ახალი ამბები

უკრაინის უმაღლეს რადასთან მომიტინგეები კარვებში რჩებიან

18 ოქტომბერი, 2017 • 1794
უკრაინის უმაღლეს რადასთან მომიტინგეები კარვებში რჩებიან

უკრაინის უმაღლეს რადასთან 200-მდე მომიტინგემ კარვები გაშალა. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის  “რუხ  ნოვიხ სილის”  50 , “დონბასის” ბატალიონის 100 და “სპრავედლივოსტის” 50 წარმომადგენლია . აქციის წევრებმა დაახლოებით 50 კარავი გაშალეს, რის გამოც  უკრაინის დედაქალაქში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა.

კიევის ცენტრში პოლიციელები და ნაციონალური გვარდიის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი. 

ამჟამად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები პარლამენტის მიმდებარე ქუჩასთან  ჩამვლელ მანქანებს აჩერებენ და საბარგულებს უმოწმებენ.

თბილისის დროით 12 საათამდე კიევის ცენტრში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

გუშინ, 17 ოქტომბერს, უკრაინის უმაღლეს რადასთან აქცია გაიმართა. მომიტინგეები სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მომიტინგეებმა პოლიციელების კორდონის გარღვევა სცადეს. პოლიციამ  ცრემლსადენი აირი გამოიყენა. შეტაკების შედეგად 4 ადამიანია დაზარალებული,  მათ შორის ერთი პოლიციელი, რომლის დაშავებისა და შემდგომ ჰოსპიტალიზაციის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს რადასთან ჩატარებული აქცია ყველაზე მრავალრიცხოვანია 2013-2014 ევრომაიდანის მოვლენების შემდეგ. პოლიციის ცნობით, პროტესტში დაახლოებით 6000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას, ხოლო აქციის ორგანიზატორების ცნობით, ოდენობამ 10 000-ს მიაღწია.

პროტესტის შედეგად რადამ საარჩევნო კანონმდებლობისა  და სადეპუტატო ხელშეუხებლობის საკითხის გადახედვა ჩანიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი