ახალი ამბები

კალაძის განმარტებები მასთან დაკავშირებული მშენებლობის შესახებ

18 ოქტომბერი, 2017 • 5010
კალაძის განმარტებები მასთან დაკავშირებული მშენებლობის შესახებ

თბილისის მერობის კანდიდატი მმართველი გუნდიდან, კახა კალაძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ნუცუბიძის ქუჩაზე მასთან დაკავშირებული კომპანიის მიერ 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შესახებ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების (ifact.ge) მიერ მომზადებულ მასალას პასუხობს.

ამ მასალის თანახმად, კალაძემ 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობის  ნებართვა მერიისგან იმ ადგილას მიიღო, სადაც კანონით დასაშვები მაქსიმუმი 3 სართულია,  პარამეტრების გაზრდის სანაცვლოდ კი ბიუჯეტში 104 425 ლარი უნდა გადაეხადა. კალაძემ შპს “არქი ნუცუბიძეს” ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე 271 კვ.მ. მიწა, სადაც მშენებლობის ნებართვა მიიღო, 2016 წლის 30 ნოემბერს 38 ათას ლარად მიჰყიდა. მაშინ, როცა ამ ქონების შეძენა და სამშენებლო ნებართვის მოპოვება 491 ათასი ლარი, თითქმის 13-ჯერ მეტი დაუჯდა. კალაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი გაფრინდაშვილმა გვითხრა, რომ საჯარო რეესტრიდან მოპოვებულ კონტრაქტში 38 ათასის ნაცვლად  380 ათასი ლარი უნდა ეწეროს, რადგანაც, ნოტარიუსმა შეცდომა დაუშვა და ციფრებს ერთი ნული დააკლო.  ირაკლი გაფრინდაშვილს ჟურალისტმა სთხოვა, გამოეგზავნათ კონტრაქტის ის ვერსია, რომელშიც 38,000 ლარის ნაცვლად 380,000 ლარი იყო მითითებული. მრავალი თხოვნის მიუხედავად მან არც დოკუმენტი გამოგვიგზავნა და არც სხვა კითხვებს უპასუხა.

კალაძემ ამ ფაქტებს დეზინფორმაცია უწოდა და განაცხადა, რომ ჟურნალისტი “უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს მიზანმიმართული დეზინფორმაციის გამო”. მან ცილისწამებაშიც დაადანაშაულა მასალის ავტორი – “ეს ადამიანი გამოდის, ცილს მწამებს, ჩემი კონკურენტები ამას მაძახებენ და მე უნდა დავდგე და თავი ვიმართლო ამ დისკრედიტირებული ადამაინების გამო”.

“როდესაც მიწა გავასხვისე, ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა, 380 ათასად გავყიდე ეს მიწა და, შესაბამისად, ეს ასახულია ჩემს დეკლარაციაში, რომელიც ხელმისაწვდომია თითოეული ადამაინისთვის. ეგრეთ წოდებულმა, ჟურალისტი დავარქვათ, ამ ადამიანმა მოგვმართა ჩვენ, ირაკლი გაფრინდაშვილს მიმართა და არსებობს ამის ტელეფონზე მიმოწერის სქრინშოტები. ჩვენ ავუხსენით ყველაფერი, რომ ეს იყო მექანიკური შეცდომა, 38 ათასის ნაცვლად 380 ათასი მქონდა მიღებული. ჩემი საკუთარი მიწა, რომელიც, მე გამაჩნდა, 2006 წელს ვიყიდე ეს კონკრეტული ადგილი და მოხდა მექანიკური შეცდომა. თუმცა, როგორც ჟურნალისტი ამბობდა, რეესტრში ეს დოკუმენტი არ არსებობსო, რომ მოხდა შეცდომაო, არადა, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო და, შესაბამისად, ვუთხარით, რომ მიემართა ისევ რეესტრისთვის და მიაწვდიდნენ ახალ დოკუმენტს, სადაც 380 ათასი ეწერა, ანუ შესწორებული, შეცდომა რაც იყო. ეს იყო მექანიკური შეცდომა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მაქვს დეკლარაცია, რომელიც ჩემ მიერ იქნა შევსებული, ეს იყო იანვრის ბოლოს. დეკლარაციაში ასახული მაქვს, რომ მივიღე 380 ათასი. ესეც ვუთხარით იმ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტს, რომ გადაემოწმებინა ეს ყველაფერი,”- განაცხადა მან.

რაც შეეხება საკითხს, რომ კანონის თანახმად, მოცემულ ადგილას 8-სართულიანი შენობის აშენება არ შეიძლება, კალაძემ განაცხადა, რომ ფაქტობრივად ამ შენობის მეზობლად ბევრად უფრო მაღალი კორპუსებია აშენებული და თავისი სიტყვების დასამოწმებლად თან მოიტანა ფოტოები:

“ჯერ იყო საუბარი იმაზე, თითქოს იქ 8-სართულიანის მშენებლობა არ შეიძლება, თითქოს ამ კომპანიას არ ჰქონდა უფლება, 8-სართულიანი საცხოვრებელი  სახლი აეშენებინა. თავიდან იყო მოთხოვნა 12-სართულიან სახლზე, რომელიც იქნა შეტანილი მერიაში და ზონალურმა საბჭომ არ დააკმაყოფილა ეს ყველაფერი. შესაბამისად, გააკეთეს 8-სართულიანზე პროექტი. შეიტანეს და ეს დაუკმაყოფილეს. რას ნიშნავს ეს, რომ არაკანონიერად ხდება მშენებლობა. თან, ამ დროს, მე არანაირი კავშირი არ მაქვს, მე გავყიდე ეს ფართი, აშენებს კონკრეტული კომპანია. ნახეთ, ირგვლივ რა ხდება, ფოტოები მაქვს წამოღებული, 16-სართულიანზე მეტი ირგვლივ არც ერთი საცხოვრებელი კორპუსი არ არის. ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც დაიწყო ჟურნალისტმა, რომელიც თქვენ ბრძანეთ, შეთანხმებული თემა იყო, დალაგებული ჰქონდათ, ჯერ უნდა აეწია ifact-ს, მერე ნეტგაზეთი ჩაერთო…”- განაცხადა კახა კალაძემ.

ifact-ის სტატია სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კახა კალაძე ტელეკომპანია "პირველის" ეთერში აჩვენებს ნუცუბიძის ქუჩაზე მასთან დაკავშირებული კომპანიის მიმდებარე კორპუსების ფოტოებს

კახა კალაძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში აჩვენებს ნუცუბიძის ქუჩაზე მასთან დაკავშირებული კომპანიის მიმდებარე კორპუსების ფოტოებს

მასალების გადაბეჭდვის წესი