ახალი ამბები

დახურული პროცესის ჩანაწერების გასაჯაროება კანონდარღვევაა – ბესელია

15 ოქტომბერი, 2017 • 2118
დახურული პროცესის ჩანაწერების გასაჯაროება კანონდარღვევაა – ბესელია

ეკა ბესელია ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მიერ, ე.წ. “ციანიდის საქმეზე” სოსო ოხანაშვილის ჩვენების გასაჯაროებას უკანონოს უწოდებს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, დახურული პროცესის მასალების გასაჯაროება კანონის დარღვევაა და კანონში ჟურნალისტებისთვის გამონაკლისი დაშვებული არ არის.

მისი თქმით, “რუსთავი2” “ღიად და დაუფარავად ებრძვის პატრიარქსა და საპატრიარქოს” და ციანიდის საქმეში ტელეკომპანია მხარეს წარმოადგენს, რომელიც “ღიად იცავს დეკანოზ მამალაძეს”.

“უკანონოდ გასაჯაროებულ ჩვენებაში , რომელიც ფრიად საეჭვო ოხანაშვილს ეკუთვნის, ცრუ, თუმცა სრულიად გაუგებარი და არაფრისმთქმელი ფრაზები ისმის… მაგ.
,, ნაწილობრივ ერეოდა,, ( რაში ერეოდა? ვისთან ? ვის გამო???)
ან ფრაზა ,, არ გამოდიოდა მთელი თვე საპატრიარქოდან,, _
დიდი ბედნიერებაა, მთელი თვე იყო პატრიარქთან, მაგრამ სადაა ეგ ბედნიერება?
ეს ფრაზები შეიძლებოდა გამოყენებულიყო ისეთი ცილისმწამებლური ბრალდებებისთვის, რაც გუშინ გაახმოვანა ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ” – წერს ბესელია.

“ნეტგაზეთი” ბესელიას ბრალდებების საპასუხოდ “რუსთავი2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ტელევიზიას კანონი არ დაურღვევია და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მასალის გავრცელების უფლება ჰქონდა.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ მოსახლეობას ჰქონდა უფლება, სცოდნოდა ამ დახურულ სხდომაზე მიმდინარე პროცესების შესახებ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა მოვიპოვეთ დახურული სასამართლო სხდომის ფრაგმენტები, არა მხოლოდ ჩვენმა ტელევიზიამ, არამედ სხვა მედიასაშუალებებმაც. სამწუხაროა, რომ ქალბატონი ეკა ფიქრობს ასე. იყო რიგი მედიაექსპერტების და იურისტების მოსაზრება. ცხადია, ჩვენ გავიარეთ მათთან კონსულტაციები, ისევე, როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან. საუბარი იყო, რომ თუ პერსონალურად არ მოხდა ჟურნალისტის გაფრთხილება[სასამართლოს მიერ], მას წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გავრცელება შეუძლია,” – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

სასამართლოს მიერ ჟურნალისტის გაუფრთხილებლობაზე მიუთითებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი ლევან ვეფხვაძეც. მისი შეფასებით, მაშინ, როცა მსგავსი გაფრთხილება არ არსებობს, კანონი მედიასაშუალებას კონკრეტული მასალის გავრცელებას არ უკრძალავს.

“თუ ჟურნალისტს აქვს პროცესზე დასწრების საშუალება, გააფრთხილებს სასამართლო, რომ აქ მოსმენილი ინფორმაცია გარეთ არ გავიდეს და ინფორმაცია მაინც გავრცელდა. ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი სუბიექტი გვყავს და ჟურნალისტს დაეკისრება პასუხისმგებლობა. მაგრამ მხოლოდ ის ფაქტი, რომ ჟურნალისტს მიაწოდეს ინფორმაცია და მან ეს გაავრცელა, აღნიშნული არ წარმოადგენს არავითარ დანაშაულს. არსებობს გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელიც იცავს ჟურნალისტს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ჟურნალისტსა და ჩვეულებრივ მოქალაქეს ერთნაირი სტანდარტი ვერ ექნებათ. მას პროფესიულად აქვს ეს ფუნქცია, რომ გააშუქოს ინფორმაცია, თუნდაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე”, – განუცხადა ვეფხვაძემ “ნეტგაზეთს”.

“რუსთავი2”-მა პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენების აუდიოჩანაწერი გუშინ გამოაქვეყნა. ოხანაშვილის თქმით, პატიმართა შეწყალების სიებს კონკრეტული ადამიანები ადგენდნენ, რაშიც გარკვეულ თანხას იღებდნენ. აღნიშნულ პირებს შორის ის პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს, საპროკურორო საბჭოს წევრ ირმა ჭკადუასა და უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი