ახალი ამბები

“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” პრემიერს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

15 ოქტომბერი, 2017 • 1684
“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” პრემიერს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს

“ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა” 16 ოქტომებრს დაგეგმილი უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრის გაუქმების გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრს პროცესში პირადად ჩართვისკენ მოუწოდებს.

პლტფორმაში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე დაგეგმილი იყო ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარდგენა. კანონპროექტის ავტორები გეგმავდნენ სამთავრობო უწყებების მიერ კანონპროექტთან დაკავშირებული შენიშვნების განხილვას და იმედოვნებდნენ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მოხდებოდა:

“შეხვედრის გაუქმების მიზეზად დასახელდა ის მოვლენები, რომლებიც 12 ოქტომბერს, საბჭოს სხდომამდე ოთხი დღით ადრე, საბჭოს თავმჯდომარის მიერ დეკრიმინალიზაციის საწინააღმდეგო მოსაზრების პრესაში გავრცელების შედეგად განვითარდა. მოახლოებული საკომიტეტო განხილვებისა და ნოემბრის თვეში დაანონსებული პლენარული სხდომის ფონზე, სამთვრობო უწყებებთან შეხვედრამდე, როდესაც საზოგადოების ინტერესი ამ საკითხთან მიმართებაში განსაკუთრებით მაღალია, მოსალოდნელი იყო, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები საზოგადოების მწვავე რეაქციას გამოიწვევდა” – ნაქვამია “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის” განცხადებაში.

პლატფორმის წევრები აცხადებენ, რომ  მოვლენების ამგვარმა განვითარებამ შეაფერხა ჯანსაღი პროცესი, რომლის ფარგლებშიც უნდა მომხმდარიყო სამოქალაქო საზოგადოებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დიალოგის წარმართვა.

“აღნიშნული განსაკუთრებით დასანანია იმის გათვალისწინებით, რომ:
• კანონპროექტის ავტორებს ბოლო თვეების განმავლობაში გვქონდა მრავალი უშედეგო მცდელობა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაგვერთო კანონპროექტის შემუშავების პროცესში და მათთან პირისპირ გვემსჯელა იმ საკითხებზე, რომლებიც აზრთა ყველაზე მეტ სხვადასხვაობას იწვევს;
• ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ეტაპზე წარმოადგენს უნიკალურ გაერთიანებას, რომლის ფარგლებშიც მოხდა ქვეყანაში არსებული საექსპერტო და სამოქალაქო აქტივიზმის რესურსების უპრეცედენტო გაერთიანება – პლატფორმა წარმოადგენს ორმოცზე მეტი ორგანიზაციის და მათ უკან მდგომი ათობით ათასი ადამიანის პოზიციას და ინტერესს;
• ხელისუფლებას თავის წინასაარჩევნო პროგრამაში და უმაღლესი პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებში დაფიქსირებული აქვს კურსი ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმართულებით” – ვკითხულობთ განცხადებაში.

მოვლენების ამგვარი განვითარების გამო პლატფორმის წევრები მიიჩნევენ, რომ პროცესებში უმაღლესი პოლიტიკური პირები უნდა ჩაერთონ და ამ მოთხოვნით გიორგი კვირიკაშვილს მიმართავენ:

“მოგმართავთ თხოვნით, რომ პირადად ჩაერთოთ აღნიშნულ პროცესში და უახლოეს პერიოდში შეგვხვდეთ პლატფორმის წარმომადგენლებს. იმედს გამოვთქვავთ, რომ შესაძლებელი იქნება იმ ფორმატის გამონახვა, რომლის ფარგლებშიც მოხერხდება ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის და აღმასრულებელი ხელისუფლების კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა და კანონპროექტის ავტორებს მოგვეცემა შესაძლებლობა წარვუდგინოთ ჩვენი არგუმენტები ხელისუფლებას. პლატფორმასა და მთავრობას შორის მიმდინარე დიალოგი საქართველოს პარლამენტსაც მნიშვნელოვანად დაეხმარება საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად.

მიგვაჩნია, რომ საქართველო ახლოს არის უპრეცედენტო ნაბიჯის გადასადგმელად ზრუნვაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის მიღებით. თქვენი და მმართველი გუნდის გაცხადებული მთავარი ღირებულება ადამიანი და ადამიანების კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკაა. “გადაიხედება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, აგრეთვე პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან/და შენახვისათვის” – ეს “ქართული ოცნების” 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებაა, რაც დღემდე არ შესრულებულა და მხოლოდ დაპირებად რჩება, თუმცა საშემოდგომო სესიაზე ამ დაპირების რეალობად ქცევა და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის მიღება რეალური შესაძლებლობაა”  – ნათქვამია “ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


 

12 ოქტომბერს გავრცელდა თეა წულუკიანის პოზიცია პარლამენტში ინიცირებულ ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო რეფორმასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ “არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია”, რაც თეთრი ხმაურის მოძრაობისთვის გაუგებარია.

იუსტიციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თამარ კორძაიამ 13 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას აგრძელებს. თეა წულუკიანის განცხადებას ასევე გამოეხმაურა საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა. სნეპ-ის განცხადებითაც, სამწუხარო და გაუგებარია იუსტიციის მინისტრის ნეგატიური პოზიცია ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი