ახალი ამბები

არა სისასტიკეს! არა მსხვერპლშეწირვებს! – ილია II-ის მოწოდებას საპატრიარქოსთან გააპროტესტებენ ?

14 ოქტომბერი, 2017 • 6087
არა სისასტიკეს! არა მსხვერპლშეწირვებს! – ილია II-ის მოწოდებას საპატრიარქოსთან გააპროტესტებენ ?

15 ოქტომბერს მარჯანიშვილის მეტროდან საპატრიარქომდე ცხოველთა დამცველები აქცია-მსვლელობას გამართავენ და გააპროტესტებენ ილია მეორის მრევლისადმი მოწოდებას იმის შესახებ, რომ სამი ცხვარი დაკლან და ამით გაჭირვებულებს დაეხმარონ.

“ამ დღეებში პატრიარქმა გააკეთა განცხადება, რომლითაც ისევ დაუჭირა მხარი ცხოველთა მსხვერპლშეწირვას. მან გააჟღერა და დადებითად შეაფასა იდეა, რომლის განხორციელებისას მსხვერპლად უნდა შეიწიროს ცხოველები. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია ძალადობის წამქეზებელი იმ იდეების მხარდაჭერა, რომლებიც მოუწოდებენ სისასტიკისა და სისხლისღვრისაკენ,” – აცხადებენ დაგეგმილი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები.

მათი განცხადებით, ცხოველთა რიტუალური მკვლელობები ყოვლად გაუმართლებელი სისასტიკეა. როგორც დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მსხვერპლშეწირვას არც ქრისტიანული რელიგია მოითხოვს (პირიქით, ეწინააღმდეგება ამას) და ეს არაფერ კარგს მოუტანს საზოგადოებას:

“მსაგავსი მსხვერპლშეწირვები მხოლოდ აღვივებენ სისასტიკეს საზოგადოებაში, აჩვევენ ადამიანს ძალადობას. მსხვერპლშეწირვისკენ მოწოდების და ზოგადად ცხოველთა რიტუალური მკვლელობების გასაპროტესტებლად გაიმართება მსვლელობა. შევიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროსთან, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირის და თავისფლების მოედნის გავლით ჩავალთ საპატრიარქოსთან.”

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა გასული კვირის ქადაგებისას განაცხადა, რომ “მოყვასისადმი სიყვარულისა და თანადგომის ნიშნად კარგი იქნება, თუ დასალოცად მოსული ესა თუ ის გვარი მთელი გვარის სახელით შესწირავს სამ ცხვარს, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა.” საპატრიარქოს განცხადებით, ეს არის ნებაყოფლობითი ქმედება და მისი განხორციელების შემთხვევაში მოწყალება გაკეთდება გვარის სახელით, რითაც ღვთივსათნო საქმე აღესრულება.

სამი ცხვარი. ფოტო: geograph.org.uk

სამი ცხვარი. ფოტო: geograph.org.uk

მასალების გადაბეჭდვის წესი