ფასანაურის მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდა – ცვლილება ელექტროგადამცემი ხაზის პროექტში

მთიულების პროტესტმა შედეგი გამოიღო – ფასანაურის მოსახლეობის უკმაყოფილების გამო „ენერგოტრანსი“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის საპროექტო დერეფნს ცვლის. გარემოს დაცვის სამინისტროში კომპანიის მიერ წარდგენილი გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, შეიცვლება 12.6 კმ-იანი მონაკვეთის ტრასა.

“მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტის მიხედვით დაცული იყო ეგხ-ის დერეფნის უახლოესი საცხოვრებელი ზონებიდან დაცილების ნორმირებული მანძილები (რაც ასევე შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს), შპს „ენერგოტრანსის“ მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ელექტროგადამცემი ხაზების საპროექტო დერეფნის შეცვლის თაობაზე, კერძოდ: საპროქტო დერეფანი ითვალისწინებს თავდაპირველი პროექტით განსაზღვრული დერეფნის 134 და 162 საყრდენებს შორის მოქცეული მონაკვეთის შეცვლას ახალი დერეფნით, რომელიც დიდი მანძილით იქნება დაცილებული საცხოვრებელი ზონებიდან. საპროექტო ცვლილებით გათვალისწინებული მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 12.6 კმ-ს,” – ნათქვამია „ენერგოტრანსის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშში.

ელექტროგადამცემი ხაზის „ქსანი-სტეფანწმინდის“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დავალებით შპს „ენერგოტრანსი“ ახორციელებს, რომელიც სააქციო საზოგადოების შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. პროექტზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2016 წელში გაცემული იყო ეკეოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისი მშენებელობის ნებართვა, რომელთა საფუძველზე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. მშენებლობის პროცესში დუშეთის მუნიციპალიტეტის არაერთი სოფლის მოსახლოებამ გამოთქვა უკმაყოფილება ელექტროგადამცემი ხაზების საცხოვრებელ ზონებთან სიახლოვესთან დაკავშირებით.

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძების მშენებლობას მიმდინარე წლის გაზაფხულზე მთიულეთში არაერთი სოფლის მოსახლეობა აპროტესტებდა. ერთ-ერთ აქციაზე პოლიციამ  ფასანაურის რამდენიმე მკვიდრი დააკავა, თუმცა ხაზების მშენებლობა პროტესტის შედეგად დროებით მაინც შეჩერდა. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებდა, რომ ფასანაურში ხალხს “დაჯგუფება” არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” აბუნტებდა, ხოლო ადგილობრივებმა ეს განცხადება პირად შეურაცხყოფად მიიღეს. მას შემდეგ, რაც სიტუაცია კრიტიკული გახდა, კახა კალაძე თვითონ ჩავიდა მთიულეთში და დარწმუნდა, რომ ელექტროგადამცემი ბოძები სახლებთან ახლოს გადიოდა. ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი დღეს თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატია.

აქცია ფასანაურში ელექტროგადამცემი ბოძების წინააღდეგ. ფოტო: ეთუნა კეკიშვილი

აქცია ფასანაურში ელექტროგადამცემი ბოძების წინააღდეგ. ფოტო: ეთუნა კეკიშვილი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.