ახალი ამბები

დაძაბულობა ქურთისტანის ირგვლივ: შეტაკებები სადავო კირკუკის პროვინციაში

16 ოქტომბერი, 2017 • 2117
დაძაბულობა ქურთისტანის ირგვლივ: შეტაკებები სადავო კირკუკის პროვინციაში

ერაყის ქალაქ კირკუკში, რომელიც ოფიციალურ ბაღდადსა და ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობას შორის დავის საგანს წარმოადგენს, შეტაკებები მიმდინარეობს – ერთმანეთს უპირისპირდებიან ერაყის სამთავრობო ძალები და ქურთისტანის რეგიონის სამხედრო შენაერთი “პეშმერგა”. სხვადასხვა მხრიდან ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ, თუმცა ზუსტი ციფრის დადგენა, ამ დროისთვის, ვერ ხერხდება.

არსებული ინფორმაციით, ერაყის სამხედრო შენაერთებმა სადავო კირკუკში შესვლა 16 ოქტომბრის ღამით დაიწყეს. საერთაშორისო და ადგილობრივი მედია ორივე მხარის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეტაკებებისას ადგილი ჰქონდა მძიმე შეიარაღების, მათ შორის “Katyusha”-ს ტიპის რაკეტების გამოყენებას.

როგორც BBC ოფიციალური ბაღდადზე დაყრდნობით წერს, ერაყის შენაერთებმა დაიკავეს ძირითადი სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის- კირკუკის მისადგომებთან მდებარე საჰაერო ბაზა, გაზის საბადო და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნავთობკომპანიის ოფისები. ბაღდადის ცნობითვე, მოწინააღმდეგემ ტერიტორიები უბრძოლველად დატოვა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე წერტილში, მათ შორის ქალაქის სამხრეთში მიმდინარე შეტაკებების შესახებ.

დანაკარგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ქურთისტანიც ადასტურებს, თუმცა ამბობენ, რომ ბრძოლას განაგრძობენ. რეგიონის თავდაცვის მდივნის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, “პეშმერგას” შენაერთებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი ხუთი ჯავშანმანქანა გაანადგურეს. განცხადების მიხედვით, “პეშმერგა განაგრძობს ქურთისტანისა და მისი ხალხის ინტერესების დაცვას”.

“The Guardian”-ის ცნობით, კირკუკის გუბერნატორმა, რომელიც პროქურთული შეხედულებებით გამოირჩევა და პროვიცნიაში რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა, მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აქვს იმედი, რომ “პეშმერგას” შენაერთები ქალაქს დაიცავენ. თუმცა, BBC-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, უშუალოდ კირკუკში ქურთების თავდაცვითი შენაერთები არ ჩანან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქურთისტანის მიმართ ლოიალურად განწყობილი გუბერნატორი ერაყის პარლამენტმა 1 თვის წინ გადააყენა, თუმცა მოვალეობის შესრულებას ამ დრომდე განაგრძობს.

განვითარებულ მოვლენებს ერაყის პრემიერ-მინისტრი ჰაიდერ-ალ-აბადი განცხადებით გამოეხმაურა.

“ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა, დავიცვა ნაციონალური ერთობა, რომელსაც საფრთხე მიადგა ქურთისტანის მიერ ორგანიზებული რეფერენდუმის შედეგად”, – წერია განცხადებაში.

Al Jazeera-ს ინფორმაციით, შეტაკებების პარალელურად, ქალაქს მასობრივად ტოვებს მოსახლეობა, რის გამოც გზები გადატვირთულია.

კირკუკის გარშემო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქურთისტანის შენაერთებმა ქალაქი და პროვინცია ISIS-სგან გაათავისუფლეს, თუმცა ტერიტორია არ დაუტოვებიათ. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას ქურთისტანის რეგიონული მთავრობა აქაც აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ კირკუკი ავტონომიის შემადგენლობაში არ შედიოდა. ნავთობით მდიდარი პროვინციის საკითხმა ბაღდადსა და ქურთებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. საბოლოოდ, პროვინციაში რეფერენდუმი მაინც ჩატარდა.

დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ერაყის ქურთისტანში 25 სექტემბერს ჩატარდა, რომლის მონაწილეთა 92.73%-მა(მათ შორის, კირკუკელთა უმრავლესობამ) მხარი რეგიონის ერაყისაგან გამოყოფას დაუჭირა. ქურთისტანის საარჩევნო კომისიის ცნობით, რეფერენდუმში მონაწილეთა აქტივობამ 72% შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი