ძალადობის მსხვერპლი: მცემდა, მერე მეფერებოდა – სიგიჟემდე მიყვარხარო

რამდენიმე დღეში მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მორიგ საპროცესო შეთანხმებას დაადასტურებს გ.ა-ს მიმართ. მას ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად. წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დუმილით უპასუხა ტრადიციულ შეკითხვას: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ? ეს დუმილი მოულოდნელი აღმოჩნდა პროკურორ ზურაბ კონცელიძისთვის, რომელმაც მანამდე თქვა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება [საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელი პირობაა ბრალის აღიარება, ასევე დაზარალებულის თანხმობა].

მოსამართლემ ბრალდებულს განუმარტა, რომ მას ელის ერთიდან სამ წლამდე  თავისუფლების აღკვეთა. გ.ა-ს მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ცემის ფაქტს არასრულწლოვანი შეესწრო. ბრალდებული პირობითად ძალადობის ბოლო ფაქტამდეც დასაჯა სასამართლომ – მაშინაც ყოფილი ცოლის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის. „ბათუმელები“ დაზარალებულ ქალს – ნინოს ესაუბრა.

რამდენი წელია, რაც ქმარს გაშორდით და რის გამო მოვიდა იგი თქვენთან 8 აგვისტოს?

დაახლოებით 5 წლის წინ დავშორდი, სისტემატურად ძალადობდა. მერე პერიოდულად ვხდებოდით ერთმანეთს საერთო შვილის გამო. საბა უკვე 5 წლისაა… ახლა ვიცი, რომ ერთხელ როცა გაშორდები, მერე აღარ უნდა შეურიგდე… ზაფხულის იმ ღამესაც უმიზეზოდ მოვარდა. წინა დღით, ანუ 7 აგვისტოს ტელეფონზე მომწერა და სურათი გამომიგზავნა, ამ ქალთან ერთად ვარო. ღმერთმა ბედნიერად გამყოფოთ-მეთქი, მივწერე. გაგიჟდა ამაზე. რას ჰქვია, არ ეჭვიანობო. მერე დავიძინე. ჩემი არასრუწლოვანი დაც ჩემთან იყო. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ.

დილის ოთხი იქნებოდა, მოვარდა, კარი ღია დაგვრჩენია და შემოვარდა. საწოლში დამიწყო ცემა, რომ წამოვდექი, ვენტილატორი გამოაძრო ჩამრთველიდან და მესროლა, მერე სკამი მირტყა თავში. გავითიშე. სასწრაფო ჩემს დას გამოუძახებია. სასწრაფომ პოლიციას  შეატყობინა…

პოლიციას რა შემთხვევაში მიმართავდით და მოქმედებდნენ თუ არა სამართალდამცველები დროულად?

კი, პოლიციას ხშირად ვურეკავდი ადრე. მოდიოდნენ. არ ვიცი, რამდენად ეფექტურია, მაგრამ მოდიოდნენ. ექვსჯერ გამოუწერეს ჩემ გამო შემაკავებელი ორდერი. ბოლოს პირობითი ჰქონდა. მაგ დროს ერთხელ კიდევ იყო ამ ბინაში მოსული და კედელზე მიმახეთქა. ეჭვიანობდა ყველაფერზე. საბაც შეესწრო ამას, გაგიჟდა ბავშვი, სულ ტიროდა, მამის დანახვა აღარ უნდოდა… მაგ დროს პოლიციისთვის არ დამირეკავს, ისე ჩაიარა.

პირველად როდის იძალადა და რა მოხდა მაშინ?

დავოჯახდი თუ არა, მალე გამოავლინა რეალური სახე. 17 წლის ვიყავი, ინტერნეტ საიტზე გავიცანი, შემიყვარდა და ცოლად გავყევი. მეცხრე კლასიდან გამოსული ვარ, აღარ ვსწავლობდი მაგ დროს. გივი ჩემზე 12 წლით უფროსია. ასაკით ასე უფროსს არ უნდა გაყვეს ადამიანი… იმას უკვე სხვა ინტერესები აქვს, სხვანაირად უყურებს ცხოვრებას. ჩვენ ხელვაჩაურში ვცხოვრობდით, ერთ დიდ ოჯახში – სულ 11 სული. გივის დედა და ძმები, რძლები დასაქმებული იყვნენ. გივი არსად მუშაობდა, მაგრამ ხშირად მიდიოდა ძმების რესტორნებში. მე ძირითადად სახლს ვალაგებდი, ძროხებიც გვყავდა…

დაქორწინებიდან მე-40 დღეს ტრადიციულად ჩემი მშობლების ოჯახში გამიშვეს. დედამთილმა სხვისი ოქროულობა გადმომცა და დამაბარა, აგენს ყველას დამიბრუნებ, სხვისიაო, ანუ ძვირფასეულობა დასანახად გამატანეს… ქმრის ოჯახში დავბრუნდი და დავაბრუნე ძვირფასეულობა.

საღამოს მოვიდა გივი სახლში და მითხრა, საჭმელი გამიცხელე და დამიდგიო. ასეთი წესი ჰქონდა, ჭამის დროს მასთან ერთად უნდა ვმჯდარიყავი მაგიდასთან. ვიდრე საჭმელი ცხელდებოდა, დედამისს ელაპარაკა, არ ვიცი, რა თქვეს, მაგრამ ის პირდაპირ მოვარდა ჩემთან. არაფერი არ აუხსნია, ტელეფონი ჩამარტყა თავში, ხელები კისერში მომიჭირა და ხრჩობა დამიწყო… მაშინვე ჩემს ოჯახს შევატყობინე, მიშველეთ-მეთქი. მოვიდნენ, ილაპარაკეს და წავიდნენ. ფეხმძიმედ ვიყავი უკვე.

ანუ შეთანხმდით, რომ გივი გამოსწორდებოდა?

მე არაფერი მითქვამს გივისთან. საერთოდ არ უნდოდა ლაპარაკი და რაღაცის ახსნა ჩემთვის… ხანდახან მცემდა, მერე დამშვიდდებოდა და მეფერებოდა, იფიცებდა, სიგიჟემდე მიყვარხარო. მეუბნებოდა, შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლიაო, მოგკლავ, თუ სხვასთან დაგინახავო. ეჭვიანობდა ყველაფერზე. შეიძლება დრო გასულიყო, არაფერი ეთქვა, მაგრამ, მაგალითად, თუ დაინახავდა, რომ ვიღაცამ შემომხედა, უკვე გიჟდებოდა, მაღაზიაშიც არ მიშვებდა მარტო. მისი ძმები მეუბნებობდნენ, გაგიჟებული გყავს სიყვარულით და იმიტომ იქცევა ასეო. ამ დროს მეგობარი ქალებიც ჰყოლია. ერთ-ერთი გავიცანი. იმან მითხრა, მეც მირტყამსო. ალბათ, როცა მოძალადეა მამაკაცი, მოძალადეა და იმას ვეღარ შეცვლი… ორი კვირა რომ გავიდა, ისევ სასტიკად მცემა და წამოვედი.

შემდეგ რატომ შეურიგდით?

შვილის გამო. საბა ხშირად ამბობდა, მამა მინდა, სხვებს მამები ჰყავთ, მე – არაო… როცა მისგან წამოვედი, მშობლების ოჯახში დავბრუნდი. მერე ისინიც გამიბრაზდნენ და სულ მარტო დავრჩი.

მშობლებთან რის გამო გქონდათ კონფლიქტი?

იმიტომ, რომ ნაყოფი არ მოვიშორე. იმ პირობით წამომიყვანეს, რომ ბავშვს მოვიშორებდი. ამ დროს უკვე დიდი იყო ნაყოფი. მეგონა, ექიმები მაინც უარს იტყვიან-მეთქი და წავყევი სამშობიაროში. თურმე ფულის გამო ყველაფერს აკეთებენ. მამზადებდნენ აბორტისთვის და ამ დროს კივილი ავტეხე, გამოვიქეცი… საბა რომ გაჩნდა, მამამ ნახა და გვარიც მისცა. ბავშვი ექვსი თვის იყო, როცა ყოფილ ქმარს შევურიგდი და ისევ ხელვაჩაურში დავბრუნდი საცხოვრებლად.

აღარ გქონდათ მოლოდინი, რომ ისევ იძალადებდა?

არა, უკვე ვიცოდი, რომ მოძალადე იყო…

რა დამოკიდებულება გქონდათ ამ დროს მასთან, ისევ გიყვარდათ?

მიყვარდა? არ ვიცი. ალბათ, უფრო არა. უფრო მეშინოდა მისი. დამოუკიდებლად როგორ შევძლებდი ცხოვრებას, ამისაც მეშინოდა. თან უკვე შვილი მყავდა. შერიგებიდან რამდენიმე დღეში ისევ იძალადა. პირდაპირ ქვა მირტყა თავში. დასისხლიანებული ვიყავი და ახლობლები მის დამშვიდებას ცდილობდნენ. მაშინ გივის ბიძიამ მითხრა, უნდა წახვიდე, თავს უშველოო… მას შემდეგ ნაქირავებში ვარ. გივისთვის ბავშვის ნახვის უფლება არ წამირთმევია. საბავშვო ბაღში დავიწყე მუშაობა და საბაც იქ მივიყვანე. სოციალური დახმარება დამინიშნეს, კვების ვაუჩერი მომცეს… გივის გადაჭრით ვუთხარი, რომ მასთან შვილის გარდა აღარაფერი მაკავშირებდა, მაგრამ მაინც მწერდა ხშირად, მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი, აღარ იძალადებდა და ასე შემდეგ. რამდენჯერმე შევიცვალე ტელეფონის ნომერი, მაგრამ მაინც მწერდა, მოსვენებას არ მაძლევდა… შემდეგ იყო ის, რაც უკვე მოგიყევით, როცა ვენტილატორი მესროლა, სხეული ახლაც დაშავებული მაქვს, თავში – ჰემატომა. ექიმები მეუბნებიან, რომ თუ თავის ტკივილები მაქვს, ოპერაცია უნდა გავიკეთო. თავი მართლაც მტკივა ხშირად…

რის გამო დათანხმდით გივისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას?

პროკურორმა მითხრა, ასე აჯობებს, წელიწადნახევარი ციხეში იქნება, მოსამართლე ამაზე მეტს მაინც არ მიუსჯისო… მერე გივის ოჯახის წევრებმაც დამირეკეს, გამოიტანე სარჩელი და გავაქრობთ გივის ბათუმიდანო. არაფერი მითქვამს. პირდაპირ გავუთიშე ტელეფონი… გავიგე, გივის მოსამართლისთვის უთქვამს, ბრალს არ ვაღიარებო, არადა პოლიციაში თქვა, შემომეცემაო. იმ ღამეს ფოტოებიც გადაიღეს და ექსპერტებთანაც ვიყავი. ახლა როგორ უარყოფს? მინდა, რომ დაისაჯოს და გაიაზროს, რაც გააკეთა. მის გარეშე ყველაფერს შევძლებ. მთავარია, დაცულად ვგრძნობდე თავს და არ მქონდეს შიში, რომ ის ისევ მოვა. საერთოდ რომ არ დავინახავდე, უკეთესი იქნება.

აღნიშნეთ, რომ არასდროს გისაუბრიათ გივისთან ძალადობის მიზეზზე. თქვენი დაკვირვებით, რის გამო გახდა გივი მოძალადე?

არ ვიცი. ჩემი აზრით, გაბრაზებული იყო სხვებზე და ჩემზე იყრიდა ჯავრს. ხშირად ამბობდა იმას, რომ  მშობლებმა ყველაფერი მის ძმებს მისცეს და მას არაფერი ჰქონდა. ამბობდა, იმათ შვილებს რატომ უნდა ჰქონდეთ და ჩემსას არაო. იმათ სიტყვიერად ეჩხუბებოდა და მერე მე მცემდა.

თვითონ გივიც ხომ არ ყოფილა ძალადობის მსხვერპლი, ვთქვათ, ბავშვობაში?

არ ვიცი ზუსტად. მე მამამთილი აღარ დამხვედრია, მაგრამ მონაყოლი აქვთ, რომ ხშირად აგდებდა ცოლ-შვილს გარეთ… მაშინ გივი პატარა ყოფილა. არადა, კარგი კაცი იყოო, ასე ამბობდნენ.

თქვენი აზრით, შესაძლებელია ძალადობრივი ქცევის შეცვლა, მაგალითად, ფსიქოლოგების დახმარებით?

არა, გამორიცხულია. ვერც კი წარმოიდგენთ, ისე უცებ იცვლებოდა გივის ხასიათი. მშვენივრად იყო დღეების განმავლობაში და მერე უცებ ისე გაბრაზდებოდა, ვერ გაიგებდი. აუხსნელი იყო, რატომ იქცეოდა ასე.

რას ურჩევდით ძალადობის სხვა მსხვერპლებს?

არ დაუთმონ არც ერთი წუთით მოძალადეს. როცა აღმოაჩენ, რომ მოძალადეა მამაკაცი, უნდა წახვიდე შენი გზით. იმის განცდა, რომ რაღაც შეეშალა, ან გამოსწორდება, არის აბსურდი. არც იმის შეეშინდეთ, რომ მარტო ცხოვრებას ვერ შეძლებენ. ყველაფერი გამოვა, მთავარია, ადამიანმა მოინდომოს… ახლაც ბინის ქირის პრობლემა მაქვს, მეტი – განსაკუთრებული არაფერი. ვურჩევდი გოგონებს, რომ ჯერ კარგად გაიცნონ ადამიანი და მერე დაოჯახდნენ. ახლა ვხვდები, რომ ეს აუცილებელია.

პ.ს. ჩვენი საუბრის ბოლოს ოთახში 5 წლის საბა შემოვიდა ნახატებით. ერთ-ერთზე გვითხრა, რომ საკუთარი დედ-მამა დახატა.

დღეს, 16 ოქტომბერს გ.ა-ს ადვოკატმა, ჯიმშერ არობელიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან უკვე მიღწეულია და სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, 18 ოქტომბერს გაიმართება. შეთანხმების მიხედვით, გ.ა-ს წელიწადნახევარი რეალური სასჯელი ელის, ხოლო 2 წელი – პირობითი მსჯავრი.

მთავარ ფოტოზე: 5 წლის საბას ნახატი საკუთარ მშობლებზე  

სტატია მომზადებულია ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი“. პროექტის პარტნიორია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.esaa-e1499848877508

ამავე თემაზე:

მოძალადეს არავინ აჩერებს

შვილები დედების წინააღმდეგ

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი