კალაძე პირდაპირ არ პასუხობს შეკითხვას – “ნარმანია ცუდი მერი იყო თუ კარგი”

კახა კალაძე პირდაპირ არ პასუხობს შეკითხვას, დავით ნარმანია კარგი მერი იყო თუ ცუდი.

“ან კი გიპასუხოთ, ან არა? მე მგონი, არასწორია”, – განაცხადა კალაძემ რ2-ის ეთერში გამართულ საარჩევნო დებატებზე, სადაც მას ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ ჰკითხა, მისი აზრით, ნარმანია კარგი მერი იყო თუ ცუდი.

“არავის ხელს არ ვაფარებ: ვიტყვი, როგორც ვხედავ. დათოს [ნარმანია] უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდა. შესაბამისად, რაც მან 3 წლის განმავლობაში მოახერხა… ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა, თუმცა ბევრია პრობლემები, რომლებიც თბილისს აწუხებს. დღეს ქართული ოცნებიდან მერობის კანდიდატად მე ვარ წარმოდგენილი, ხომ? შესაბამისად, იყო რაღაცები…”, – განაცხადა კალაძემ, რომელიც ქართული ოცნების პარტიის გენერალური მდივანია. ამავე პარტიის კანდიდატი იყო ნარმანიაც.

“ჩემთვის, პირველ რიგში, მთავარია კაცობა და ადამიანობა და მერე ვარ პოლიტიკოსი. მე პასუხისმგებლობას არ გავურბოდი არასდროს, არც დღეს გავურბივარ და მომავალშიც ასე ვაპირებ ცხოვრებას. სპორტიდან მოყოლებული ასე მოვდივარ. სპორტშიც გუნდურობა იყო მნიშვნელოვანი. ზოგი გამოდის და მარტოს მთების გადადგმა უნდა, მაგრამ გუნდის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. შესაბამისად, მე ვიზიარებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას, თუკი რაიმე შეცდომები იყო ამ ხუთი წლის განმავლობაში, ეს შეიძლება იყოს თვითმმართველობის მხრიდან, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. როცა პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე ვსაუბრობთ, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ვიღებ”, – განაცხადა კალაძემ და მიმართა ელენე ხოშტარიასა და ზაალ უდუმაშვილს, იღებდნენ თუ არა ისინი პასუხისმგებლობას 26 მაისზე. კალაძეს სტუდიაში 26 მაისის აქციაზე დაშავებული მომიტინგეების ფოტოებიც ჰქონდა მიტანილი.

ამის საპასუხოდ ელენე ხოშტარიამ მას ჰკითხა, იღებდა თუ არა პასუხისმგებლობას ტყუილებზე.

“დენზე რომ მოატყუეთ ხალხი, იღებთ პასუხისმგებლობას? ბიზნეს-ინტერესებით ფულის კეთებაზე?”.

ზალიკო უდუმაშვილმა კი ჰკითხა, იღებდა თუ არა კალაძე პასუხისმგებლობას “ბედუკაძის გმირად ქცევაზე”, რის საპასუხოდაც ამ უკანასკნელმა მათ “კოლექტიური ბედუკაძეები” უწოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com