აფხაზეთის საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს კვლავ მიმართავს გაწევრიანების თხოვნით

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯუმა კვარაცხელიამ აფხაზურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ აფხაზეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები FIFA-ს [ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია] წევრობისთვის იბრძოლებს.

მისივე განცხადებით, FIFA -ს წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ConIFA-ს [FIFA-ს მიერ არაღიარებული საფეხბურთო ნაკრებების ფედერაცია] ფარგლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩემპიონატის დროს აფხაზეთის საფეხბურთო ინფრასტრუქტურა შეეფასებინათ.

“FIFA-ს ოთხი წარმომადგენელი იმყოფებოდა ჩვენთან. ორგანიზაციაში გაწევრიანება გრძელი გზაა, თუმცა, ვფიქრობ, ეს საკითხი მათ მიერ მომავალში შემუშავდება. კოსოვოს ნაკრები მიიღეს და მგონია, რომ ჩვენი საკითხიც დადებითად გადაწყდება”.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საფეხბურთო ფედერაციამ არაერთხელ მიმართა FIFA-ს ორგანიზაციაში აფხაზეთის ნაკრების მიღების შესაძლებლობის განსახილველად.

“FIFA-ში აფხაზეთის გაწევრიანების წინააღმდეგი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებია, რომელიც ამ საკითხს მუდმივად უწევს წინააღმდეგობას. ჩვენ ცალკეული დამოუკიდებელი რესპუბლიკა ვართ და ვალდებული ვართ მივმართოთ მათ და მუდმივად შევახსენოთ თავი. FIFA-სთან მოლაპარაკებებში ჩართულია ConIFA-ს ვიცეპრეზიდენტი დიმიტრი ფაღავა, რომელთანაც მუდმივი კავშირი გვაქვს”, – აცხადებს დე ფაქტო რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯუმა კვარაცხელია.

სოხუმის სტადიონი; 2016. ფოტო: ნეტგაზეთი

სოხუმის სტადიონი; 2016. ფოტო: ნეტგაზეთი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი