ქუთაისი მორიგი ფუნქციის ძიებაში და საარჩევნო დაპირებები

უმუშევრობისა და სიღარიბის გამო მიგრაციის შედეგად ქუთაისმა საქართველოში სიდიდით მეორე ქალაქის სტატუსი დაკარგა. ამ პრობლემის მოგვარებას მეორე დედაქალაქის სტატუსმა ვერ უშველა, ახლა ხელისუფლება საუნივერსიტეტო ქალაქის პერსპექტივაზე საუბრობს.

“ნეტგაზეთი” ქუთაისის მერობის კანდიდატებისგან შეეცადა გაერკვია, თუ როგორ აპირებენ ისინი ქალაქის ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებას და მოსახლეობის მასობრივად გადინების პროცესის შეჩერებას?

“ქუთაისი ქალაქია – ინდუსტრიის მშენებელი”

სამრეწველო ქალაქის ფუნქციით ქუთაისი საბჭოთა ხელისუფლებამ აღჭურვა, როცა ქალაქში ერთიმეორის მიყოლებით გიგანტი საწარმოები შეიქმნა. ასე გაჩნდა ქალაქში ქარხნებზე მიბმული დასახლებები – ავტოქარხანა, ავანგარდი…

“კარგი დრო იყო, ყველა მუშაობდა, ყველას საქმე ჰქონდა…”- გვეუბნება ქუთაისელი ვაჟა ქათამაძე, რომელმაც გვითხრა, რომ პროფესიით მძღოლია, მაგრამ ახლა უმუშევარია.

კომუნისტურ პერიოდში ქუთაისში 20-ზე მეტი გიგანტი საწარმო ფუნქციონირებდა. დღეს ამ ქარხნების ადგილზე ნანგრევები ან მიტოვებული შენობებია შემორჩენილი, რომელთა ნაწილში წვრილ-წვრილი ობიექტებია გახსნილი.

ქუთაისის საწარმოები დღეს.

ქუთაისის საწარმოები დღეს.

გიგანტ საწარმოებს შორის ერთ-ერთი იყო ავტოქარხანა, რომელიც 1945 წელს დაარსდა და პირველი ავტომობილი 1951 წელს გამოუშვა.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ავტოქარხანაში ავტომობილის გამოშვების მცდელობა კიდევ ერთხელ ჰქონდათ – ქართულ-ინდური ჯიპი “მაჰინდრას” სახით, თუმცა საბოლოოდ ამ ქარხნის პირდაპირი პროფილით ფუნქციონირება შეწყდა.

მოგვიანებით ქარხნის ტერიტორიის ნაწილი ჩინურ კომპანია “ჰუალინგს” გადაეცა სავაჭრო ზონისთვის. ტერიტორიაზე უცხო პირები არ დაიშვებიან.

ქუთაისი – მეორე დედაქალაქი

ავტოქარხნის დასახლების ტერიტორიაზე პარლამენტის მშენებლობის იდეა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. მისმა მაშინდელმა თანაპარტიელმა და იმერეთის მაშინდელმა გუბერნატორმა, ამჟამად კი “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ ქუთაისში პარლამენტის გადატანის მოთხოვნით ხელმოწერები ცენტრალურ ხელისუფლებას გაუგზვნა და საბოლოოდ, კონსტიტუციის მიხედვით პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისი განისაზღვრა. ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ქუთაისში ფუნქციონირება 2012 წლიდან დაიწყო.

იმჟამინდელი ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ ეს ქუთაისს ფუნქციას შესძენდა და გარკვეულწილად დასაქმების პრობლემის მოგვარებას შეუწყობდა ხელს.

პარლამენტის აშენება 350 მილიონი ლარი დაჯდა, ხოლო მის გვერდით მთავრობის სახლის აშენება – 80 მილიონი ლარი.

მთავრობის სახლი ქუთაისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მთავრობის სახლი ქუთაისში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მთავრობის სახლმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ის დღემდე მიტოვებული და გამოკეტილია. პარლამენტის შენობაში კი დეპუტატები მხოლოდ პლენარული სხდომების დროს იკრიბებიან. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო აქტში პარლამენტის ადგილმდებარეობა განსაზღვრული აღარაა.

პარლამენტი ქუთაისში, ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

პარლამენტი ქუთაისში, ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“საპარლამენტო ქალაქმა დიდი ვერაფერი მოგვცა და ეს ფაქტია. შეიძლება, ცალკეული პიროვნებებისთვის რაღაც კერძო ბიზნესის განვითარება გამოიწვია, თორემ ისე საზოგადოებას დიდად არ დასტყობია, რომ საპარლამენტო ქალაქია” – ამბობს ჩვენთან საუბრისას ქუთაისელი ეკა გვეტაძე.

ფატმან ზაუტაშვილი კი ამბობს, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე ბინების გაქირავებით ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკონომიკური სარგებელი მიიღო, ამას გარდა, კეთილმოეწყო ამ უბანში ინფრასტრუქტურა:

“პარლამენტი რომ შენდებოდა, ძალიან უკუნეთი და ჩაბნელებული ადგილი იყო, ფანჯრებიც არ უვარგოდა შენობებს. პარლამენტარებს ბინები რომ სჭირდებოდათ, იქირავეს. გაჭირვებული ხალხისთვის ეს ხომ საშველი იყო. გახარებული ვნახე ბევრი გაჭირვებული ადამიანი. ძვირად გაქირავდა ეს ბინები,”- ამბობს ის.

მიუხედავად პარლამენტის შესახებ განსხვავებული აზრისა, ქუთაისელებს, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ, სურთ ქუთაისი კვლავ იყოს საპარლამენტო დედაქალაქი.

ქუთაისი – საუნივერსიტეტო ქალაქი

ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლისთანავე ხელისუფლებამ დაიწყო პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხზე აქტიური მსჯელობა და ქმედებები. ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომის განეიტრალების საპირწონედ შარშან ქუთაისისთვის ახალი ფუნქციური დატვირთვის მიცემაზე ალაპარკდნენ. ასე გაჩნდა საუნივერსიტეტო ქალაქის იდეა.

2016 წლის სექტემბერში “ქართულმა ოცნებამ” ქუთაისის გარეუბანში, რიონჰესის დასახლებასთან, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დააანონსა.

დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის ოქტომბერში ასეთი სურათი დაგხვდებათ იმ ადგილზე, სადაც უნივერსიტეტი უნდა აშენდეს. როგორც ადგილზე შეკრებილმა მუშებმა გვითხსეს, აკეთებენ გზას, რათა აქ მძიმე ტექნიკა შემოვიდეს და ამზადებენ ამ ტექნიკის დასადგომ ადგილსაც.

ჭაობის დაშრობა, რომლითაც ეს ტერიტორია არის გარემოცული, ჯერ არ დაწყებულა.

რიონჰესელი გიგა გოგავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს პროექტი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია რიონჰესისთვის, ქუთაისისთვის და მთლიანად რეგიონისთვის:

“ესაა საუკუნის პროექტი, მეგაპროექტი, რომლიც მნიშვნელოვანია არა მარტო ქუთაისის, მთელი რეგიონის განვითარებისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სამეცნიერო დარგი განვითარდება, მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, კერძო ტიპის სასტუმროები ძალიან კარგად იმუშავებენ და მცირე მეწარმე მოითქვამს სულს,”- გვითხრა მან.

საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას ყველა ქუთაისელი ოპტიმისტურად არ უყურებს.

“არ ვიცი, იმ ჭაობში როდის რას გააკეთებენ,”- გვეუბნება ქუთაისელი ლეილა ვაჩნაძე.

კიდევ ერთ რესპონდენტს, ვაჟა ქათამაძესაც აეჭვებს ამ უნივერსიტეტის მშენებლობის პერსპექტივები.

“უნივერსიტეტის შენობის აშენება არაფერი არაა, მერე ვინ არის მისი დამფინანსებელი, რომ თანხები იყოს და ფული მიიღოს? საეჭვოა, რომ ეს უნივერსიტეტი გახდეს ისეთი უნივერსიტეტი, როგორც ჩვენ გვინდა. აშენებით ააშენებენ, ამით არაფერი მოხდება, არც არაფერი არ შეიცვლება,”- ამბობს ის.

“ეს მორიგი ტყუილი და ბლეფი არის ხელისუფლების მხრიდან. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. რეგიონში 5 წელია არც ერთი მსხვილი ინრასტრუქტული პროექტი არ არის განხორციელებული. ამ კუთხითაც არანაირი იმედი არ გვაქვს, რომ ის ილუზორული და ბუნდოვანი იდეა საუნივერსიტეტო ქალაქის შესახებ განხროციელდება”, – ამბობს დავით გოგისვანიძე, ქუთაისის მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან.

“უნივერსიტეტის მშენებლობას რაც შეეხება, ეს მასშტაბური საუნივერსიტეტო მშენებლობა უკვე დაწყებულია. თავისთავად, უნივერსიტეტი მოიტანს როგორც პროფესურის, ისე ტექნიკური პერსონალის დასაქმებას. ამას მოჰყვება მოსახლეობის, ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა ქალაქში, რაც თავისთავად სხვადასხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებით გამოიწვევს მოთხოვნებს და ადამიანების დასაქმებას,” – ირწმუნება გიორგი ჭიღვარია, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ქუთაისში.

ჭიღვარიას თავისებური ახსნა აქვს იმაზეც, თუ რატომ აღარ არის ქუთაისი სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში და მას ამ მონაცემით ბათუმმა გაუსწრო:

“მესამე ადგილზე გადაინაცვლა ქუთაისმა იმის გამო, რომ ბათუმს შემოგარენი, სოფლები შემოუერთდა. ქუთაისშიც ასე რომ მომხდარიყო, ქუთაისი არ გადაინაცვლებდა მესამე ადგილზე”.

“ვერც საპარლამენტო ქალაქი და ვერც საუნივერსიტეტო ქალაქი სამუშაო ადგილებს ქუთაისში ნამდვილად ვერ შექმნის. ვერ გავიგე, ლექტორ-მასწავლებლები არიან ქუთაისში იმდენი დაუსაქმებელი, რომ იქ დავასაქმებთ? ლექტორ-მასწავლებლები და ეგ ფენა ინსტიტუტებში, რომლებიც მრავალად არის ქუთაისში, დასაქმებული არიან. დამლაგებლის სამუშაოს თუ შექმნის მარტო და ასეთ ელემენტარულებს, თორემ ვერავითარ საუნივერსიტეტო ქალაქს ქუთაისში ვერ დაასაქმებს. ეს არის ზღაპარი, რომელსაც ჰყვება ხელისუფლება და ნაციონალური მოძრაობა, სხვათა შორის, და ისინი, ვინც რეალობაში არ იცი, რა გადაჭრის ქუთაისში სამუშაო ადგილებს. პარლამენტი გადმოსულია 2012 წლის მერე, რამდენი ქუთაისელი დასაქმდა? ჩამოჰყვა ყველა, აპარატის თანაშმრომელი, დამლაგებელი რომ დამლაგებელია, ისიც წამოჰყვა თბილისიდან. ესეც ვერ გადაწყეტს ქუთაისში დასაქმების პრობლემას. ქუთაისში დასაქმების პრობლემას მხოლოდ და მხოლოდ გადაწყვეტს საწარმოების გახსნა, რომლებიც შექმნის პროდუქციას. ეს ქალაქი ამისთვის აშენდა ამხელა, ამ რაოდენობის რომ იყო საწარმოები, სხვანაირად იმ ხალხს ვერ დაასაქმებ,” – დარწმუნებულია გოგი წულაია, “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატი ქუთაისში.

“საპარლამენტო ქალაქის იდეა არ იყო შეჯერებული სტრატეგია. ეს არ ასახულა არც ერთ სხვა მიმართულებაში, ქალაქის ფუნქციონირებაში ამას ასახვა არ უპოვია. შესაბამისად, ამას შედეგი არ მოუტანია. რაც შეეხება საუნივერსიტეტო ქალაქს, ზოგადად, იდეა ყველას მოეწონება, მაგრამ აქაც საქმე გვაქვს არადაგეგმილ, არაორგანიზებულ საქმიანობასთან, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ აქვს სტრატეგიულ დაგეგმვასთან და გრძელვადიან გეგმებთან. თვისობრივი განახლება და არა კოსმეტიკური ცვლილებები. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ საბჭოთა კოლონიალისტური მართვის სისტემაზე. ეს არის მთავარი გამოწვევა. შენების მოძრაობას აქვს ამის სრული პოტენციალი”, – აცხადებს ალუდა გოგლიჩიძე, ქუთაისის მერობის კანდიდატი შენების მოძრაობიდან.

“პოლიტიკური დედაქალაქის სტატუსი დასაქმების პრობლემას ნამდილად ვერ მოაგვარებს, მაგრამ ეს ამისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება. ზუსტად ასევე, საუნივერსიტეტო დედაქალაქი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო ცენტრი, ვერ გადაწყვეტს დასაქმების პრობლემას, მაგრამ ესეც სერიოზული ნაბიჯი იქნება. ამას თუ მესამე კომპონენტი დაემატა, რის მტკიცებულებასაც მე აივნიდან ვუყურებ ქუთაისში, ის, რომ ოქტომბრის ბოლოა და ქალაქში ჯერ კიდევ სავსეა ყველა სასტუმრო და ტურისტები არიან, ჩვენ თუ ამ ბუნებით, გეოგრაფიით შექმნილ პირობებს გამოვიყენებთ და ქუთაისში სწრაფად გავაკეთებთ 5 ტურისტულ ცენტრს, რაც ადვილად გასაკეთებელია. თუ მთელი ბიუჯეტი ბიუროკრატიასა და კორუფციაზე არ დაიხარჯება, როგორც ახლა, მაშინ ქუთაისში დასაქმების საკითხი ნელ-ნელა დაიწყებს გადაწყვეტას”, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე, ქუთაისის მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

მისივე თქმით, ათწლეულობით დაგროვილი პრობლემებები, რომელთა შორის ზოგერთი სათავეს  კომუნისტების დროიდან იღებს, ერთი ხელის მოქნევით ვერ გადაწყდება: “მატყუარაა, ვინც ქუთაისელებს და საქართველოს მოქალაქეებს დაჰპირდებიან, რომ 4 წელიწადში ისინი ნორვეგიაში, ან შვედეთის დონის ქვეყანაში იცხოვრებენ, მაგრამ ისეთი ნახტომის გაკეთება, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა 2003-დან 2007-მდე, სრულიად რეალურია.”

საერთაშორისო აეროპორტი და ტურიზმის პერსპექტივა უწყლო ქალაქში

ქუთაისში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “ვიზეარის” შემოსვლა მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის – ენმ-ის, ამჟამად კი “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის ინიციატივას უკავშირდება.

2016 წელს ვიზეარმა ქუთაისში საკუთარი ბაზა გახსნა და დღეის მდგომარეობით, ქუთაისიდან 11 ქვეყანაში გაფრენა არის შესაძლებელი.

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი

დაბალბიუჯეტიანი ფრენების გააქტიურებამ ქუთაისში 2016 და 2017 წლებში ტურიზმის მკვეთრი მატება გამოიწვია და ამაზე ციფრებიც მეტყველებს.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ქუთაისს 9 503 ტურისტი ეწვია. ყველაზე დატვირთული თვე აგვისტო იყო 2 254 ტურისტით, რაც 2016 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 742-ით აღემატება. ეს სტატისტიკა მხოლოდ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში დაფიქსირებულ მაჩვენებელს ასახავს.

“საიდანაც არის ქუთაისში პირდაპირი ფრენები, იმ ქვეყნიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა ცალსახად იზრდება” – გვეუბნება ცენტრის წარმომადგენელი, ტატო ლილუაშვილი. სტატისტიკის მიხედვით, ქუთაისში ლიდერობენ პოლინეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, ლიტვიდან შემოსული ტურისტები.

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკა

ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის სტატისტიკა

პირდაპირი ფრენების დანიშვნამ ხელი შეუწყო სასტუმრო ბიზნესის განვითარებასაც. ქუთაისში მდებარე სასტუმრო “გორას” მეპატრონე შალვა ბობოხიძე გვიყვება, რომ 2005 წელს, როდესაც ეს ბიზნესი დაიწყო, მხოლოდ 6 ნომერი ჰონდა, ახლა კი  60-მდე ნომერი აქვს და 120 სტუმრის ერთდროულად მიღება შეუძლია.

“ჩემთან გაიზარდა და სხვებთანაც გაიზარდა იმიტომ, რომ როცა დატვირთული ვარ ბოლომდე, სტუმრები არ მეტევა და მინდა ვინმესთან დავაწვინო, ძალიან იშვიათად ვპოულობ სასტუმროს, რომელიც თავისუფალია. ეს ხდება გადატვირთულ დღეებში, ყოველდღე არ არის ასე, რა თქმა უნდა. გავადიდე სასტუმრო, თითქმის 60 ნომერი მაქვს და განსაკუთრებით წელს თითქმის 70% დატვირთული მქონდა. ეს არ არის ცოტა ციფრი,”- განაცხადა შალვა ბობოხიძემ.

შალვა ბობოხიძეს, ისევე, როგორც ბევრ ქუთაისელს, უწყვეტი წყალმომარაგების პრობლემა აქვს. ბობოხიძემ გვითხრა, რომ მას უწევს, წყალი მრავალტონიან ბაკებში მოიმარაგოს იმისთვის, რომ სტუმრების ღირსეულად დახვედრა შეძლოს.

 

ქუთაისში ბევრი სახლის სახურავზე შენიშნავთ ასეთ, თეთრი და ლურჯი ფერის 1-2 ტონიან ბაკებს. მოსახლეობას, ვისაც წყალი გრაფიკით მიეწოდება, წყალს აქ იმარაგებს და შემდეგ დღის განმავლობაში იყენებს.

წყლის ბაკები ქუთაისში კორპუსის სახურავებზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

წყლის ბაკები ქუთაისში კორპუსის სახურავებზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“ულამაზოა, ქალაქს რომ გადმოხედავ, სავსეა ბაკებით.  საქართველო წყალს მიაქვს და საქართველოში რომ წყალი არ იქნება 24 საათი, გეწყინება, აბა, რას იზამ. წყლის ბინაში მოყვანა არის პრობლემა,”- გვეუბნება ქუთაისელი ვაჟა ქათამაძე.

ფატმან ზაუტაშვილი კი ამბობს, რომ წყლის ბაკებში შენახვა საფრთხესაც შეიცავს:

“ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა, ბაკი რომ გასკდა და ჩამოვიდა ზემოდან წყალი, გაფუჭდა და ოჯახები ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო,”- განაცხადა მან.

წყლის ბაკები ქუთაისში კორპუსის სახურავებზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

წყლის ბაკები ქუთაისში კორპუსის სახურავებზე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისლებს ჰპირდება, რომ ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება 2018 წლის მეორე ნახევარში ექნებათ. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ქუთაისის მხოლოდ 25%-ს აქვს უწყვეტი წყალმომარაგება.

კომპანიის დირექტორის მოადგილის, ზაზა სიხარულიძის თქმით, ამჟამად რეაბილიტაციის მეორე ფაზა მიმდინარეობს, რისთვისაც 80 მილიონი ლარია გამოყოფილი. პირველი ფაზის სამუშაოებში კი 26 მილიონი დაიხარჯა. ამ თანხების წყარო  ძირითადად აზიის განვითარების ბანკია.

გიორგი ჭიღვარია, ქუთაისის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან ასევე ადასტურებს, რომ 2018 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს პროექტის განხორციელება:

“ჩვენ, თვითმმართველობას მაქსიმალური კონტროლის ქვეშ გვეყოლება, რომ 2018 წლის ზაფხულში გაკეთდეს და მე მჯერა ამის, რომ 2018 წლის ზაფხულში დასრულდება. 2006 წელს, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ დააანონსა, რომ 2007-ში იწყებოდა ქუთაისის წყალმომარაგება, შემდეგ 2009-ში იწყებოდა, შემდეგ 2012-ში იწყებოდა. ეს წლები გავიდა ისე, რომ ქუთაისს არ ჰქონია 24-საათიანი წყალმომარაგება, “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ ეს ფაზები ამუშავდა რეალურად, 25%-ს აქვს დღეს, დანარჩენს იმიტომ არ აქვს, რომ მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები”.

დავით გოგისვანიძე, ქუთაისის მერობის კანდიდატი ევროპული საქართველოდან, გვიყვება, რომ ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და 2013 წელს უნდა დასრულებულიყო.

“2017 წელია და, სამწუხაროდ, პოლიტიკური ნება არ არსებობს. ცენტრალური ხელისუსლებაც და ადგილობრივიც ძიებაში არის, თუ რომელი კონტრაქტორი ნახონ, რათა  მეტი ე.წ. ატკატი დაიტოვონ თავიანთი ჯიბეებისათვის. ამ პირობებში ხელისუფლების ცვლილება აუცილებელია მხოლოდ იმიტომ, რომ ქალაქის წყლის პრობლემა მწვავედ დგას. ჩვენ ამას შევძლებთ გამარჯვების შემთხვევაში და თვითმმართველობა იქნება თავის სიმაღლეზე. განვახორციელებთ ძალიან მკაცრს მონიტორიგნს ვადებზე, თანხების გამოყოფაზე და ა.შ. ვაიძულებთ კომპანიებს, რომ დროზე და ხარისხიანად შეასრულონ პროექტი”.

გრიგოლ ვაშაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ქუთაისში მიიჩნევს, რომ ქუთაისის 24-საათიანი წყლით მომარაგებისთვის გამოყოფილი თანხები თვითმმართველობის განკარგულებაში უნდა იყოს და  თვითმმართველობამ უნდა აირჩიოს კონტრაქტორი და გააკონტროლოს შესრულებული სამუშაოები:

“იმიტომ, რომ თბილისში მინისტრს ჰგონია, მასთან რომ 24 საათი მოდის წყალი, ასევეა ქუთაისში. გენერალური გეგმის გარეშე ქუთაისის ინფრაქტრუქტურას არაფერი ეშველება და ის უნდა იყოს შემუშავებული ქალაქში მცხოვრები სპეციალისტების და დასავლელი ექსპერტების მონაწილეობით. ის კომპლექსურად უნდა მოიცავდეს იმ საკითხებს, რომელიც ეხება 24-საათიან წყალმომარაგებას, კანალიზაციას, სანიაღვრე სისტემებს. გეგმა შეთანხმებული უნდა იყოს ყველა პოლიტიკურ ძალას შორის იმისათვის, რომ ხელისუფლების შეცვლით კიდევ არ დაიწყოს ამ გეგმის ცვლილებები და ქალაქის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო დაზიანება”

კითხვაზე, თუ როდის შეიძლება ამის მიღწევა, ვაშაძე ამბობს, რომ ამაზე პასუხის გაცემას დახარჯული სახსრების ნახვის შემდეგ შეძლებს:

“ვინც მაგ შეკითხვაზე პასუხს გაგცემთ, არის აბსოლუტური ცრუპენტელა. სანამ არ მექნება შესაძლებელობა, ვნახო, რა სახსრებია დახარჯული და რა შედებია ამ სახსრების დახარჯვით მიღებული, იქამდე ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. მე არ ვარ ირაკლი ღარიბაშილი, რომელიც 2013 წელს ჰპირდებოდა ქუთაისელებს, რომ მათ 2017-ში 24-საათანი წყალმომარაგება ექნებოდათ.”

გოგი წულაია, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს მერობის კანდიდატი ქუთაისში ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, მერობის შემთხვევაში რა ვადაში შეძლებს ქუთაისელების 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას:

“ამაზე პირდაპირი და მოკლე პასუხი ნამდვილად არ იარსებებს. ტყუილი რომ ვთქვა, რამდენ ხანში იქნება. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 85 მილიონი დახარჯეს ქუთაისში და არის ხელახლა გასაკეთებელი. რა დონის ხელახალი სამუშაოებია ჩასატარებელი  – ამ ციფრებს, მერი რომ ვიქნები, უკეთესად მოვიპოვებ და იმის მიხედვით შემეძლება მოსახლეობას დავპირდე, როდის იქნება 24-საათიანი წყალი. ტყუილი გამომივა, რომ ვთქვა, რომ 2018-ში იქნება წყალი, იტყუება ყველა, ვინც ამბობს, რომ 2018-ში ქუთაისში 24-საათიანი წყალი იქნება. მე ამას ქუთაისს არ ვაკადრებ”.

ალუდა გოგლიჩიძე, ქუთაისის მერობის კანდიდატი შენების მოძრაობიდან ამბობს, რომ ვერც ერთი მერობის კანდიდატი ვერ იტყვის, თუ რამდენ ხანში იქნება 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემა ქუთაისში:

“იმიტომ, რომ ამ მომენტისთვის თვითმმართველობის კომპეტენცია არ არის. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ წყლის რესურსების მართვის სისტემა შეიცვალოს და ქალაქმა თავად განკარგოს ეს  თემა. მეორე, რაც შემიძლია დავადასტურო და ვთქვა, რომ მე ყველაფერს გავაკეთებ. როგორც მოგეხსენებათ, საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტია და ყველაფერი წავიდეს პროექტის მიხედვით და შეფერხება არ ჰქონდეს ამ პროექტს. სხვა მოკლე გზა ამ მიმართულებით არ არსებობს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი