ახალი ამბები

დეკლარაციების მიხედვით, გარე რეკლამას ოცნება და ევროპული საქართველო ინაწილებენ

17 ოქტომბერი, 2017 • 3304
დეკლარაციების მიხედვით, გარე რეკლამას ოცნება და ევროპული საქართველო ინაწილებენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილი საარჩევნო დეკლარაციების მიხედვით, რომლებიც 12 სექტემბერიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, საპარლამენტო პარტიებიდან გარე რეკლამისთვის მხოლოდ ორმა პარტიამ დახარჯა ფული, ესენია:ქართული ოცნება და ევროპული საქართველო.

გარე რეკლამად ბილბორდზე, ლაითბოქსზე, ქუჩაში დამონტაჟებულ ეკრანზე, სატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული რეკლამა მიიჩნევა.

“ქართულმა ოცნებამ” ზემოთ აღნიშნულ პერიოდში გარე რეკლამისთვის 1 562 194 ლარი დახარჯა, ხოლო ევროპულმა საქართველომ – 80 934 ლარი.

ქართული ოცნება

გარე რეკლამაში დახარჯული თანხის ნახევარი – 691 750 ლარი ოცნებამ კომპანია “ალმას” გადაუხადა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ალმას 100%-იანი წილის მფლობელი “გლობალ ინვესტორს ლიმიტედია”, რომელიც ოშფორშია რეგისტრირებული.

2017 წლის იანვარში კომპანია ალმას  შეერწყა ალმა ტრანსპორტი, ხოლო 2017 წლის მარტში – Color Media და ფერტუნა მედია. ალმას დირექტორი გიორგი ტრაპაიძეა.

ვისოლის ვებგვერდზე მითითებულია, რომ კომპანია ალმა ვისოლ ჯგუფის შვილობილი ბრენდია. კომპანია ალმა 1995 წელს დარეგისტრირდა.

ფერტუნა მედია 2008 წელსაა შექმნილი. 2010 წელს მის მფლობელებად დარეგისტრირებული არიან: შპს ფერტუნა – 31.6%; ინტესი (ისრაელი) – 31.6%; გალ ვაგნერი (უნგრეთი) – 31.6%; ორი რომენი (ისრაელი) – 5.2%.

კომპანიის ხელმძღვანელი ორი რომენთან ერთად ყოფილი გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილიც იყო.

რაც შეეხება კომპანია ალმა ტრანსპორტს, 2016 წელს თბილისის მერიის ტენდერში გაიმარჯვა და 2017 წლის აპრილამდე ავტობუსების მოსაცდელები უნდა დაემონტაჟებინა. მას მერიამ 20 წლის ვადით გადასცა მიწის ნაკვეთები მოსაცდელების მოსაწყობად.

კომპანია აუთდორ.ჯის ქართულმა ოცნებამ 376 827 ლარი გადაუხადა. კომპანიის 70%-იანი წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება “ედპროჯექტს ინკ” არის, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. აუთდორ.ჯი-ს 20%-ის მფლობელია “სამკუთხედი”, 10%-ის მფლობელი კი- “ჯეო ტეკი”.

შპს “სამკუთხედის” მფლობელი ასევე ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია “ედპროჯექტს ინკორპორეიშენი” არის. ხოლო “ჯეო ტეკის” მფლობელი შპს “ალმაა”.

კომპანია აუთდორ.ჯი წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან იყო დაკავშირებული.

კომპანია ბიგბორდს ქართულმა ოცნებამ 222 697 ლარი გადაუხადა. კომპანია ბიგბორდის მფლობელი აკაკი სხირტლაძეა.

ევროპული საქართველო

“ევროპულმა საქართველომ” გარე რეკლამისთვის 80 934 ლარი გახარჯა. აქედან “თი ენდ ენ”-ს გადაუხადა 15 200 ლარი, ხოლო შპს ალმას- 10 000 ლარი. აუთდორ.ჯი-ს კი, 55 734 ლარი. შპს “თი ენდ ენის” მფლობელები თამაზ გოგოლაძე და ნინო ნადირაძე არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი