ახალი ამბები

ბირთვული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ: ტრამპის მუქარა ირანს

14 ოქტომბერი, 2017 • 1923
ბირთვული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ: ტრამპის მუქარა ირანს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას შეუძლია “ნებისმიერ დროს გამოთიშოს აშშ  ირანთან დადებული ბირთვული შეთანხმებიდან”. BBC-ის ცნობით, აშშ-ის პირველმა პირმა ირანის მთავრობას “ფანატიკური რეჟიმი” უწოდა და აღნიშნა, რომ მან უკვე არაერთგზის დაარღვია 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმება.

როგორც წესი, კონგრესი პრეზიდენტს ყოველ 90 დღეში სთხოვს, დაამოწმოს შეთანხმების ქმედითობა და მასში ირანის მონაწილეობა. წინა ორ შემთხვევაში ტრამპმა დაამოწმა აღნიშნული, ბოლოს კი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ახლა კონგრესს 60 დღე აქვს იმისთვის, რომ შეთანხმებაში აშშ-ის ყოფნის მომავალი განსაზღვროს და ეკონიმიკური სანქციების აღდგენის საკითხი განიხილოს. იმ შემთხვევაში, თუ სანქციები ამოქმედდება, ეს აშშ-ის მხრიდან შეთანხმების პირობების დარღვევად იქნება მიჩნეული.

ტრამპის განცხადებებს საერთაშორისო საზგოადოება უკვე გამოეხმაურა. ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის თქმით, აშშ-ს, რომელიც “ასეთი იზოლირებული არასდროს ყოფილა”, არ შეუძლია, შეცვალოს შეთანხმების პირობები. ტრამპის განცხადება კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ. მისი თქმით, ირანს შეთანხმება არ დაურღვევია და “მსოფლიოს მასშტაბით არც ერთ პრეზიდენტს ძალუძს აღნიშნული შეთანხმების შეწყვეტა”. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას გაემიჯნა ოფიციალური მოსკოვი – საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, რუსეთი რჩება შეთანხმების წევრად და “ემიჯნება აგრესიულ რიტორიკას საერთაშორისო ურთიერთობებში”. ამ დროსთვის, ისრაელი და საუდის არაბეთი არიან ის ქვეყნები, რომლებმაც ტრამპის განცხადებას მხარი დაუჭირეს.

ბირთვული შეთანხმება, ერთი მხრივ, ირანს, მეორე მხრივ კი, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, რუსეთსა და გერმანიას შორის 2015 წლის 14 ივლისს გაფორმდა. ისტორიული შეთანხმება ირანის მხრიდან ბირთვული პროგრამის შეზღუდვას და სანაცვლოდ მასზე დაწესებული მთელი რიგი ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითვალისწინებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი