ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რატომ უყვართ აფხაზებს ნესტორ ლაკობა?

17 ოქტომბერი, 2017 • 11408
რატომ უყვართ აფხაზებს ნესტორ ლაკობა?

მეოცე საუკუნეში ცხოვრობდა ასეთი კაცი ჭიჭიკო, იგივე გრიგოლ ფაჩულია. ის ბათუმში დაიბადა და ზღვის სანაპიროზე დაიწყო ფეხბურთის თამაში, ცოტა ხანი ფოსტალიონად იმუშავა და მოგვიანებით პირველი თაობის თბილისის დინამოს ფეხბურთელი გახდა. მაშინ ქალაქში ასეთი ხუმრობა ყოფილა გავრცელებული,  რა ფაჩულიასავით ფეხები გაქვსო.  გასაგებია, რომ აქ კიდურების სისწორე არ იგულისხმებოდა. მას ძალიან კარგი ე.წ დაყენებული დარტყმა ჰქონია, ჯერ ბურთს ურტყამდა ძალიან ძლიერად და ზუსტად, მოგვიანებით კი ბურთი ადამიანებმა ჩაანაცვლეს.

ყველასთვის მოულოდნელად, 1937 წელს დინამოს მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი გრიგოლ ფაჩულია აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრად დანიშნეს. იმ პერიოდში რეპრესიები გახურებული იყო, კანცელარია ვერ აუდიოდა რეგიონებიდან შემომავალ წერილებსა და ოქმებს. ბევრი ბრძანება ტელეფონის საშუალებით გადაიცემოდა ან ე.წ. შიფროტელეგრამა იგზავნებოდა. თუმცა ჩეკისტები განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ბრძანებებს მაინც პირადად იღებდნენ. ყოფილ უშიშროების არქივში დაცული აქამდე უცნობი დოკუმენტების მიხედვით, ჭიჭიკო შინსახკომში დაიბარეს და მნიშვნელოვანი პარტიული დავალება მისცეს. სოხუმში, ბოტანიკურ ბაღში დამარხული ნესტორ ლაკობას გვამი, „რომელიც ანაგვიანებდა იქაურობას“, უნდა ამოეთხარა და ქალაქის სასაფლაოზე დაეკრძალა. მისმა ხელქვეითებმა დავალება პირნათლად შეასრულეს, თუმცა მიხაილოვსკის სასაფლაოზე ლაკობას ნეშტი დიდხანს არ გააჩერეს, აფხაზეთის ახალი შინსახკომის, კაკუჩაიას ბრძანებით, ის სოხუმის რაიონ მაიაკში გადაასვენეს.

რატომ ებრძოდა ასე ხელისუფლება ნესტორ ლაკობას გვამს? რა იყო ამის მიზეზი ? რითაა განპირობებული ლაკობასადმი აფხაზური საზოგადოების დიდი სიყვარული.

ნესტორ აპოლონოვიჩი, როგორც მას ეძახდნენ, აფხაზეთში, გლეხის ოჯახში დაიბადა. პოლიტიკური ცხოვრება ადრეული ასაკიდან დაიწყო. ერთი ხანობა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა ბათუმში. მის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი 1921 წელი აღმოჩნდა, როდესაც აფხაზეთი ბოლშევიკებმა „გააწითლეს“. ლაკობა აფხაზეთში მთავარი მოქმედი პირი გახდა. მან საბჭოთა რივიერაში პატრონ-კლიენტური ურთიერთობის მინიმოდელი შექმნა. პარტიულ და აღმასრულებელ ორგანოებში ეთნიკური აფხაზები დაწინაურდნენ. ეს ტენდენცია 1931 წლამდე გაგრძელდა. შემდეგ კი აფხაზები რუსულმა და ქართულმა ელემენტებმა ჩაანაცვლეს აფხაზეთის ადგილობრივ თანამდებობებზე, თუმცა- ქვედა დონეზე. დომინანტური პოზიცია მაინც ლაკობასა და მის გარემოცვას ჰქონდათ დაკავებული.

ამავე პერიოდში  შავი ზღვის სანაპიროზე ხშირად მასპინძლობდნენ საბჭოთა კავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათთვის აშენდა სპეციალური სანატორიუმები და დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. პოლიტიკური ელიტის მასპინძლობა ასევე კარგი საშუალება იყო მათთან პირადი ურთიერთობების დასამყარებლად. ლენინის სიკვდილის დროს პარტიული დავალებით დასასვენებლად მყოფი ლევ ტროცკი ზუსტად ლაკობას გარემოცვაში იმყოფებოდა.

1920 წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირში დიდი მხარდაჭერა ჰქონდა ეთნიკურ უმცირესობებს, აფხაზების ეთნიკურ თვითგამორკვევასა  და საკუთარი, ნაციონალური სახის ჩვენებას ლაკობა დიდად უწყობდა ხელს. ასევე- აფხაზური კულტურისა და აფხაზური პოლიტიკური ელიტის დაწინაურებას სხვადასხვა თანამდებობაზე. 1925 წელს ტფილისში გამოვიდა ნაშრომი, რომელშიც აფხაზეთის ისტორია უძველესი დროიდანაა მოთხრობილი.  მისი ძირითადი მიზანიც აფხაზთა წარმომავლობის დადგენა იყო. ენის, მატერიალური კულტურისა და ისტორიის ინსტიტუტში დაიგეგმა რამდენიმე ეთნოგრაფიული ექსპედიცია აფხაზეთში. აფხაზი სტუდენტების ძირითადი კვლევის საგანი აფხაზეთი იყო.

1930-იანი წლიდან აფხაზეთში პოლიტიკური ცვლილებები დაიწყო, ლაკობას ნელ-ნელა დაეძაბა ურთიერთობა ლავრენტი ბერიასთან. შეიცვალა სსრკ-ის ნაციონალური პოლიტიკა. 1936 წლის 28 დეკემბერს მოცეკვავე სუხიშვილებთან სადილის შემდეგ ნესტორ ლაკობა გარდაიცვალა. აფხაზურ ისტორიოგრაფიაში უკვე დამკვიდრებული „ჭეშმარიტებაა“, რომ ლაკობა ბერიამ მოწამლა ზუსტად ამ სადილზე. მისი ნეშტი აფხაზეთში გადაასვენეს, რომელსაც დიდი პროცესია დახვდა. მშვიდობით, ჩვენო ძვირფასო ნესტორ!  ერთი დღის შემდეგ გაზეთ კომუნისტში ზუსტად ამ სათაურით დაიწერა მთავრობის დეპეშა ლაკობას მეუღლის, სარიას სახელზე, რომელიც რამდენიმე თვეში დააპატიმრეს.

1936 წლის მიწურულს რეპრესიები უკვე დაწყებული იყო. ლავრენტი ბერიამ ხელსაყრელი სიტუაცია გამოიყენა და საკუთარ კადრები და ერთგული ხალხი დანიშნა აფხაზეთში. აფხაზური ელიტა ნელ-ნელა ჩაანაცვლა ქართულმა (მეგრული) ელიტამ. ლაკობა ხალხის მტერი გახდა და მის მომხრეთა წინააღმდეგ გამართული საჩვენებელი სასამართლო პროცესების ნაწილი პრესის საშუალებით გაშუქდა.

აფხაზური ელიტა ვერ შეეგუა პრივილეგიების დაკარგვას, იმ პრივილეგიებისა, რომლებიც ნესტორ ლაკობას პირობებში გააჩნდა. მათთვის ლაკობა გახდა დიპლომატიის სიმბოლო, რომელიც თბილისის გვერდის ავლით ახერხებდა მოსკოვის ცენტრთან დაკავშირებას და აფხაზური ინტერესების დაცვას. ნესტორი იყო აფხაზური ეთნოსის დომინანტობის გარანტი ამ პატარა რესპუბლიკაში. ამიტომაც ბერიას დაპატიმრების მერე, როცა ბერიას მომხრეთა სასამართლო პროცესები დაიწყო, პირველი მწვავე რეაქცია აფხაზეთში მოჰყვა.

ე.წ. პერესტროიკის პერიოდში, 1988 წელს, თბილისში, დიღმის ხიდთან ლაკობას ძეგლის დადგმა იგეგმებოდა. ოფიციოზი ცდილობდა წარმოედგინა, რომ აპოლონოვიჩი ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრობის სიმბოლოს წარმოადგენდა.  ჩაფიქრებული მემორიალით აფხაზეთში ჩამოყალიბებული ნარატივის ჩანაცვლება უკვე შეუძლებელი იყო.  აფხაზებისთვის ნესტორ ლაკობა არის დაჩაგრული რაინდი, რომელმაც აფხაზებს არარსებული თავისუფლება აგრძნობინა და რომელიც თბილისში ვერაგულად მოკლეს. მერე რა, რომ ორივე კატეგორია,- როგორც  „თავისუფლება“,  ასევე „მოწამვლა“,- სადავოა. ისტორიული ნარატივები ხშირად ასე იქმნება და ის უფრო ძლიერია, ვიდრე თავად ისტორია, როგორც მეცნიერება.

ნესტორ ლაკობა; ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ნესტორ ლაკობა; ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ბიოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი