ახალი ამბები

პრემიერი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა

19 ოქტომბერი, 2017 • 1467
პრემიერი: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა

დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების, ცვლილებების შედეგად, ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ პრემიერმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, წინასაარჩევნო პროცესი იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფალი და მშვიდობიანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება:

“ეს მოწმობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ სახით ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი და დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნების ჩატარება. სწორედ ამიტომ, არჩევნებამდე ორი დღით ადრე მინდა მივმართო, პირველ რიგში, სახელმწიფო უწყებებს, მეორე რიგში, პოლიტიკურ ძალებს და მესამე რიგში, მთლიანად საზოგადოებას – ჩავატაროთ ეს არჩევნები ისე, რომ ეს იყოს ნამდვილად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში ჭეშმარიტად ევროპული დემოკრატიის განმტკიცების გზაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებულ იქნას სიტყვა, რასაც წარსულში, გაყალბებული, ძალადობრივი არჩევნები ერქვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობთ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ასეთი საქართველოს, ასეთი დემოკრატიის შექმნის გზაზე.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე, მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, არავის მისცენ საბაბი, თქვან ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების თაობაზე.

“მინდა მოვუწოდო ჩვენს მომხრეებს და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ძლიერება არის სწორედაც განსხვავებული აზრის პატივისცემაში. ჩვენი უპირატესობა სწორედ ამაში მდგომარეობს. ამაშია ის დიდი განსხვავება და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ქვეყანაში 2012 წელს განხორციელდა და 2012 წლის შემდგომ ჩატარებულ ყველა არჩევნებში კიდევ ერთხელ დადასტურდა,” – განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილს სჯერა, რომ მოსახლეობა სათანადოდ აფასებს “ამ ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, რომელიც ქვეყანაში განხორციელდა” და დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი “სრულიად სხვა რანგის და სხვა ხარისხის დემოკრატია სათანადოდ იქნება დაფასებული, როგორც ეს მოხდა გასული რამდენიმე არჩევნების განმავლობაში.”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით მოუწოდებს სამართალდამცავებს და პოლიციას, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება იყოს პრევენციით აღკვეთილი: “რათა არავის მიეცეს საბაბი, თქვას, რომ რაიმე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვარ, ყველა სტრუქტურა მაქსიმუმს გააკეთებს ამ მიმართულებით.”

პრემიერი  საქართველოს მოსახლოებას მოუწოდებს, მივიდეს საარჩევნო უბანზე და გამოხატოს თავისი ნება, დააფიქსიროს თავისი არჩევანი, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის და კიდევ უფრო უკეთესი მომავლის შექმნისთვის.

“ჩვენს ქვეყანაში გატარებული ცვლილებების შედეგად თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი; სწორედ ეს კავშირია, რაც შექმნა ჩვენმა ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იქნება,” – ამბობს კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შაბათს, 21 ოქტომბერს, გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი