ახალი ამბები

უმაღლეს რადასთან დაპირისპირებისას დაკავებული 11 მომიტინგე გაათავისუფლეს

19 ოქტომბერი, 2017 • 1553
უმაღლეს რადასთან დაპირისპირებისას დაკავებული 11 მომიტინგე გაათავისუფლეს

უკრაინის უმაღლეს რადასთან დაპირისპირების დროს დაკავებული 11 მომიტინგე გაათავისუფლეს. unian-ის ცნობით, სიტუაცია აქციაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ იმ ფარებისა და ამუნიციის ნაწილის დაბრუნება სცადა, რომელიც აქციის მონაწილეებმა ოთხშაბათის დაპირისპირებისას სამართალდამცავებს წაართვეს. გათავისუფლებული მომიტინგეები “კარვების ქალაქში” ღამითვე დაბრუნდნენ.

დილიდან აქტივისტებმა კარვების ნაწილი დაშალეს  და პარლამენტის სხდომას ელოდებიან. სხდომაზე უნდა განიხილონ ორი კანონპროექტი – სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.

unian-ის ცნობით, აქციის მონაწილეების მესამე მოთხოვნა, რომელიც ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ეხება, პარლამენტის დღის წესრიგში ჯერჯერობით შეტანილი არ არის. აქტივისტების თქმით, ისინი წინააღმდეგობის გარეშე შეუშვებენ ყველა დეპუტატს უმაღლეს რადაში, თუმცა, მათ მოთხოვნებზე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში, ისინი დეპუტატებს პარლამენტიდან აღარ გამოუშვებენ.

უკრაინაში, უმაღლეს რადასთან გამართული აქციის დროს, აქტივისტები კარვებს მეტალის ფარებით იცავენ. უკრაინა, კიევი, 18 ოქტომბერი, 2017 წელი. ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

უკრაინაში, უმაღლეს რადასთან გამართული აქციის დროს, აქტივისტები კარვებს მეტალის ფარებით იცავენ. უკრაინა, კიევი, 18 ოქტომბერი, 2017 წელი. ფოტო: EPA-EFE/SERGEY DOLZHENKO

კიევის ცენტრში აქციები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომლის პარტია “რუხ  ნოვიხ სილ”  პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია,  უკრაინის ერთ-ერთ  არხთან ინტერვიუში  აღნიშნავს, რომ აქციები ხანგრძლივობა უმაღლესი რადას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

“ხალხი პოლიტიკური რეფორმის დაწყებას ითხოვს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ რადასთან შეკრებილი აქტივისტების მოთხოვნებს დღეს განიხილავენ. ეს მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პარლამენტის წინ შეკრებული ადამიანები და ამ საკითხის მიმართ ხალხის დამოკიდებულება დაინახეს. გაგრძელდება თუ არა აქციები, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს რადა. ხალხს მოვუწოდებთ, მოვიდნენ პარლამენტთან და აქციას შეურთდნენ იმ დროს, როცა რადა ხმის მიცემას დაიწყებს. არ უნდა გამოვუშვათ ისინი პარლამენტიდან, სანამ კანონს არ მიიღებენ.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი