ახალი ამბები

პანკისის სათემო რადიოს თანამშრომლებს ტრანსგენდერ ქალზე დაწერილი სტატიისთვის ემუქრებიან

14 ოქტომბერი, 2017 • 2216
პანკისის სათემო რადიოს თანამშრომლებს ტრანსგენდერ ქალზე დაწერილი სტატიისთვის ემუქრებიან

პანკისის სათემო რადიოს ვებ-გვერდზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „პანკისიდან ევროპაში გაქცეული ტრანსგენდერი ქალის ისტორია“, რასაც მკითხველთა ნაწილის აგრესია, სიძულვილის ენის და მუქარის შემცველი კომენტარები მოჰყვა რესპონდენტის, სტატიის ავტორისა და სათემო რადიოს საქმიანობის მიმართ, რის გამოც WAY-ს რედაქცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურსა და შსს-ს რეაგირების მოხდენის თხოვნით მიმართავს.

მედიაორგანიზაციის განცხადებით, მკითხველთა ნაწილი დაჟინებით ითხოვს, რომ „მეტი დამაჯერებლობისთვის“ რადიომ დაასახელოს როგორც ძალადობის მსხვერპლის, ასევე იმ პირთა ვინაობა, ვინც მსხვერპლის განცხადებით, მასზე ზეწოლას ახორციელებდა.

პანკისის სათემო რადიოს რედაქცია განმარტავს, რომ მსხვერპლის ვინაობა რადიომ არ დაასახელა მისივე თხოვნით. მასალის გამოქვეყნებაზე რედაქცია და რესპონდენტი შეთანხმდნენ კონფიდენციალობის პირობების დაცვით ისე, რომ ჩვენი მხრიდან არ მომხდარიყო მსხვერპლის ან ამ საქმესთან დაკავშირებული პირების იდენტიფიცირება, რაც საბოლოოდ ისევ მსხვერპლის ვინაობის გარკვევის შესაძლებლობას მისცემდა დაინტერესებულ პირებს.

  • მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელმა პროგრამების მომზადებისას და მათი ეთერში გაშვებისას არ უნდა დაუშვას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ხელყოფა.
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-6 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.
  • ქარტიის მე-3 პრინციპი ჟურნალისტს ავალდებულებს, გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები.

სტატიის გამოქვეყნებამდე, როგორც პანკისის სათემო რადიოსგანცხადებაშია ნათქვამი, რესპონდენტის მიერ მოთხრობილი ფაქტები გადამოწმდა რამდენიმე წყაროსთან, მათ შორის სამართალდამცავი და არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე ინციდენტის თვითმხილველებთან. WAY-ის განცხადებით, მასალის დასრულების შემდეგ რედაქტორი პირადად ესაუბრა მსხვერპლს, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ რადგან არსებობს მის მიმართ შურისძიების საფრთხე იმ ქვეყანაშიც კი, სადაც ის ახლა იმყოფება, მაქსიმალურად დაგვეცვა მისი კონფიდენციალობა.

პანკისის სათემო რადიო მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რეაგირება მოხდინონ სოციალურ ქსელებში კონკრეტული პირების მიერ პანკისის სათემო რადიოს საქმიანობის შეფერხების ან/და იძულებით შეწყვეტის, რადიოს დამფუძნებლებისა და თანამშრომლების მიმართ მუქარის შემცველ, მათ შორის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის და სხვა უფრო მძიმე ქმედებებისკენ მიმანიშნებელ განცხადებებზე.

პანკისის სათემო რადიო - WAY

პანკისის სათემო რადიო – WAY

მასალების გადაბეჭდვის წესი