ახალი ამბები

კობახიძე: თამარ ქალდანი იქნებოდა ძალიან კარგი სახალხო დამცველი

17 ოქტომბერი, 2017 • 2325
კობახიძე: თამარ ქალდანი იქნებოდა ძალიან კარგი სახალხო დამცველი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტი ახალ სახალხო დამცველს, სავარაუდოდ, ნოემბერში აირჩევს.

„ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ ყოფილა. კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება და ნოემბრის ბოლოსთვის უკვე დასახელდება კანდიდატი. სავარაუდოდ, უკვე ნოემბრის თვეში იქნება არჩეული ახალი სახალხო დამცველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება  იმ საკითხს, არის თუ არა საუბარი თამარ ქალდანის კანდიდატურაზე, რომელიც ამჟამად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორია, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის:

„ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ეტაპზე. რაც შეეხება ქალბატონ თამარ ქალდანს, მე მას დიდ პატივს ვცემ, ის იქნებოდა ძალიან კარგი სახალხო დამცველი, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხზე არ გვქონია მმართველ გუნდში. უახლოეს დღეებში დაიწყება კონსულტაციები და, სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში პარლამენტი აირჩევს სახალხო დამცველს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამჟამინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი პარლამენტმა 2012 წლის 8 დეკემბერს აირჩია.

მასალების გადაბეჭდვის წესი