ახალი ამბები

ფაროსანა, უმუშევრობა, დევნილები – ზუგდიდის ძირითადი გამოწვები საარჩევნოდ

19 ოქტომბერი, 2017 • 3020
ფაროსანა, უმუშევრობა, დევნილები – ზუგდიდის ძირითადი გამოწვები საარჩევნოდ

წელს ზუგდიდში მოსახლეობას ყველაზე მეტად აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. წინასაარჩევნოდაც მთავარი საკითხი სწორედ ამ მავნებელთან ბრძოლას ეხება. თუმცა კვლავაც აქტუალური რჩება ტრადიციული პრობლემები, დევნილთა გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და უმუშევრობა.

აზიური ფაროსანა – განადგურებული მოსავალი

განმუხურის მკვიდრი, გურიელი ჭაპანაძე გვეუბნება, რომ თხილის მოსავალი, რომელიც მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო, არავის აუღია:

“ყველაფერი გაანადგურა, კაპიკის საშუალება არ აქვს ხალხს. განმუხურში საერთოდ არ არის არაფერი. ახლა არ ვიცი, ხალხს რითი უდგას სული. ერთ თვეში, ორ თვეში უკვე პურის ფული აღარ იქნება,”- გვითხრა მან.

აზიური ფაროსანა ანაკლიაში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

აზიური ფაროსანა ანაკლიაში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ანაკლიის ცენტრში მდებარე მაღაზიის მეპატრონე ბელა ხუბუა ამბობს, რომ მის დას, რომელიც რამდენიმე ტონა თხილის მოსავალს ელოდა, ერთი გრამიც არ მიუღია. ასევე, ფაროსანამ დააზიანა სიმინდის, კიტრისა და პომიდვრის მოსავალიც.

ანაკლიაში მცხოვრები 78 წლის ნოდარ ბოკუჩავა ნეტგაზეთს უყვება, თუ როგორ გაანადგურა მისი მოსავლის დიდი ნაწილი აზიურმა ფაროსანამ.

“კილოგრამი არ მომიკრეფია წელს, ერთი კილო არ ამიღია. ამან გააფუჭა ყველაფერი. ყურძენი არ ვარგა, ლეღვი კარგი იყო, მანდარინი, კარალიოკი არ ვარგა, მსხალი არ ვარგა,” – გვეუბნება ის.

ანაკლიელი ნოდარ ბოკუჩავა თავის ეზოში გაფუჭებულ მანდარინს გვაჩვენებს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ნოდარ ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლებამ 2 თვეა დაარიგა სპეციალური შესაწამლი სითხე და იცის გამოყენების წესიც, თუმცა თავად არ შეუძლია მისი გამოყენება. ადამიანს კი, ვინც უნდა დაიქირავოს შესაწამლად, 30 ლარი უნდა გადაუხადოს, რისი საშუალებაც არ აქვს, ამიტომ წამალი გამოუყენებელი დარჩა.

“ფული უნდა მივცე კაცს, რომ მომიწამლოს. მე არ შემიძლია. [გამოყენების წესი] ვიცი, მაგრამ მე არ შემიძლია, მოხუცი ვარ,”- გვეუბნება ის.

ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი, ლევან კონჯარია ამბობს, რომ მომავალი წლის თებერვლიდან შეწამვლები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, ხოლო დაზარალებულებს – კომპენსაცია უნდა დაურიგდეთ

“უნდა მოინდომოს ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთად. გაფრთხილებული უნდა იყოს თითოეული მოსახლე, როდესაც დაიწყებენ წამლობას. უნდა დაიწყოს თებერვლიდან, ორ-სამკომპონენტიანი წამლით როდესაც შეიწამლება, პრობლემა არ იქნება, აზიური ფაროსანას არეალი შემცირდება და ხალხს საშუალება ექნება, მოიყვანოს თავისი სოფლის მეურნეობის პროდუქტი. უნდა შეიწამლოს ყოველთვე, თვეში ორჯერ. კომპლექსურად უნდა მოხდეს შეწამვლა და აუცილებლად. მომავალ წელს, 2019-მდე, 20%-მდე როცა იქნება დარჩენილი, იმას უფრო ადვილად მოუვლის ადამიანი და ხელისუფლება. ყველა დაზარალებულს უნდა მიეცეს კომპანსაცია, ეს არის ჭირი, სტიქია, რაც მოხდა სამეგრელოსა და ზუგდიდში.”

ზუგდიდში ქალი ხილს ჰყიდის. მის უკან "ევროპული საქართველოს" პლაკატებია გაკრული. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ზუგდიდში ქალი ხილს ჰყიდის. მის უკან “ევროპული საქართველოს” პლაკატებია გაკრული. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“ქართული ოცნების” კანდიდატი ლაშა გოგია გვეუბნება, რომ ფაროსანასთან ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ბოლო მავნებელს არ გაანადგურებენ:

“ადგილობრივი თვითმმართველობა არის ორგანო, რომელიც ზუსტად ასრულებს ფიზიკურად ამ დავალებებს თუ სხვა სახის ინფორმაციების გავრცელებას. ეს პროგრამა მთავრობის მიერ გაგრძელდება, სანამ ბოლო ფაროსანას არ გავანადგურებთ. ამას სისტემური ხასიათი აქვს და დროში არის გათვლილი, სეზონის მიხედვით, გაზაფხულზე სხვა სახის სამუშაოებია შესასრულებელი, ზაფხულზე სხვა სახის, შემოდგომით – სხვა და ზამთარში – სხვა.”

მისივე განცხადებით, დაზარალებულების დახმარების საკითხზე ის ვერ ისაუბრებს:

“ ამ საკითხზე მე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს არ არის ჩემი პრეროგატივა და ჩემი გადასაწყვეტი. ჩვენ ყველანაირად, ყველა ინფორმაცია გვაქვს გადაცემული მთავრობისთვის და კონკრეტულ გადაწყეტილებებს ველოდებით,”- განაცხადა მან.

"ქართული ოცნების" და "ევროპული საქართველოს" კანდიდატების ბილბორდები ზუგდიდში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“ქართული ოცნების” და “ევროპული საქართველოს” კანდიდატების ბილბორდები ზუგდიდში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“ევროპული საქართველოს” კანდიდატი ლელა ქებურია გვეუბნება, რომ როდესაც პრობლემა გაჩნდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადეკვატურად ვერ იმოქმედა.

“ადგილობრივი ხელისუფლება არ აწვდის ზუსტ ინფორმაციას იმ ზარალზე, რა ზარალიც ნამდვილად მიადგა ზუგდიდის მოსახლეობას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება კოპენსაციაზე არ საუბრობს, მე ვეთანხმები, ზოგიერთ შემთხვევაში, იმას, რომ კომპენსაცია არ უნდა იქნეს გაცემული და ყოველ ჯერზე ხელისუფლება არ უნდა კვებავდეს სოფლის მეურნეობას. როდესაც ფაროსანა, რომელიც ფაქტობრივად, სტიქიური უბედურებაა, რომელმაც დააზარალა სოფლის მოსახლეობა, ამ დროს ზუგდიდის ხელისუფლება სწორ ინფორმაციას არ აწვდის ცენტრალურ ხელისუფლებას და ხელისუფლება თავის მხრივ ამ ადამაინებს არ აქცევს ყურადღებას”.

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გამოიძიონ და დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ფაროსანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო, რადგანაც, შეწამვლა არაეფექტური იყო:

“მომხრე ვარ, რომ გამოვიძიოთ, ივნისსა და ივლისში რა წამლით იყო შეწამლული ფაროსანა, ვინ მოაწერა ხელი, რომელმა ექსპერტმა, რვა კაცია, როგორც მე ვიცი, ეს უნდა გამოვიძიოთ და ის ხალხი უნდა დაისაჯოს, ვინც ეს რეკომენდაცია გასწია. პირელ რიგში ის, ვისაც დღესაც ევალება ეს, ვინც დამნაშავეა ამაში, აიღონ თავის თავზე და გადაუხადონ ადამიანებს”.

იმედგაცრუება და სიღარიბე – დევნილები ზუგდიდში

ქალაქ ზუგდიდის მახლობლად, გარეუბანში, დევნილების ერთ-ერთ კომპაქტურ დასახლებას, სადაც 100-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, “ვექტორს” ეძახიან.

"ვექტორის" ტერიტორია ქალაქ ზუგდიდის შემოგარენში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“ვექტორის” ტერიტორია ქალაქ ზუგდიდის შემოგარენში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

კორპუსები, სადაც დევნილები არიან შესახლებული, ავარიულია, გაუმართავია კანალიზაცია, წყალი მხოლოდ დილის საათებში მოდის, ბევრ ოთახში წყალი ჩამოდის. ოთახების უმეტესობაში ფანჯრები ჩამტვრეულია და ამბობენ, რომ როდესაც ზამთარში შეშის ღუმელს ანთებენ, სახლშიც ისე ცივა, როგორც გარეთ.

დერეფანი ერთ-ერთ ავარიულ კორპუსში, სადაც წყალი წვეთავს, გვერდით კი სარეცხი შრება. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

დერეფანი ერთ-ერთ ავარიულ კორპუსში, სადაც წყალი წვეთავს, გვერდით კი სარეცხი შრება. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

24 წლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა, ერთ-ერთ ასეთ კორპუსში ცხოვრობს. მის ოთახში ჭერი სანახევროდ ჩამონგრეულია.

“შუათანას გულის თანდაყოლილი მანკი აქვს, აქ ვზრდი, საშინელ პირობებში. ასეთი პირობები არ შეიძლება ბავშვისთვის, მაგრამ რა ვქნა, წასასვლელელი არსად მაქვს,”- გვეუბნება ის.

სანახევროდ ჩამონგრეული ჭერი და ხის კედელი, რომელიც დერეფნისგან ჰყოფს საცხოვრებელ ოთახს. როგორც ოთახის მეპატრონე გვეუბნება, ზამთარში ქარმა საერთოდ ჩამოანგრია ეს კედელი. ამ ოთახში დედა, მამა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

სანახევროდ ჩამონგრეული ჭერი და ხის კედელი, რომელიც დერეფნისგან ჰყოფს საცხოვრებელ ოთახს. როგორც ოთახის მეპატრონე გვეუბნება, ზამთარში ქარმა საერთოდ ჩამოანგრია ეს კედელი. ამ ოთახში დედა, მამა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

როგორც ახალგაზრდა დედა გვეუბნება, სამშვილიანი ოჯახის ერთადერთი მუდმივი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რადგანაც, არც თვითონ მუშაობს და არც თავისი ქმარი. როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ამ დასახლებაში მუდმივი და სტაბილური შემოსავალი, თუ სოციალურ დახმარებას არ ჩავთვლით, არავის აქვს.

ახალგაზრდა ქალი "ვექტორის" დასახლებაში მცირეწლოვან შვილთან ერთად. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ახალგაზრდა ქალი “ვექტორის” დასახლებაში მცირეწლოვან შვილთან ერთად. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

კიდევ ერთი ქალი, რომელსაც 3 წლის შვილი ჰყავს და არ სურს ვინაობის დასახელება, მეგზურობას გვიწევს და გვაჩვენებს ერთადერთ, ეზოში აშენებულ ფიცრულ საპირფარეშოს, რომლითაც მთელი “ვექტორის” დასახლება სარგებლობს. აქაურების თქმით, შენობაში კანალიზაცია არ არის.

"ვექტორის" დასახლების ერთადერთი საპირფარეშო. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“ვექტორის” დასახლების ერთადერთი საპირფარეშო. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

გაუსაძლის სიღარიბეზე საუბრობს ჩვილი ტყუპების დედა, რომელიც 20 წელზე მეტია, ამავე დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობს. ის გვეუბნება, რომ ხანდახან საჭმელიც არ აქვთ და ისიც არ იციან, ზამთარში შეშა ექნებათ თუ არა:

“ტანსაცმელს არაფერს ვყიდულობთ, მთლიანად ბავშვებზე ვართ, საჭმელი რაც გვექნება, იმას შევჭამთ, თუ არ გვექნება, რაც გვეყნება, ის არის. შვიდ სულზე სამყოფი არ არის, მინიმალური საჭმელი გინდა, რომ დადიხარ, ფეხსაცმელი გინდა, შეშაზე ჯერ არ მივსულვარ და არ ვიცი, გვექნება თუ არა. შეშას მთავრობა გვაძლევს… შარშან შეშა “ოცნებამ” მოგვიტანა, არჩევნებამდე…”- გვეუბნება ტყუპების დედა.

საქანელა "ვექტორის" დასახლებაში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

საქანელა “ვექტორის” დასახლებაში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ასევე აფხაზეთიდან დევნილი სერგო ხურცილავა, რომელიც ცოლთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ერთ პატარა, დაახლოებით 10 კვ.მ ფართობის, ნესტიან ოთახში ცხოვრობს, გვეუბნება, რომ არ აქვს მუდმივი შემოსავალი და ოჯახის სარჩენად ადგილობრივ სამუშაოებზე მუშაობს.

სერგო ხურცილავა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

სერგო ხურცილავა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“მარტო ჩემი იმედი მაქვს, მეტი არავის,” – გვიპასუხა მან, როდესაც ვკითხეთ, რას ფიქრობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და თუ აქვს რომელიმე კანდიდატის იმედი.

გაბრაზებული და იმედგაცრუებულია 20 წლის მარიანა ბულისკერია,”ვექტორის” ერთ-ერთი ბინადარი. იგი ამბობს, რომ ხელისუფლება დანაპირებს არ ასრულებს და მათი მდგომარეობა არ უმჯობესდება.

“ჩვენ ხალხად არ გვთვლის ეს მთავრობა. ბევრ რაღაცას მეც ვიოცნებებ, მთავარია, ავიხდენ თუ არა. საშუალება თუ არ მაქვს, ვერ ავიხდენ, ზუსტად ოცნებად და მოგონებად დარჩება.  მოდიან, სურათს იღებენ, მეტალოპლასტმასს გაგიკეთებთო, ჩემი ფანჯარა შეიძლება ახლა ჩამოვარდეს და მეც იქით გადავყვე. კიდევ მოდიან და ხმას ითხოვენ,”- ამბობს ის.

ერთ-ერთი ოთახის ფანჯარა "ვექტორის" დასახლებაში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ერთ-ერთი ოთახის ფანჯარა “ვექტორის” დასახლებაში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ზუგდიდში 47 551 დევნილია (14 371 ოჯახი). ლტოლვილთა სამინისტრო მათთვის ბინებს აშენებს. 2017 წელს ბინა 144 ოჯახს გადასცეს, ასევე, განაცხადეს, რომ შენდება კიდევ ოთხი 12-სართულიანი კორპუსი, სადაც 240 ოჯახი გადავა საცხოვრებლად და ბინების მიღების მოთხვნით განცხადებების მიღება უკვე დაწყებულია. სამინისტრო ახორციელებს დევნილებისთვის სოფლად სახლების შესყიდვის პროგრამასაც.

იმ დევნილებისთვის, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, გაუგებარია, თუ როდის შეიძლება გადაეცეთ მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და ამბობენ, რომ გაურკვევლობაში არიან. ასევე, უკმაყოფილო არიან იმითაც, რომ ხშირად ინფორმაციას ვერ იღებენ და წერილებზე პასუხს არ სცემენ.

"ვექტორის" დასახლება, ერთ-ერთი კორპუსი, სადაც 10-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

“ვექტორის” დასახლება, ერთ-ერთი კორპუსი, სადაც 10-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ნეტგაზეთმა ზუგდიდის მერობის კანდიდატებს ჰკითხა, რა გეგმა აქვთ მათ და როგორი შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის როლი დევნილთა საკითხების მოსაგვარებლად (სანახავად დააწკაპეთ კონკრეტული კანდიდატის სახელს):

[tabs tab1=”ლელა ქებურია” tab2=”დომენტი სიჭინავა” tab3=”ლაშა გოგია” tab4= “ლევან კონჯარია”]

[tab id=1]

“ევროპული საქართველოს” კანდიდატი, ლელა ქებურია ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს თვითმმართველობის როლი დევნილების ბინებით ეფექტურად დაკმაყოფილების პროცესში:

“მუნიციპალურ ქონებაში შესახლებულ დევნილებზე თვითმმართველობა სამინისტროსთან შევიდეს წერილით და მოითხოვოს მათი ბინით დაკმაყოფილება. ადგილობრივ ხელისუფლებას შეეძლება დაეხმაროს კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს, რომ უფრო სწრაფად მოხდეს მათი ბინით უზრუნველყოფა.

ბინით უზრუნველყოფით დროს ხშირად დევნილები საუბრობენ, რომ არის უსამართლობა და კორუფცია ამ პროცესში. აქაც ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობა მნიშვნელოვანია, მინიმუმ შეუძლია მოითხოვოს კომისიაში თავისი წარმომადგენლის ყოფნა, რომ რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს ეს პროცესი.

ჩვენს პროგრამაში პროექტი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ განხორციელდება, განხორციელდება დევნილების მიმართაც.

არის კომპაქტური ჩასახლებები, სადაც ძირითადად შშმ პირები ცხოვრობენ. აქ აუცილებელია, მათ ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურებოდეთ და მინდა ჩემი მერობის პერიოდში ეს პრობლემა გადაიჭრას.”

[/tab]
[tab id=2]

დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი სიჭინავა ამბობს, რომ დევნილების დასახმარებლად კერძო ფონდი უნდა შეიქმნას და ამის შესახებ უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ზუგდიდელ ბიზნესმენებთან:

“სოციალური დახმარების ფონდი უნდა შეიქმნას, ანუ ეს ფონდი არ იქნება საბიუჯეტო, ბიზნესმენებზე იქნება მიბმული, ანუ მაქვს მოლაპარაკებებები იმ ხალხთან, ვინც მზად არიან, რაღაც დახმარება გაუწიოს ამ ხალხს. საერთოდ გადასახედია სოციალური პაკეტი იმიტომ, რომ არა მარტო დევნილები, არამედ ვეტერანები, სხვა ხალხი, დღეს არიან უმძიმეს მდგომარეობაში… ეს ფონდი უნდა შეიქმნას იმიტომ, რომ ის ბიზნესმენები, რომლებიც არიან წასული საქართველოდან, ის ხალხი, ამ კუთხის შვილები, მე უკვე მქონდა რამდენიმესთან ლაპარაკი და ჩვენ მზად ვართ, ეს ფონდი შევქმნათ.

[/tab]
[tab id=3]

“ქართული ოცნების” კანდიდატი ლაშა გოგია ფიქრობს, რომ კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი ხელისუფლების პირობებში არსებული სოციალური პროგრამები.

“სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები მოქმედებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე, დევნილებზე. ამ პროგრამების გაზრდა იგეგმება მომავალი წლიდან, უფრო მეტმა ბენეფიციარმა რომ მიიღოს სარგებელი. მარტო მუნიციპალიტეტში 6000-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება და 1500 სხვადასხვა ბენეფიციარმა ჯანდაცვის პროგრამები. ჩვენ გვაქვს სოციალური სახლების მშენებლობის პროგრამა, ვისაც ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობა გააჩნია, ამაზე ვრცელება ჩვენი პროგრამა, არ აქვს მნიშვნელობა, დევნილი იქნება თუ ადგილობრივი მოსახლეობა.

[/tab]

[tab id=4]

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ლევან კონჯარია კი ამბობს, რომ დევნილებისთვის ახალი კორპუსები უფრო ინტენსიუტად უნდა აშენდეს:

“ჩვენ ვაშენებდით და მზად არის პროექტი, 28 კორპუსი უნდა აშენებულიყო, აშენდა 10 კურპუსი. როგორც კი განხორციელდება ამ 28 კორპუსის პროექტი, კომპაქტურ დასახლებებში მყოფ დევნილებს მიეცემათ საკუთრებაში თავიანთი სახლები. მაქსიმუმ წელიწადნახევარში ყველა დაკმაყოფილდება.  თანადაფინანსებით მაშინ დახმარებას გვიწევდა მსოფლიო ბანკი და დონორი ორგანიზაციები.”

[/tab]

[/tabs]

უმუშევრობა და ანაკლიის პორტის პერსპექტივა

2017 წლის დეკემბერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სახმელეთო სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. პირველ ფაზაზე, რისი დასრულებაც 2021 წელს იგეგმება, პორტმა უკვე უნდა შეძლოს პანამაქსის ტიპის 10 000-კონტეინერიანი გემების მიღება.

კონსორციუმმა ნეტგაზეთს აცნობა, რომ უკვე მოზიდულია 190 მლნ. აშშ დოლარის კაპიტალი და მოლაპარაკება მიმდინარეობს 350 მლნ. აშშ დოლარის სესხზე საფინანსო ინსტიტუტებთან. მთლიანად, პირველი ფაზის ბიუჯეტი 540 მლნ აშშ დოლარია.

პორტის მშენებლობის ტერიტორიიდან მოსახლეობა გაასახლეს. აქ ბევრ სახლს ნახავთ, რომელიც უკვე ან დანგრეულია, ან ახლა მიმდინარეობს მისი დემონტაჟი.

სახლი, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საპროექტო ზონაში მოექცა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

სახლი, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საპროექტო ზონაში მოექცა. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

განსახლება ეკონიმიკის სამინისტრომ ჩაატარა, რისი ჯამური ღირებულებაც 96 მილიონი ლარია. ოფიციალური ინფორმაციით, სახელმწიფომ მშენებლობისთვის 402 ერთეული ქონება გამოისყიდა. აქედან 328 ოჯახიდან 11-მა თქვა უარი შეთავაზებულ კომპენსაცაზე, რომელთაც ქონება ექსპროპრიაციის წესით ჩამოართვეს.

უფრო ვრცლად ანაკლიის პორტის შესახებ (დააწკაპეთ)

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ცნობით, მოსამზადებელი ეტაპი 2016 წელს დაიწყო და ამ პერიოდში:

  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა შეარჩია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორი – ამერიკული კომპანია SSA Marine. ის ასევე ანაკლიის პორტის ერთ-ერთი ინვესტორი იქნება.
  • დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმა.
  • დაიწყო მუშაობა ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე, რომელსაც კომპანია „ანაკლია სითი“ ხელმძღვანელობს.
  • ჰოლანდიურმა კომპანია Van Oord-მა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჩაატარა მოსამზადებელი კვლევები. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ დაასრულა პროექტის განხორციელებადობის ყველა ტექნიკური კვლევა.
  • მომზადდა ანაკლიის ნავსადგურის წინასწარი დიზაინი, რომლის შედგენაშიც კონსორციუმთან ერთად ჩართულნი იყვნენ კომპანიები- Moffatt & Nichol, Royal HaskoningDHV და Van Oord.
  • მომზადდა და დამტკიცდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა.
  • საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ტერიტორიების ნაწილი უკვე გადასცა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“]

ნეტგაზეთი მშენებარე პორტის ტერიტორიიდან ერთ-ერთი გასახლებული ოჯახის ნათესავს შეხვდა, რომელმაც, მართალია, საჯაროდ ინტერვიუს მოცემა არ ისურვა, თუმცა გვითხრა, რომ ოჯახები მიღებული კომპენსაციით კმაყოფილი არიან.

ანაკლია. მიმდინარეობს ერთ-ერთი სახლის დემონტაჟი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ანაკლია. მიმდინარეობს ერთ-ერთი სახლის დემონტაჟი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

პორტის საპროექტო ტერიტორიის მახლობლად მცხოვრები ნანა ჩიქობავა ფიქრობს, რომ მშენებლობა ეკონომიკას და უმუშევრობას წაადგება. მისივე თქმით, ანაკლიას ამ კუთხით ძალიან გაუმართლა სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით.

ნანა ჩიქობავა გვეუბნება, რომ გასახლების ზონაში მოხვედრილი ზოგიერთი ოჯახის კომპენსაცია რამდენიმე მილიონი ლარიც კი იყო:

“ხალხი კმაყოფილია უზომოდ, დაიძინეს და ზღაპარში გაიღვიძეს. მილიონი, ორი მილიონი ლარი, 2-3 მილიონი ლარი სახლი, ამ ხალხმა კი შემდეგ ცენტრში იყიდა სახლი,”- გვითხრა მან.

ანაკლიელი ნანა ჩიქობავა საკუთარ საოჯახო სასტუმროსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ანაკლიელი ნანა ჩიქობავა საკუთარ საოჯახო სასტუმროსთან. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

პორტის მშენებლობას ყველა ანაკლიელი ოპტიმისტურად არ უყურებს. ანაკლიის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი, ბელა ხუბუა გვეუბნება, რომ პორტი “ხალხისთვის არ არის” და თვითონ პროექტიც საეჭვოა.

“ანაკლიის ხალხისთვის არავითარ სარგებლობას პორტი არ მოიტანს. მე, როგორც ძირძველი ანაკლიელი, ვამბობ. ეს პორტი როგორი იქნება, არავინ ლაპარაკობს. თუ ეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადდება, მართლაც ანაკლიიდან იქნება მთელი შემოსული საქონლის გატანა, დაბინავება და რაღაც ასეთი პროექტი, ეს ჩვენთვის ყველასთვის მისაღებია. მაგრამ თუ სხვა, რასაც არ ველით, ისეთი იქნება, ეს არის საზიანო ყველასთვის,”- გვითხრა ბელა ხუბუამ.

მისივე თქმით, ხალხისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რომ ანაკლია განვითარდეს, როგორც ტურისტული ზონა და აქ სპორტული კოპმპლექსები, ბუნგალოები აშენდეს:

“მე მინდა, ანაკლია იყოს როგორც ნიცა, როგორც ანტალია,” –  გვითხრა მან.

დაცლილი მაღაზია ანაკლიის ცენტრში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

დაცლილი მაღაზია ანაკლიის ცენტრში. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა კურორტის ცენტრში საინფორმაციო ცენტრი გახსნა. ამ საინფორმაციო ცენტრში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მათ უკვე 500-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდათ და ადამიანებს ძირითადად დასაქმების შესახებ ინფორმაცია აინტერესებთ. მათივე ცნობით, ისინი სამუშაოს მაძიებლების CV-ებსაც იღებენ.

“პირველი ეტაპისთვის 300-დან 500-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება, თუმცა ჩვენ ამ ციფრს ჯერ კიდევ არ ვაკონკრეტებთ, შეიძლება კიდევ გაიზარდოს. როდესაც პორტი დაიწყებს ოპერირებას 2021 წლისთვის, მაგ დროისთვის უკვე ათასობით სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას, ეს დაახლოებით 3500 ადგილია”.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საინფორმაციო ცენტრი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საინფორმაციო ცენტრი. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

მმართველი გუნდის კანდიდატის, ლაშა გოგიას განცხადებით, ანაკლიის პორტი ზუგდიდში სამუშაო ადგილების შექმნის მთავარი წყარო იქნება. ზოგიერთი კანდიდატი კი პორტის მშენებლობის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

ლაშა გოგიას თქმითვე, პორტში დასაქმდება როგორც ადგილობრივი, ისე დევნილი მოსახლეობა:

“ყველა იურიუდიული დოკუმენტაცია, პროცედურები დასრულებულია, 20 დეკემბერს იწყება მშენებლობა და დასაქმების მხრივ არის ერთ-ერთი მთავარი წყარო. პორტს მოჰყვება ინვესტიციების შემოდინება, საწარმოების გახსნა, ბიზნესის განვითარება, ესეც ნიშნავს დასაქმებულ ადამიანს. დასაქმების კუთხით ჩვენი მუნიციპალიტეტი ყველაზე წარმატებული იქნება… ჩვენთვის მთავარია ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, ყოველწლიურად გამოიყოფა და ბიუჯეტში აისახება, ეს ნიშნავს გზების მშენებლობას, წყალმომარაგების სისტემის მოგვარებას, გაზიფიცირებას, გარე განათებას და ა.შ.”

ევროპული საქართველოს კანდიდატი, ლელა ქებურია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად უნდა ახორციელებდეს პროექტებს და არა იმის მიხედვით, არის თუ არა ის წინა ხელისუფლების პროექტი:

 

“როგორც მოხდა ანაკლიის შემთხვევაში, როდესაც გააჩერეს ჯერ პროექტი, შემდეგ უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე ძალიან კარგი პროექტია და ახლა რაღაც 50-წლიან გეგმას გვთავაზობენ… მივესალმები, თუ ანაკლიის პორტის პროექტი იქნება განხორციელებული, მაგრამ ჩვენ ყოველი არჩევნების წინ ვხედავთ რაღაც მემორანდუმების გაფორმებას, რაღაც  ცერემონიალს და შემდეგ უკვე არ ხორციელდება არანაირი ქმედითი ნაბიჯი იმისათვის, რომ კონკრეტული სამუშაოები შესრულდება.”

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ლევან კონჯარიაც სკეპტიკურად უყურებს პორტის პროექტის შესრულებას:

“ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აშენდეს, მაგრამ, არ მჯერა ამ ხელისუფლების, რომ ესენი ააშენებენ. არჩევნების პერიოდში სულ გაიძახიან და, როგორც ვიცი, ჯერ პროექტიც არ აქვთ მზად. არჩევნების პერიოდში ეს არის მათი პიარი.”

კონჯარია ამბობს, რომ მისი გეგმის თანახმად, სიღარიბე მუნიციპალიტეტში ინვესტიციების მოზიდვით, ბიზნესმენებისთვის დაცული გარემოს შექმნით და მეტი სამუშაო ადგილის შექმნით უნდა დაიძლიოს.

ანაკლიის პორტის პროექტს დამოუკიდებელი კანდიდატი ზვიად სიჭინავა ეჭვის თვალით უყურებს და კითხვები აქვს როგორც ლოჯისტიკის კომპანიის, ასევე ამშენებელ კომპანიასთან დაკაშირებით. ასევე ამბობს, რომ აუცილებელია, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი რკინიგზა გაიყვანონ და შესაბამისი ინფრაქტრუქტურა აშენდეს.

“იმ ზღაპრის მწერალს, იმ ანდერსონს გაუმარჯოს, რომელიც მე მაძლევს იმის ფიქრის შანსს, რომ ანაკლიის პორტი დაიწყება დეკემბერში,”- გვითხრა სიჭინავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი