სირია-აფხაზეთის “დიპლომატიური უვერტიურები” და მოსკოვის წინააღმდეგობრივი პოლიტიკა

მარიამ გრიგალაშვილი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი. სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე. 

27 სექტემბერს სირიის დელეგაცია ე.წ ოფიციალური ვიზიტით რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.  აღნიშნულ ვიზიტს წინ უსწრებდა აგვისტოში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტი დამასკოში. ორივე შეხვედრას ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო სირიის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი სოხუმში და მას რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს მიმართ პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება უწოდა.

მთავარი შეკითხვა, რომელიც აღნიშნული ვიზიტების შემდეგ ჩნდება – თუკი შეხვედრების დროს სირიის მთავრობა აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად მოიხსენიებს, მაშინ რატომ იკავებს დამასკო თავს ოკუპირებული ტერიტორიის ოფიციალურად ცნობისგან. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი  ჯერ კიდევ 2015 წელს გამოთქვამდა იმედს სირიის მხრიდან აფხაზეთის ოფიციალურად აღიარების თაობაზე. თუმცა, გააქტიურებული ურთიერთობების მიუხედავად, დამასკო არ ჩქარობს შეუერთდეს რუსეთის იმ კლიენტი სახელმწიფოების რიგს (ვენესუელა, ნაურუ, ნიკარაგუა) რომლებმაც უკვე აღიარეს სეპარატისტული რეჟიმი. თეორიულად, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე უკვე შელახულ იმიჯს სირიის ხელისუფლება დიდად აღარ უნდა უფრთხილდებოდეს. მიუხედავად იმისა, აფხაზეთის აღიარების შედეგად ასადის მთავრობა ერთით მეტ ბრალდებას მოისმენს თუ არა, სირიის გარშემო ზოგადი პოლიტიკური გარემო ნამდვილად არ შეიცვლება. შექმნილი ფონის გათვალისწინებით საინტერესოა, თუ რა შესაძლო მიზეზების გამო იკავებს თავს სირია აფხაზეთის ოფიციალური აღიარებისგან.

  • კრემლის წინააღმდეგობრივი პოლიტიკა. დეკლარირებული პოზიციის მიუხედავად, რუსეთისთვის შესაძლოა სულაც არ იყოს ხელსაყრელი სირიის მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება: ერთი მხრივ, სირიის არსებული რეჟიმის მიერ აფხაზეთის აღიარება არც მოსკოვსა და არც სოხუმს საერთაშორისო ლეგიტიმურობის განცდას არ სძენს. მეორე მხრივ, არაა გამორიცხული, ამ ეტაპზე რუსეთის პოლიტიკა რეგიონში სტატუს ქვოს შენარჩუნებაზე იყოს ორიენტირებული და არა აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდაჭერაზე. სწორედ ამ მიზეზით რუსეთი არ ცდილობს, განსაკუთრებული ზეწოლა განახორციელოს სირიაზე აფხაზეთის ცნობის მიზნით.
  • თუკი რუსეთს არ სურს აფხაზეთის აღიარების პოლიტიკის გააქტიურება, მაშინ რას უნდა ნიშნავდეს მისი მოკავშირის (სირიის საპარლამენტო დელეგაციის) ვიზიტი სოხუმში? რუსეთს დროგამოშვებით აფხაზეთის თემის წამოწევა საერთაშორისო დონეზე ნამდვილად ხელს აძლევს. ის, ერთი მხრივ, აფხაზეთს არწმუნებს, რომ მოსკოვს ვითომდა აღელვებს მისი საჭოჭმანო სტატუსი, ხოლო, მეორე მხრივ, მსგავსი იმპულსებით ქართულ საზოგადოებაში შფოთვის მიზეზს ქმნის, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების უკმაყოფილებაში გამოიხატება მთავრობის ეფექტურობის მიმართ და, შესაბამისად, წარმოიქმნება შიდა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ რამე შეცვალოს საგარეო პოლიტიკაში.
  • სირიაში მცხოვრები ქურთების საკითხი აფხაზეთის აღიარებით, შესაძლოა, გააქტიურდეს: თუკი დამასკო დაიწყებს და გააგრძელებს დე ფაქტო მთავრობებთან მოლაპარაკებებში შესვლას და თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებელ ერთეულებად ცნობას, ეს, სავარაუდოდ, მასვე დააზიანებს ერთგვარი ბუმერანგის ეფექტის გამო. ერაყში გამართული ქურთების რეფერენდუმის ფონზე, არავინაა იმის გარანტორი, რომ იგივე არ  განმეორდება სირიაშიც, რომელსაც ისედაც მეტად დაძაბული შიდაპოლიტიკური მდგომარეობა და ლეგიტიმაციის პრობლემები აქვს. აფხაზეთის დამოუკიდებლად ცნობით, სირიის მთავრობა დაკარგავს ყველა ლეგიტიმურ ინსტრუმენტს, შეეწინააღმდეგოს სირიის ტერიტორიაზე სამომავლოდ დამოუკიდებლობისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. როგორც სირიელი ქურთების ლიდერმა ერაყში გამართული რეფერენდუმის შემდეგ უკვე განაცხადა, სირიელ ქურთებს სურთ ფედერალური კავშირი სირიასთან, ფართო ავტონომიის კონტექსტში.
  • არცთუ საგანგაშო მდგომარეობა საქართველოსთვის: საბოლოოდ, ამ პროცესში რამდენიმე საგულისხმო ფაქტი იკვეთება. (1) რუსეთი ამ ეტაპზე დიდი ენთუზიაზმით არ ცდილობს სირიაზე ზეწოლას, რათა ამ უკანსკნელმა აღიაროს აფხაზეთი. (2) სირიის მთავრობის მხრიდან აფხაზეთის, როგორც რესპუბლიკად მოხსენიების ფაქტები გახშირდა, თუმცა ოფიციალურად აღიარებას სოხუმი უკვე მეორე წელია უშედეგოდ ელოდება. (3) არსებული იზოლაციის პირობებში, ბუნებრივია, სირიას მოკავშირე სჭირდება, თუნდაც სეპარატისტული აფხაზეთის სახით. თუმცა, მინიმუმ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე, ეს არ ნიშნავს მის უპირობო თანხმობას  აფხაზეთის ოფიციალურ აღიარებაზე, რაც დიდწილად შიდა პრობლემებით არის განპირობებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოკლევადიან პერსპექტივაში ნაკლებად მოსალოდნელია ოფიციალური დამასკოს მხრიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართულმა დიპლომატიამ მოადუნოს ყურადღება ამ მიმართულებით. პირიქით, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა საქართველოს სტრატეგიულ მოკვშირეებთან და სხვა არაბულ სახელმწიფოებთან, რათა, ერთი  მხრივ, გავაძლიეროთ არაღიარების პოლიტიკა, ხოლო, მეორე მხრივ, თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი მოულოდნელი უსიამოვნება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი