრატიული პროცესები და პოლიტიკური კულტურა ისე განვითარებული, რომ ამ ადამიანებმა პოლიტიკური იდეოლოგიიდან გამომდინარე შესწირონ ფული. ისინი ასევე სწირავენ მმართველ პარტიას, რადგან გარკვეული ბენეფიტების მიღების მოლოდინში არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი