ახალი ამბები

ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს – იან კელი მარნეულში მომხდარ ინციდენტზე

20 ოქტომბერი, 2017 • 1336
ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს – იან კელი მარნეულში მომხდარ ინციდენტზე

“დემოკრატიულ გარემოში ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით- არჩევნების პერიოდში”, – ეს განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ მარნეულში მომხდარ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიჭრა.

“ეს საშინელი ინციდენტია. ჩვენ პროცესებს მონიტორინგს გავუწევთ. შსს-თან მჭიდრო კავშირი გვაქვს. რაც შეეხება არჩევნებს, ვფიქრობ, ატმოსფერო ძალიან კარგია. ყველა მოქალაქის ინტერესებშია, არჩევნები დემოკრატიულ გარმეოში ჩატარდეს. სამწუხაროა, რომ ძალადობას აქვს ადგილი”, – განაცხადა იან კელიმ.

სოფელ ყიზილაჯლოში, “ქართული ოცნების” ოფისთან თავდასხმა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” პარტიაში დაუდასტურეს. როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი.

მათ შორისაა, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი მარნეულში  ჯეიხუნ ჩოიდაროვი.როგორც “ქართული ოცნების” პრესსამსახურში აცხადებენ, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.მარნეულში გაემგზავრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი