ვინ დაზარალდება საკაბელო ოპერატორების მიერ ქართული არხების გათიშვით

40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორმა 6 ქართული არხი (რუსთავი 2, მარაო, კომედი არხი, იმედი, მაესტრო და GDS) პროტესტის ნიშნად გათიშა, რადგან სამაუწყებლო კომპანიებმა მათ კონტენტის ტრანსლირებისთვის თანხის გადახდა მოთხოვეს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია მიიჩნევს, რომ კერძო სამაუწყებლო კომპანიებს კანონი არ დაურღვევიათ და ჰქონდათ კონტენტის ტრანსლირებისთვის გადასახდის მოთხოვნის უფლება, ტელევიზიების ხელმძღვანლები კი აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი ისევ ამ ოპერატორების ნაწილს დააზარალებს.

საკაბელო ოპერატორების ნაწილი მიიჩნევს, რომ რამდენიმე არხის მიერ ამ ტიპის მოთხოვნა დისკრიმინაციულია და არაკონკურენტულ საბაზრო გარემოს ქმნის, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის შეწყვეტას გამოიწვევს. მათი თქმით, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები შპს მედია რაითს ჯორჯიასთან, თუმცა ეს მოლაპარაკებები უკვე ჩიხშია შესული.

“6-მა ერთეულმა უფასო არხმა თითოეულ ტელევიზორზე მოითხოვა 1.5 ლარი, რაც დღგ-ს და ინკასაციის ხარჯების გათვალისწინებით სააბონენტო გადასახადს ზრდის თითქმის 2 ლარით. საკაბელო ოპერატორები სააბონენტო გადასახადის გაზრდას არ ეთანხმებიან და 17 ოქტომბერიდან სათანადო ხელშეკრულებების გაფორმებამდე ზემოთ ჩამოთვლილი არხები პროტესტის ნიშნად გაითიშა. ისინი ამბობენ, რომ თუ გინდათ უყუროთ “იმედს”, აუცილებლად ფული უნდა გადაუხადოთ “რუსთავი 2”-საც და პირიქით. საკაბელო ოპერატორებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ “მედია რაითს ჯორჯიაში” შემავალი ეს 6 არხი გაგვეთიშა. მოლაპარაკებები უკვე ჩიხშია შესული. მათ შეკითხვები გავუგზავნეთ, რაზეც არ გვიპასუხეს,” – აცხადებენ საკაბელო ოპერატორების ხელმძღვანელები.

სამაუწყებლო კომპანიების ხელმძღვანლები აცხადებენ, რომ საკაბელოები ოპერატორები, რომლებმაც ერთად გამოუცხადეს პროტესტი, ჯამში, 11 ათას მომხმარებელს აერთიანებს, რის გამოც მნიშვნლოვან ზარალს სწორედ ისინი მიიღებენ და არა ტელევიზიები.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ამ საკებელო ოპერატორებს მათი კონტენტის ტრანსლირებისთვის საბაზროზე დაბალი გადასახადი მოსთხოვეს, რაც არის ჩვეულებრივი ამბავი: “შესაბამისად, ის უნდა გადაიხადონ. გაგვთიშეს? არჩევანი მათია. დარწმუნებული ვარ,  ეს გამოიწვევს იმას, რომ ისინი თავის საბაზრო პოზიციებს დაკარგავენ და ძალიან სწრაფად დარჩებიან მომხმარებლების გარეშე.”

როგორც ტელეკომპანიების ხელმძღვანლები აცხადებენ, საკაბელო ოპერატორების მხრიდან კონტენტის ტრანსლირების უფლების მისაღებად არანაირი თანხის შემოთავაზება ყოფილა და მოგების მიღება კვლავ პარაზიტირების გზით სურთ, როგორც იყვნენ მიჩვეული.

2017 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების ერთობლივ საჩივართან ერთად, კონკურენციის სააგენტომ მიმართა წერილით, რომელიც ტრანზიტული მაუწყებლობის მიმწოდებელ პირებთან სავალდებულო ტრანზიტის ხელშეკრულების ერთიანი ინტეგრირებული ტარიფით გაფორმების გზით კონკურენციის სავარაუდო დარღვევას ეხება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკუთარი პოზიცია დაინტერესებულ პირებს წერილობით უკვე აცნობა, ხოლო დღეს ეს წერილი გაასაჯაროვა, საკითხის მიმართ საზოგადოების ფართო წრის ინტერესიდან გამომდინარე

კომისია თავის წერილში მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, რომელიც ფასიანი ტრანზიტის საკითხს ეხება. ამასთან, კომუნიკაციის კომისიაში აღნიშნავენ, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლითაც კომისია ხელმძღვანლეობს, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ზედამხედველობისას არ ითვალისწინებს მაუწყელობის სფეროში კონკურენციის რეგულირების სხვა სამართლობრივ მექანიზმებს.

კომუნიკაციების კომისია დამატებით ასევე აცხადებს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის თაობაზე“, GNCC-ის 2006 წლის დადგენილებით, მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების მიმწოდებელი საკუთარი ინიციატივით მაუწყებლობის ტრანზიტის მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტამდე ვალდებულია უზრუნველყოს ინდივიდუალური შეტყობინების სახოთ მომხმარებლისათვის ამ ინფორმაციის მიწოდება, მომსახურების შეწყვეტამდე 10 სამუშო დღით ადრე.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, GNCC რეაგირებას ახორციელებს ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროებში ლიცენზირებული და ავტორიზებული პირების მიერ მოქმედი კანონმდებლობის დაცვას და ზედამხედველობს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

საკაბელო ოპერატორებმა პროტესტის ნიშნად ექვსი არხი გათიშეს

საკაბელო ოპერატორებმა პროტესტის ნიშნად ექვსი არხი გათიშეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.