მარტოხელა მშობლები სტატუსით და მის გარეშე

ელგა მაისურაძე 14 წლის შვილს მარტო ზრდის, თუმცა მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებას ვერ ახერხებს. ელგას ამის შესაძლებლობას საქართველოში არსებული კანონმდებლობა არ აძლევს, რადგან ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის მონაცემებია მითითებული.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონმდებლობა არაეფექტურთან ერთად, დისკრიმინაციულიცაა, რადგან საერთო სოციალური ფონის მქონე და იდენტური პრობლემების წინაშე მყოფ პირებს განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს.

რა პრობლემებს აწყდებიან მარტოხელა მშობლები

როგორც ელგა ამბობს, შვილის დაბადების მოწმობაში ბავშვის მამის მონაცებემების მითითების გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა მისი შვილი 6 წლის იყო და სკოლაში უნდა შეეყვანა. ელგას თქმით, ეს გადაწყვეტილება საზოგადოების ზეწოლამ მიაღებინა:

“სტატუსის მიღებაზე უარი მითხრეს იმიტომ, რომ ბავშვის მონაცემებში მამის გრაფა ცარიელი არ გვაქვს. ეს მოხდა ჩემი გადაწყვეტილებით, როდესაც ბავშვი გახდა 6 წლის. ისე მოხდა, რომ იმ პრობლემების გამო, რომ ცუდად გიყურებენ… მეზობლების თუ ნათესავების რჩევით, ბავშვი უმამო რომ არის, არაფერი უთხრანო – დეენემის ანალიზით, მამას დავუმტკიცე, რომ მისი შვილი იყო  და რადგან ამ ყველაფრის მერე მამის გრაფაში მისი მონაცემები ჩაიწერა, აღარ მთვლიან მარტოხელა დედად,” – იხსენებს ელგა.

მიუხედავად ამისა, ბავშვის მამამ შვილის მხარდაჭერაზე უარი თქვა და ელგა მარტოხელა დედაა, შესაბამისი სტატუსის გარეშე. როგორც ის ამბობს, სანამ მისი შვილი მცირეწლოვანი იყო, მათ სოფელში საბავშვო ბაღიც არ იყო, რომ შვილი დაეტოვებინა და თავად ემუშავა. იგი მიიჩნევს, რომ მარტოხელა მშობლის სტატუსით მის შვილს ელემენტარული სოციალური გარანტიების მიღება მაინც შეეძლებოდა.

“მე რეგიონში ვცხოვრობ, იმ პერიოდში საბავშვო ბაღიც არ იყო, რომ ბავშვი დაგეტოვებინა. არადა, უყურადღებოდაც ვერ დატოვებ ბავშვს. როდესაც  მარტო ზრუნავ, შენს შვილთან გატარებული არც ერთი წუთი დაკარგული არ არის, მაგრამ იმის არსებობაზე რომ უნდა იზრუნო, ყველა წამი დაკარგული იყო იმიტომ, რომ ბავშვს ვერ წყდები და სამუშაოს ვერ შოულობ, რომ რაღაცა ელემენტარული მაინც მისცე. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, სჭირდებათ ქალებს თანადგომა.

ძალიან მინდა ეს სტატუსი, ჯერ იმიტომ, რომ მართლა ვარ მარტოხელა დედა და რატომ არ უნდა მქონდეს სტატუსი?!

დაბადების მოწმობაში ჩაწერილი ერთი სახელითა და გვარით მამის როლს ვერ ასრულებს. როდესაც ასეთი შემთხვევაა და მარტო ერთი მშობელი ზრუნავს ბავშვზე, სტატუსიც შესაბამისად ეკუთვნის,” – ამბობს ელგა.

ელგას მსგავსად მარტოხელა მშობლის სტატუსი არ აქვს ნინოსაც, რომელიც 4 წლის შვილს მარტო ზრდის. ბავშვის მამა სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ალიმენტის გადახდაზე უარს აცხადებს:

“ვცხოვრობდით ერთად, გაჩნდა შვილი, მერე რაღაც პრობლემების გამო ოჯახი დაინგრა. ჩვენი ურთიერთობის არევის ფონზე აირია ბავშვთან ურთიერთობაც, მამამისმა შეწყვიტა მასზე ფინანსური ზრუნვა. ცდილობს ბავშვს არ დაავიწყდეს, მაგრამ ფინანსურად მთლიანად მე მიწევს ბავშვზე ზრუნვა.

რადგან ჩემი შვილი მამის გვარს ატარებს, შესაბამისად, არსებული კანონმდებლობა არ მაძლევს საშუალებას მარტოხელა მშობლის სტატუსი მივიღო. სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, ალიმენტი დაეკისრა, თუმცა მისი მხრიდან არის უარყოფა ამ დაკისრებული ალიმენტის და დავის შემდგომ ეტაპზე ვართ გადასული,” – ამბობს ნინო.

მისი თქმით, ყველაზე რთული მარტოხელა მშობლებისთვის ეკონომიკური ფაქტორია, რადგან სტაბილური სამსახურის პოვნა და შვილის აღზრდასთან მუშაობის შეთავსება უჭირთ. დამსაქმებლები კი,  ნინოს თქმით, მარტოხელა მშობლების სამსახურში აყვანისგან ხშირ შემთხვევაში თავს იკავებენ:

“პირველ რიგში, ეკონომიკური ფაქტორია ყველაზე რთული. როგორც იცით, ჩვენთან საათობრივი ანაზღაურება არ არის. ვერ ვიპოვე ისეთი სტაბილური სამსახური, სადაც ხელს შემიწყობენ თუნდაც იმ პერიოდში, თუნდაც, როცა ბავშვი იქნება ცუდად. ეს ხელს მიშლის, თუმცა სულ ვცდილობ ვიმუშაო, მაგრამ ყველა სამსახურიდან ამ მიზეზის გამო მე თვითონ მიწევს წამოსვლა.

ერთ-ერთ სამსახურში იმის გამო, რომ მოულოდნელად მომიწია წასვლა, რადგან ბავშვმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, მომაძახეს – მარტოხელა დედა სამსახურში არ უნდა აგვეყვანაო. გავნადგურდი ჯერ იმიტომ, რომ ბავშვი დაშავდა და ამაზე ვნერვიულობდი, ძალიან დამთრგუნველი იყო ამ ფრაზის გაგონება. მაინც არის, ერიდებიან სამსახურში აგიყვანონ იმიტომ, რომ ალბათ თვლიან, ბევრი დრო არ აქვთ მარტოხელა მშობლებს,” – ამბობს ნინო.

არსებული კანონმდებლობა

საქართველოში არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედა/მამა, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების მოწმობაში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები. სტატუსის მქონე ასევე შეიძლება იყოს პირი, რომელსაც შვილად ჰყავს აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში.

არსებულ ჩანაწერს არაეფექტურად მიიჩნევს “ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი”, რომელმაც მარტოხელა მშობლების სამართლებრივ მდგომარეობაზე ანგარიში მოამზადა. კერძოდ, მართალია, კანონი უშვებს შესაძლებლობას, კაცსაც ჰქონდეს მარტოხელა მშობლის სტატუსი, თუმცა დადგენილი კრიტერიუმები თითქმის გამორიცხავს სტატუსის მიღების შესაძლებლობას. მოქმედი კანონმდებლობით, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის დედად პირის აღიარება პირდაპირ ეყრდნობა ბავშვის დაბადების ფაქტს:

“კანონში არაფერია ნათქვამი, თუ რა შემთხვევაში ხდება ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მხოლოდ მამის მონაცემების მითითება. ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას პირდაპირი ვალდებულება აქვს 5 დღის ვადაში გაგზავნოს აქტების რეგისტრაციის ორგანოში სამედიცინო ცნობა, რომელიც შეიცავს შესავსებად სავალდებულო ისეთ ველს, როგორიცაა მონაცემები ბავშვის მშობლების შესახებ. სამედიცინო დაწესებულებაში ქალის მშობიარობის შემთხვევაში კი სამეციდინო ცნობაში ყოველთვის ფიქსირდება მონაცემები დედის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ქალი უარს ამბობს შვილზე,” – ვკითხულობთ ანგარიშში.

არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ არ არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ კაცმა, რომელიც მარტოხელა მშობელია, მიიღოს სტატუსი, ვინაიდან ბავშვის დაბადების აქტში ყოველთვის მიეთითება დედის მონაცამები, თუ საქმე არ გვაქვს შვილებასთან. არსებული კრიტერიუმების გამო კი სტატუსს უამრავი მარტოხელა მამა ვერ იღებს, რომელიც ყოფილმა პარტნიორებმა მიატოვეს.

“ადამიანის უფლებების განვითარების ფონდის” შეფასებით, არც ალიმენტია იმდენად ძლიერი სამართლებრივი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ყველა მარტო დარჩენილი მშობელი გარანტირებულად შეძლებს საკუთარი უფლებების რეალიზებას. ფონდის მიერ გამოკვლეული სტატისტიკით,  აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2015-2016 წლებში წარმოებაში შევიდა 2 363 საქმე (მათ შორის საქმეები, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს ალიმენტის თანხის ჩარიცხვა), აქედან დასრულებულია  1 206 საქმე, თუმცა წარმოებაში რამდენიმე ასეული პასიური საქმეა, სადაც ალიმენტის გადახდა არც ერთხელ ფიქსირდება.  2017 წლის მაისის მდგომაროებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში 692 ასეთი საქმეა.

ფონდში აცხადებენ, რომ  1 206 დასრულებული საქმიდან შესაძლოა დიდი ნაწილი იმიტომ შეწყდა, რომ ბავშვი 18 წლის გახდა. კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ დროს  ალიმენტის საქმეზე ბიუროში საქმის წარმოება წყდება. ფონდის განცხადებით, ანგარიშში ეს სტატისტიკა ვერ მოხვდა, რადგან აღსრულების ეროვნული ბიურო მონაცემებს ამგვარად არ აანალიზებს.

"ადამიანის უფლებათა განვითარების ფონდის" ფოტოკონკურსის გამარჯვებული ფოტო

“ადამიანის უფლებათა განვითარების ფონდის” ფოტოკონკურსის გამარჯვებული ფოტო

მარტოხელა მშობლების სოციალური და სამართლებრივი გარანტიები

ერთადერთი კანონი, რომელიც საქართველოში ქვეყნის მასშტაბით მარტოხელა მშობლების სოციალურ და სამართლებრივ გარანტიებს განსაზღვრავს, საქართველოს საგადასახადო კოდექსია. საგადასახადო კოდექსში პირდაპირაა განსაზღვრული, რომ მარტოხელა დედის კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 3 000 ლარამდე შემოსავალი არ იბეგრება. საგადასახადო კოდექსის ეს ნორმა, ფონდის შეფასებით, ხარვეზიანია, რადგან ის არ მოქმედებს მარტოხელა მამის წლიურ შემოსავალზე.

ფონდის შეფასებით, საქართველოში არ არის ერთიანი მიდგომა და არ არსებობს სპეციალური პროგრამა მარტოხელა მშობლებისთვის. ამის ფონზე მუნიციპალიტეტები და თვითმმართვლეი ქალაქები თავად განსაზღვრავენ სხვადასხვა ტიპის დახმარებებს მარტოხელა მშობლებისთვის.

პროგრამების ფარგლებში, რომლებიც მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მარტოხელა მშობლებისთვის ძირითადად განსაზღვრულია ან ფულადი დახმარება, ან კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი. თბილისის მუნიციპალიტეტში კი, სადაც საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი მარტოხელა დედაა რეგისტრირებული,  პროგრამით მხოლოდ  უფასო იურიდიული კონსულტაციაა გათვალისწინებული.

“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტებში არსებული დახმარებები ყველა სტატუსიან მარტოხელა მშობელზე არ გაიცემა. დახმარებას იღებს მხოლოდ ის მშობელი, რომელიც რეგისტრირებულია “სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში” და აკმაყოფილებს კონკრეტული მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ სარეიტინგო ქულას,” – ამბობენ კვლევის ავტორები.

მარტოხელა მშობლებისთვის ასევე არ არსებობს სპეციალური პროგრამები ჯანდაცვის სისტემაშიც. რაც შეეხება სამართლებრივ გარანტიებს,  საქართველოში არც ამ კუთხითაა ერთიანი მიდგომა. შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონში ან სხვა სამართლებრივ აქტებში არ არის ჩანაწერი, რომელიც რაიმე ტიპის სამართლებრივ გარანტიებს შექმნიდა მარტოხელა მშობლებისთვის. როგორიცაა, მაგალითად, 1 საათით მეტი შესვენების დრო (შვილების ბაღში/სკოლაში წაყვანისა და წამოყვანისთვის). ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს ერთიანი მიდგომა ამ კუთხით.

მაგალითად, ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების შიდა რეგულაციით, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციისას მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები შეღავათით სარგებლობენ და მათი შვილების ჩარიცვა რიგის გარეშე ხდება. თელავის მუნიციპალიტეტში კი ბაგა-ბაღებში გახანგრძლივებული ჯგუფები არსებობს  რომლით სარგებლობის პრივილეგია მარტოხელა მშობლებს აქვთ.

“ადამიანის უფლებების განვითარების ფონდში” მიიჩნევენ, რომ საჭიროა ქვეყნის მასშტაბით მარტოხელა მშობლებისთვის ერთიანი მიდგომა იქნას შემუშავებული. ასევე გაფართოვდეს სტატუსის მიმღებ პირთა წრე და გაიწეროს ახალი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც, სტატუსის მიღებას შეძლებეენ ქვრივიც, განქორწინებულიც და დღეს სტატუსს მიღმა დარჩენილი სხვა მარტოხელა მშობლებიც. ამასთან, ფონდში მიიჩნევენ, რომ სტატუსის მიღებისთვის მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს ფაქტი, რომ პირი მარტო ზრდის არასრულწლოვან შვილ(ებ)ს. ზოგ შემთხვევაში კი სტატუსის მიღება ბებიებსა და ბაბუებსაც ან ახლო ნათესავებსაც უნდა შეეძლოთ, თუკი არასრულწლოვანს არც ერთი მშობელი არ ჰყავს. “ადამიანის უფლებათა განვითარების ფონდის” თქმით,  უნდა განისაზღვროს სოციალური და სამართლებრივი გარანტიები კლასიფიკაციის მიხედვით, მარტოხელა მშობლის მდგომარეობისა და საჭიროებების ანალიზის საფუძველზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი