ახალი ამბები

IDFI: თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას საჭიროებს

20 ოქტომბერი, 2017 • 3472
IDFI: თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას საჭიროებს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გამოაქვეყნა, რომელიც 2011-2016 წლებში მერიის სისტემისა და საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯების მიმოხილვას ასახავს. ორგანიზაციის განცხადებით, თბილისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული 2011-2016 წლების მონაცემების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვან ოპტიმიზაციას საჭიროებს.

IDFI-ის ინფორმაციით, წლების განმავლობაში თბილისის მუნიციპალურ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობის მატების ტენდენციები ფიქსირდება. შედეგად, როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, 2016 წლის მდგომარეობით თბილისის მერიასა და საკრებულოში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 8 000 თანამშრომელს ითვლის:

“კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი ვერ ჩაითვლება ბიუროკრატიული აპარატის იმ ოპტიმალურ ზომად, რაც საკმარისია მუნიციპალიტეტის სტრატეგიული მიზნების ეფექტიანი შესრულებისათვის.”

ორგანიზაციის განცხადებით, 2011-2016 წლებში თბილისის მერიის და საკრებულოს მიერ ადმინისტრაციული ხარჯების ანალიზი აჩენს კითხვებს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით.

“მიუხედავად იმისა, რომ 2015-2016 წლებში შეინიშნება კონკრეტული ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის ტენდენციები (2013-2014 წლებთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია პრემიებისა და დანამატების საერთო ხარჯი, მინიმუმამდეა დაყვანილი ავტოპარკის განახლების ხარჯები, შემცირებულია საწვავის მოხმარების ხარჯი),” – აცხადებს IDFI.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სისტემის ბიუროკრატიული აპარატის ზომა და მის უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად აჭარბებს.

ძირითადი მიგნებები

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიზის მიხედვით, 2016 წლის მდგომარეობით თბილისის მერიასა და საკრებულოში, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 8 000 თანამშრომელს ითვლის, ხოლო 2011-2016 წლებში თბილისის მერიაში (ადმინისტრაცია და საქალაქო სამსახურები) დასაქმებული თანამშრომლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2016 წელს დაფიქსირდა – 1198 საშტატო და 80 შტატგარეშე თანამშრომელი.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ თბილისის მერიაში დასაქმებულ თანამშრომელთა მკვეთრი მატება უმეტესწილად განაპირობა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის შექმნამ, სადაც 2016 წლის მდგომარეობით დასაქმებულია დაახლოებით 480 თანამშრომელი. 7 რაიონული გამგეობიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, როგორც IDFI-ს აცხადებს, 2013 წლის მდგომარეობით დასაქმებული იყო 524 თანამშრომელი, ხოლო 2015 წლის მდგომარეობით – 641 თანამშრომელი.

კვლევის მიხედვით, 2016 წლის ივლისის მდგომარეობით თბილისის მერიის დაფუძნებულ 7 სსიპ-ში დასაქმებული იყო 2144 თანამშრომელი, ხოლო 79 არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირში – 3 684 თანამშრომელი. 2011 წლის მდგომარეობით, თბილისის საკრებულოს აპარატში დასაქმებული იყო 171 საშტატო და არც ერთი შტატგარეშე თანამშრომელი, ხოლო 2016 წლის მდგომარეობით – 247 საშტატო და 69 შტატგარეშე თანამშრომელი.

IDFI-ს ანალიზის მიხედვით, 2011-2016 წლებში თბილისის მერიაში და რაიონულ გამგეობებში დასაქმებული საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს ფიქსირდება- 41 მილიონი ლარი. ეს მაჩვენებელი 2014 წელს 40 მილიონ ლარამდე, ხოლო 2015 წელს 35,6 მილიონ ლარამდე შემცირდა. მათი ინფორმაციით, 2016 წელს წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2 მილიონი ლარით გაიზარდა და 37,4 მილიონი ლარი შეადგინა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, 2013-2014 წლებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით შედგენის მეთოდოლოგიის დარღვევით ადმინისტრაციის ასიგნებებიდან პრემიები ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად გაცემულია თბილისის მერიის სხვა საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების თანამშრომლებზეც.

ორგანიზაციის კვლევით, თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება – 8,2 მილიონი ლარი, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს დაახლოებით 4 მილიონ ლარს, ხოლო პრემია- 4,2 მილიონ ლარს. 2015 წელს საკრებულოში პრემიები გარკვეულწილად ჩაანაცვლა სახელფასო დანამატებმა – IDFI-ის ინფორმაციით, პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით სულ გაცემულია 2,8 მილიონი ლარი, ხოლო 2016 წელს – 3 მილიონი ლარი.

კვლევის მიხედვით, 2011 წლის შემდეგ საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისგან განსხვავებით თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იმატებს შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ცნობით, ეს რიცხვი 2016 წელს 2011 წელთან შედარებით დაახლოებით 4,5 -ჯერ არის გაზრდილი.

IDFI-ის კვლევის მიხედვით, 2017 წლის ივნისის მდგომარეობით თბილისის მერიის ბალანსზე ირიცხება 289 ავტომობილი, ხოლო თბილისის საკრებულოს ბალანსზე – 35 ავტომობილი. ამავე კვლევით თბილისის მერიის ავტომობილებს შორის ექსპლუატაციაში მიღების თარიღად 2014 წლის შემდეგ პერიოდი მითითებულია 31 ავტომობილის შემთხვევაში. თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2014 წლის შემდეგ ავტოპარკის განახლებაზე ხარჯები არ გაწეულა. ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის შემდეგ- როგორც მერიის, ასევე საკრებულოს შემთხევაში- საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევით, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლობითი ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წელს ფიქსირდება- 140,4 ათასი ლარი. როგორც IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში ვკითხულობთ, 2016 წლის მდგომარეობით, მსგავსი ხარჯები შეადგენს 42,1 ათას ლარს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებით, კვლევის განხორციელებას მნიშვნელოვნად აფერხებდა თბილისის მერიის სისტემიდან სხვადასხვა საკითხებზე მოწოდებული არასრულყოფილი და არაკლასიფიცირებული მონაცემები. შედეგად, როგორც IDFI აცხადებს, გარკვეულ საკითხებზე კონკრეტული წლის მონაცემები დეტალურად ვერ შეისწავლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი