ახალი ამბები

შრომის ინსპექტირების შედეგები დახურული აღარ იქნება – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

16 ოქტომბერი, 2017 • 1817
შრომის ინსპექტირების შედეგები დახურული აღარ იქნება – საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლომ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების აქტების დახურულობის წესი არაკონსტიტუციურად ცნო – ამის შესახებ 13 ოქტმბრის გადაწყვეტილებაში არის საუბარი.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა EMC-ის და ა(ა)იპ „ერთობა  2013“-ის ერთობლივი სარჩელი მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წესთან დაკავშირებით, რომელიც შრომის პირობების ინსპექტირების შედეგად მომზადებულ ანგარიშებს/დასკვნებს და რეკომენდაციებს  არასაჯარო ინფორმაციად აცხადებდა.

“მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული დახურულობის წესის გაუქმება გულისხმობს ინსპექტირების შედეგების, დასაქმებული პირების სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან შრომით პირობებზე სახელმწიფო დაწესებულებებში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას დასაქმებულებისა და მესამე პირებისათვის,”- აცხადებს EMC.

EMC-ის ინფორმაციითვე, ორგანიზაცია წლების განმავლობაში ცდილობდა, საჯარო ინფორმაციაზე წვდომა საერთო სასამართლოში წარმოებული დავის ფარგლებში მოეპოვებინა.

“საკონსტიტუციო სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელეების არგუმენტს და სადავო ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის №1/4/757 გადაწყვეტილებით უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტურად მიიჩნია. ამ შემთხვევაშიც საჯარო ინფორმაციაზე წვდომის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილი ფორმალური კრიტერიუმის საწინააღმდეგოდ განსაზღვრული იყო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით – მთავრობის დადგენილებით და არა კანონით. სასამართლომ გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა მითითებულ საქმეში განვითარებული მსჯელობის გამო დადგენილად მიიჩნია და ინსპექტირების აქტების დახურულობის სადავო წესი ძალადაკარგულად საქმის არსებითად განხილვის გარეშე გამოაცხადა,”- აცხადებს EMC.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი