“საქართველოს ბანკის“ დააჩაღებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ “საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალის დააჩაღებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლომ ბრალდებული ი.ბ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

გამოძიების ცნობით, 2017 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 17:25 საათზე, ი.ბ. ქ.თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა სს „საქართველოს ბანკის“ კუთვნილ  თანხას 25 424,97 ლარის ოდენობით.

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ი.ბ. 2017 წლის 18 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით),  236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება) წარედგინა და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com