რა სჭირდება თბილისს? – რესპონდენტების 56% -ის აზრით, ის არასწორად ვითარდება

თბილისის საჭიროებების კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, რესპონდენტების 56% აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისი არასწორად ვითარდება.

კვლევა  „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტმა“ ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს მხარდაჭერით ჩაატარა და თბილისის საჭიროებებს აფასებს.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, კვლევის პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა და გამოიკითხა 3000 მოქალაქე.

სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტიტუტის ინფორმაციით, რესპონდენტთა შერჩევა საქართველოს 2016 წლის ამომრჩეველთა ცესკოს სიიდან მოხდა, გამოკითხვა თბილისის 10 რაიონში ჩატარდა.

კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 56% აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისი არასწორად ვითარდება. მათგან ნაწილი- 22% მდე, ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურადაა განწყობილი.

მთლიანობაში შეფასებულია სოციალური ცხოვრებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულების 21 სფერო. აქედან ყველაზე პრობლემურად დასახელდა შემდეგი სფეროები:

  • საყრდენი კედლები და ავარიული შენობები
  • სოციალური დაცვა
  • ახალი მშენებლობები
  • განათლების ინფრასტრუქტურა
  • გამწვანება
  • საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

 

კვლევის მიხედვით დადებითად შეფასდა თბილისის სოციალური ცხოვრებისა და ინფრასტრუქტურის შემდეგი სფეროები:

 

  • გარე განათება
  • დაგვა-დასუფთავება
  • ტურისტული ინფრასტრუქტურა

 

კვლევის მიხედვით, თბილისელთა უმრავლესობა, 66% საერთოდ არ არის ინფორმირებული 2017 წლის ბიუჯეტის და განსახორციელებელი პროგრამების შესახებ.

კარგად ინფორმირებულია 1,9 %, ხოლო მეტ-ნაკლებად ინფორმირებულად თავს 13,6% მიიჩნევს.

ტრანსპორტის სფეროში არსებულ ზოგად ვითარებას თბილისელები დადებითად აფასებენ, თუმცა ეს არ არის გამოკვეთილად დადებითი შეფასება და ის ახლოსაა ნეიტრალური (4 ქულა) შეფასების 7-ქულიან შკალაზე.

ტრანსპორტის სფეროში, თბილისის რაიონების დონეზე, შემდეგი საერთო პრობლემები დასახელდა.

  • გარკვეული მიმართულებით ავტობუსების ნაკლებობა
  • სამარშრუტო ტაქსების არაკომფორტულობა
  • ტროტუარებზე მანქანების პარკირება
  • სამგზავრო ავტობუსების არასახარბიელო ტექნიკური მდგომარეობა

გარდა ამისა, თბილისის ზოგიერთ უბანში გამოიკვეთა დამატებითი პრობლემა- ავტობუსების მოძრაობის დიდი ინტერვალი.

პრეზენტაციას თბილისის მერობის მხოლოდ ორი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი და თენგიზ შერგელაშვილი ესწრებოდნენ. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის თქმით, კვლევაში ასახულ მოთხოვნებს მისი პროგრამა სრულად პასუხობს.

“პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი კანით უნდა გრძნიბდეს ხალხის პრობლემებს. მე  პოლიტიკას დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. საგანგებო კვლევა არ ჩამიტარებია როგორც ვგრძნობდი და აღვიქვამდი პრობლემებს ამის მიხედვით დავწერე პროგრამა. ჩემი პროგრამა ერთიერთში ემთხვევა იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც ამ კვლევაშიც იყო. ძალიან მაგარი კვლევაა და დიდი მადლობა ამ კვლევის ავტორებს, ვინაიდან ეს კვლევა პრინციპში არის ფუნდამენტი მომდევნო ბიუჯეტის დაგეგმვის,”-განუცხადა “ნეტგაზეთს” ალეკო ელისაშვილმა.

“შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი კვლევის შედეგების შეფასებისას აცხადებს, რომ მისი წინასაარჩევნო პროგრამა თბილისელების მოთხოვნებს პასუხობს.

“ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა რომ სწორად შევიმუშავეთ ის პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც პროგრამაშია ასახული. ჩვენ თბილისის პრობლემების დეტალური გაანალიზება რამდენიმე თვის წინ გავაკეთეთ. გვაქვს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ თბილისში მდგომარეობა,”-ამბობს თენგიზ შერგელაშვილი.

კვლევა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” დირექტორმა ქეთი ხუციშვილმაც შეაფასა. მისი თქმით,  ფონდის მიერ დაფინანსებულ კვლევაში თბილისელების ძირითადი პრობლემები გამოჩნდა.

“ადგილობრივი არჩევნების წინ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა გაგვეგო თუ რა არის ქალაქის მოსახლეობის ძირითადი საჭიროებები. სწორედ ამიტომ დავაფინანსეთ “სოციალური “კვლევის და ანალიზის ინსტიტუტის” კვლევა, სადაც გამოჩნდა ძირითადი პრობლემები. მნიშვნელოვანია, რომ თბილისელების 56% მიიჩნევს რომ ქალაქი სწორი მიმართულებით არ ვითარდება. რა თქმა, უნდა კვლევაში არის პოზიტიური შეფასებებიც. აქ ძირითად მოხვდა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ქალაქის განვითარების რამდენიმე სხვა ტენდენცია,”-აცხადებს ქეთი ხუციშვილი.

 

 

                         

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.