ახალი ამბები

პრეზიდენტმა კონსტიტუციას ხელი მოაწერა

19 ოქტომბერი, 2017 • 2303
პრეზიდენტმა კონსტიტუციას ხელი მოაწერა

დღეს, 19 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს ხელი მოაწერა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, ეს არის ერთპარტიული კონსტიტუცია, იგი მაინც მოაწერს ხელს ამ დოკუმენტს, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო დესტაბილიზაცია.

“პირველივე დღიდან ნათელი იყო, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული კონსტიტუციის მისაღებად ემზადებოდა. სწორედ ამიტომ, მე ვიყავი პირველი, რომელიც ერთპარტიული კონსტიტუციის მიღების პერსპექტივაზე ვსაუბრობდი და შესაბამისად ვდგამდი ნაბიჯებს. მე და ჩემი გუნდი მთელი წლის განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ვაფიქსირებდით მარტივ ჭეშმარიტებას, რომ კონსტიტუცია ყველასია და ვცდილობდით, რომ ქვეყანას მიეღო თანხმობაზე დაფუძნებული დოკუმენტი. ბოლოს ამ მიზნით გამოვიყენე ვეტოს უფლებაც. სამწუხაროდ, ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, “ქართული ოცნება” ვერ გასცდა იმ ტრადიციას, რომელიც ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებდა ხოლმე საქართველოში. პარლამენტმა მიიღო ის, რაც აქამდეც მომხდარა- ერთპარტიული კონსტიტუცია. ამიტომ უაღრესად ძნელია ამ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, გამომდინარე იქიდან, რომ მინდა ყველანაირი ნაბიჯი გადავდგათ, რომ თავიდან აცილებული იყოს შესაძლო დესტაბილიზაციის მიზეზები, მე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და კონსტიტუციის გარანტი, ხელს ვაწერ ამ დოკუმენტს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მთელ ამ პროცესში სურდა ევროპული სტანდარტის დამკვიდრება, სტანდარტისა, რომელიც ბუნებრივია ქართული საზოგადოებისთვის.

“იყო მეორე სტანდარტიც, ქართული ოცნებისა, რომლისთვისაც გადაულახავ სიმაღლედ იქცა ის, როგორც იქცეოდნენ წინა ხელისუფლებები. ჩემი დღევანდელი ნაბიჯი მინდა განხილულ იქნას, როგორც მაგალითი იმისა, რომ ამ უფრო მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, შესაძლოა პოლიტიკოსმა არ გამოიყენოს ყველა ბერკეტი სახელმწიფოებრივი იდეალებიდან და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

13 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა “მოტივირებული შენიშვნები” და კონსტიტუციაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი