ახალი ამბები

საქართველომ FIBA-ს ევრობასკეტ 2021-ის თანამასპინძლობის სურვილი დაუფიქსირა

18 ოქტომბერი, 2017 • 1701
საქართველომ FIBA-ს ევრობასკეტ 2021-ის თანამასპინძლობის სურვილი დაუფიქსირა

ევრობასკეტ 2021-ის ქვეჯგუფის მასპინძლობის სურვილი საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან დააფიქსირა. შესაბამისად, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ევროპის კომიტეტი 2021 წლის ევრობასკეტის თანამასპინძლად საქართველოსაც განიხილავს.

კალათბურთის ფედერაციის განცხადებით, ფიბამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა და ამიერიდან ევრობასკეტი 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება.

“ფიბას ხელმძღვანელებთან უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი ფედერაციის სურვილი, ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ჯგუფს – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ – მომავალ გაზაფხულს ფიბას აღმასრულებელი ორგანო შეიკრიბება და საბოლოოდ გადაწყდება მომავალი ევრობასკეტის ჩატარების ფორმატი. ბოლო ორმა ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ტურნირის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარება საკმაოდ მისაღებია… მართალია, 2021 წლის ევრობასკეტის მთლიანად ჩატარების წინასწარი სურვილი ესპანეთმა გამოთქვა, მაგრამ ვფიქრობ, ბოლო წლების დადებითი მაგალითი გადააწყვეტინებს ფიბას, ფორმატი არ შეცვალოს და ტურნირის ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებმა უმასპინძლონ. ასეთ შემთხვევაში, გამოცხადდება ის პირობები, რაც ევრობასკეტის მასპინძლობის მსურველმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს და ჩვენ მზად ვართ, ამ მხრივ ვიმუშაოთ და ფიბაში უკვე ოფიციალური განაცხადი შევიტანოთ,” – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მომავალ ნოემბერში დაიწყება მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. რაც შეეხება კონტინენტურ პირველობას, ევრობასკეტზე მოსახვედრი შესარჩევი ტურნირი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი