თბილისის პარკებში აზიური ფაროსანას მოსაზიდი ხაფანგები დაამონტაჟეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დედაქალაქში აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და არეალის დადგენის მიზნით თბილისის პარკებში, ბაღებსა და ტყე-პარკებში მავნებლის სპეციალური მოსაზიდი ხაფანგები, ფერომონები დაამონტაეს.

“პარკი „მზიური“; “ვ.გოძიაშვილის სახ.პარკი”; “რიყის პარკი”; “ვეტერანთა, დასვენების და კულტურის პარკი (კიკვიძის პარკი)”; “დიღმის ტყე-პარკი”; “თბილისის ზღვის პარკი;” “დედაენის პარკი”; “9 აპრილის პარკი”; “9 მარტის პარკი”; “ვერის პარკი”. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მავნებლის გამოვლენის შემთხვევაში, თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინსიტროსთან ერთად დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.
ამასთან, გრძელდება სრულმასშტაბიანი მონიტროინგი. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე დამონტაჟებულია 21 ათასი მოსაზიდი ხაფანგი და მოქმედებს ცხელი ხაზი (15-01)” – ვკითხულობთ სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოში მინიმუმ 230 ათასი ოჯახი ებრძვის აზიურ ფაროსანას, მწერს, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზარალა ადგილობრივი ფერმერები, რადგან გაანადგურა თხილის, სიმინდის, ბოსტნეულის მოსავალი. ამას გარდა, ფაროსანა სახლებსაც შეესია და ადამიანებს მექანიკური საშუალებებით უწევთ მათთან ბრძოლა, რადგან შხამ-ქიმიკატებს სახლში ვერ იყენებენ.

აზიური ფაროსანა (იგივე აზიური ბაღლინჯო) მავნებელი მწერია, რომელიც იკვებება მასპინძელი მცენარეებით. მავნებელი საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა.

მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავალს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან. ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან. ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას ფოთლის ქვედა მხარეზე ჯგუფებად. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები), რომლებიც ფერს თანდათან იცვლიან (მეორე ასაკში მოშავო, ხოლო შემდგომ -მოთეთრო-ყავისფერი ხდებიან), 5 ასაკის გავლის შემდეგ გადაიქცევიან ზრდასრულ მავნებლად – იმაგოებად. ზრდასრული მავნებლის ზომა 12-17 მმ-ია, განიერი, ყავისფერი, მარმარილოს სურათით – ფეხებზე, მუცლის გვერდებსა და ულვაშებზე თეთრი ზოლებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.