ახალი ამბები

რაქა თავისუფალია: რა დარჩა ე.წ “ისლამური სახელმწიფოსგან”?

19 ოქტომბერი, 2017 • 2660
რაქა თავისუფალია: რა დარჩა ე.წ “ისლამური სახელმწიფოსგან”?

ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” დე ფაქტო დედაქალაქი რაქა გათავისუფლებულია – აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ქალაქზე კონტროლი გუშინ, 17 ოქტომბერს დაამყარეს.

ოთხთვიანი ოპერაციისა და ინტენსიური ბრძოლების შემდეგ ნახევრად დანგრეულ რაქაში ტერორისტების მცირე რაოდენობა დარჩა, რომელთა გასაუვნებელყოფად შეიარაღებული მოქმედებები გრძელდება.

ივნისში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები ქალაქის განსათავისუფლებლად “სირიის დემოკრატიული ძალების” მიერ ქალაქის მთავარი საავადმყოფოსა და სტადიონიდან ტერორისტთა განდევნით დაგვირგვინდა. სწორედ ეს ორი ობიექტი იყო ISIS-ის ბოლო საყრდენი რაქაში. ტერორისტული ორგანიზაციის შავი დროშები ძირითადად ქურთებისა და მცირე რაოდენობის არაბებისაგან დაკომპლექტებული სამხედრო ორგანიზაციის სიმბოლიკამ ჩაანაცვლა.

“ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს” დე ფაქტო დედაქალაქის გათავისუფლებით ტერორისტულმა ორგანიზაციამ ბოლო მსხვილი ქალაქი დაკარგა სირიის ტერიტორიაზე. ხუთთვიან ოპერაციას დიდი მსხვერპლი მოჰყვა: სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ობსერვატორიის ცნობით, ივნისიდან დღემდე 3 250 ადამიანი დაიღუპა საბრძოლო მოქმედებებისას, საიდანაც 1130 მშვიდობიანი მოქალაქეა. თუმცა იმის გამო, რომ ქალაქის ნანგრევებში სამძებრო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, მოსალოდნელია მსხვერპლის რიცხვის გაზრდა. სახლების იძულებით დატოვება 270 000 ადამიანს მოუწია.

რა ტერიტორია უკავიათ ამჟამად ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს? სურათი სწრაფად იცვლება. ბოლო მონაცემებით, სირიის ყველაზე მსხვილი ერთეული, სადაც ტერორისტები ამ დრომდე რჩებიან, დეირ ეზ-ზორის პროვინციაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით, მდინარე ევფრატის ნაპირას მდებარეობს. აქ ISIS-ს, ერთი მხრივ, აშშ-ის მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალები, მეორე მხრივ კი, რუსეთის საჰაერო დარტყმებით ზურგგამაგრებული სირიის სამთავრობო არმია და ლიბანური დაჯგუფება “ჰეზბოლა” ებრძვიან.

გასულ წლებთან შედარებით გაცილებით მცირე ტერიტორიაზე რჩებიან ე.წ “ხალიფატის” მებრძოლები ერაყში – ქალაქ მოსულიდან განდევნის შემდეგ კიდევ არაერთი ტერიტორიული დანაკარგი განიცადეს და საბოლოოდ, სირია-ერაყის საზღვარზე არსებული ტერიტორია დარჩათ ევფრატის მეორე მხარეს.

ტერიტორიებს არ ფლობენ, თუმცა დაჯგუფების აქტიური ფრთა მოქმედებს ავღანეთის, პაკისტანისა და იენენის ნაწილში.

 ტერორისტული დაჯგუფება “ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო” 2014 წელს გააქტიურდა. მაშინ ISIS”-მა ერაყსა და სირიაში მნიშვნელოვანი ქალაქები და პროვინციები დაიკავა და “ხალიფატის” შექმნა გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი