ახალი ამბები

ზვიად სიჭინავას მხარდაჭერა გურამ კაშიას და ლგბტ ადამიანებს

18 ოქტომბერი, 2017 • 7228
ზვიად სიჭინავას მხარდაჭერა გურამ კაშიას და ლგბტ ადამიანებს

ზუგდიდის მერობის კანდიდატი და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა პატივისვემას გამოხატავს “ვიტესის” კაპიტნის, გურამ კაშიას მიმართ ლგბტ ადამიანების მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვისთვის. მისი თქმით, უეფაში მუშაობისას თავადაც იმას უწევდა პროპაგანდას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.

“გურამი ნაკრების წევრი და ვიცეკაპიტანია, „ვიტესის“ კაპიტანი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ყველა იმ ნორმას, რასაც უეფა ითხოვს – პატივისცემა და არა რასიზმს. კაშიამ დააფიქსირა ის, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი სექსუალური შეხედულებისა, არის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი და მათი განსხვავება რაიმე ნიშნით მიუღებელია.

4 წელი უეფაში, სამართლიანი თამაშისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტში, ვიცეპრეზიდენტის პოსტზე სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდით და სწორედ ამას ვუწევდით პროპაგანდას, რომ დაუშვებელია ადამიანების დისკრმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, არ შეიძლება მათი საზოგადოებიდან გამორჩევა და გარიყვა,” – აცხადებს ზვიად სიჭინავა.

როგორც ზუგდიდის მერობის კანდიდატი აცხადებს, ადამიანებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული უნდა ჰქონდეთ. მისი განცხადებით, ადამიანებმა არ უნდა მიაყენონ ერთმანეთს შეურაცხყოფა განსხვავებული შეხედულებების გამო.

განცხადების ბოლოს ზვიად სიჭინავა  გურამ კაშიას მიმართავს და ამბობს, რომ საქართველოს ეროვნული ნარების ვიცეკაპიტანი პირადად მისთვის იყო და ყოველთვის იქნება ქართული ფეხბურთის ნაწილი: “შენ ბევრჯერ დაამტკიცე, რომ პატივია საქართველოს დროშის ქვეშ თამაში და ვამაყობ იმით, რომ შენთან ერთად ბევრი წელი ვიმუშავე.”

გასულ კვირას საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და არნემის “ვიტესის” კაპიტანი გურამ კაშია ერედივიზიონის მატჩში გუნდს ლგბტ დროშის სამკლაურით გაუძღვა ისევე, როგორც სხვა კლუბების ლიდერები, რითაც ლგბტ ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

ჰოლანდიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში დაწყებული კამპანიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სპორტი უნდა იყოს ყველასათვის, მიუხედავად კულტურული ფონისა, კანის ფერის, რასის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რელიგიისა. ერედივიზიონის განცხადებით, ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ან იყოს გულშემატკივარი მისი საყვარელი სპორტის სახეობის.

გურამ კაშიას ჩართულობას ლგბტ ადამიანების უფლებების მხარდამჭერ კამპანიაში მიესალმებიან საქართველოში მომუშავე ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები. თანასწორობის მოძრაობა დადებითად აფასებს კაპიტნის მხარდამჭერ, გაბედულ ნაბიჯს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსგავსი ჟესტები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფეხბურთის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი დაფიქრდეს, უფრო მეტად მნიშვნელოვანი კი საქართველოშია, სადაც ჰომოფობიური განწყობები განსაკუთრებით ძლიერია.

გურამ კაშია და ზვიად სიჭინავა

გურამ კაშია და ზვიად სიჭინავა

მასალების გადაბეჭდვის წესი