წულუკიანმა ნარკოპოლიტიკაზე უწყბათაშორისი სხდომა “აჟიოტაჟის” გამო გააუქმა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ეხმაურება მის მიერ 12 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების გამო ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე ჯგუფების კრიტიკულ შეფასებებს და აცხადებს, რომ 16 ოქტომბერს მოწვეული უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაუქმებულია. მისი თქმით, ეს სხდომა არ ჩატარდება, სანამ სიტუაცია არ დაუბრუნდება მშვიდ მდგომარეობას და ყველა არ გაიაზრებს იმას, რომ დეკრიმინალიზაციამდე გზა გადის ლიბერალიზაციაზე.

თეა წულუკიანის განცხადებით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი გახლავთ ნარკოპოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭოს თავმჯდომარე და მისი ყველა განცხადება მიმართულია იქით, რომ ის ასახავდეს უწყებათაშორისი საბჭოს ყველა მონაწილე უწყების თუ ორგანიზაციის პოზიციას მაქსიმალურად ზედმიწევნით.

“ასევე, ფაქიზად ეპყრობოდეს თითოეული უწყების პოზიციას. მართალია ის, რომ 2013 წლიდან მხარში ვუდგავარ და მხარს ვუჭერ ლიბერალიზაციის და საბოლოოდ, როდესაც ამისი შესაძლებლობა იქნება, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციას. ჩვენ გვაქვს სხვა პოზიცია და მე მაქვს ცოტა სხვა პოზიცია – ეს არის პოზიცია თანმიმდევრულობის და თანდათანობის. თანდათანობის გარეშე მე არ მგონია, რომ დღეს ჩვენ დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა მიგვიყვანს დეკრიმინალიზაციამდე. ვფიქრობ, როგორც ამ საბჭოს თავმჯდომარე, ლიბერალიზაციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, რომ სწორედ ნაბიჯ-ნაბიჯ, ლიბერალური ნაბიჯებით უნდა მივიდეთ დეკრიმინალიზაციამდე,” – აცხადებს იუსტიციის მინისტრო.

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, მას გული სწყდება იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთ დაინტერესებულ მხარეს აქვს ძალიან არასწორი წარმოდგენა იმ მიმდინარე რთული პროცესის შესახებ და აკეთებს განცხადებებს აბსოლუტურად გაუაზრებლად:

“ჩვენ 2013 წლიდან ვიმუშავეთ, რათა გადაგვედგა რევოლუციური ნაბიჯები. მაგალითად, სოზარ სუბართან და არჩილ თალაკვაძესთან ერთად ჩვენ შევძელით – და მე ვიყავი ამისი მონაწილე, რომ ციხეებში ის უნიკალური პროცესი დანერგილიყო, რაც ნარკოპოლიტიკის ერთ-ერთი, ადამიანის უფლებებზე მორგებული კომპონენტი აღმოჩნდა ყველა ობიექტური შემფასებლის შეფასების თანახმად. ასევე, ჩვენ, საბჭო ვიყავით იმისი მონაწილე, რომ სერგეენკომ გადადგა შესანიშნავი ნაბიჯი და გაუქმდა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, ზედოზირების შემთხვევაში ექიმი მანამდე ვალდებული იყო, პაციენტთან მისვლამდე პოლიცია ჩაერია საქმეში.”

თეა წულუკიანის განცხადებით, მისი უწყება გახლდათ ინიციატორი, მიუხედავად მაშინდელი პრემიერის [ირაკლი ღარიბაშვილის] წინააღმდეგობისა, რომ ემუშავა პროკურატურასთან: “ჩვენ ერთად ვიმუშავეთ – მე და ირაკლი შოთაძეს გვქონდა ერთნაირი გაგება საკითხისა, შევძელით და გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, როდესაც გავმიჯნეთ სისხლის სამართლის კოდექსში მოხმარებისა და გასაღების მუხლები. იყო ეს საკმარისი სისტემის გაადამიანურებისთვის? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ამ ნაბიჯის გარეშე არ იქნებოდა და არ იქნება სხვა არაფერი. შესაბამისად, მე ყველა დაინტერესებულ მხარეს მინდა მოვუწოდო, რომ შეცვალოს მიდგომა, რომელიც გულისხმობს: ვინ ჰკითხავს პოლიციელს, ვინ ჰკითხავს პროკურორს, ვინ ჰკითხავს მოსამართლეს, ვინ ჰკითხავს ზოგიერთ დეპუტატს, რომელიც არ არის დეკრიმინალიზაციის მომხრე, რადგან მათ ყველას ეკითხება აზრი, ყველა მინისტრსა და პრემიერს ეკითხება აზრი და ეს არის სწორედ უწყებათაშორისი საბჭოს ფუნქცია.”

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იმ აჟიოტაჟიდან გამომდინარე, რომლის მომსწრეც გახდა, ორშაბათს „თეთრი ხმაურის“ ნარკოპლატფორმის და სხვა მათი წარმომადგენლების თხოვნით მოწვეული ჰქონდა უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელსაც ახლა აუქმებს.

“ეს სხდომა აღარ ჩატარდება მანამ, სანამ სიტუაცია არ დაუბრუნდება მშვიდ მდგომარეობას და ყველა არ გავიაზრებთ იმას, რომ დეკრიმინალიზაციამდე გზა გადის ლიბერალიზაციაზე; რომ ყველა დაინტერესებული ძალოვანი სტრუქტურა უნდა იყოს ამაში ჩართული და პარლამენტში უნდა იყოს კონსენსუსი. მე ვიყავი მზად და მომავალშიც ვიქნები მზად, რომ შევასრულო დიალოგის გამაადვილებლის ფუნქცია,” – აცხადებს თეა წულუკიანი.

თეა წულუკიანის ამ განცხადებას “თეთრი ხმაურის მოძრაობა” უკვე გამოეხმაურა. მოძრაობის განცხადებით, ხელისუფლებას ჰქონდა შესაძლებლობა, ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა რეალურ სამუშაო ფორმატში ჩაეტარებინა, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კი მოვლენები ასე განვითარდა:

  • ბიუროკრატიული საბაბით (დარბაზში ორი ადგილი ვერ გამოინახა) საბჭომ პროცესების მიღმა დატოვა მომხმარებელთა სათემო ორგანიზაციები.
  • შეხვედრამდე ოთხი დღით ადრე კი მინისტრმა რეფორმის მთავარი კომპონენტის (მოხმარების დეკრიმინალიზაცია) საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, რითაც ბუნუბრავად გამოიწვია საზოგადოების უმწვავესი რეაქცია, ხოლო მოგვიანებით სხდომის გაუქმება აღელვებულ საზოგადოებას გადააბრალა.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ საზოგადოება წლების განმავლობაში ითმენს ნარკოპოლიტიკის სახელით უდანაშაულო ხალხის ჩაგვრას და საკმარისზე დიდხანს იყო მშვიდად. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, მღელვარება აღარ ჩაცხრება და ისინი არ აპირებენ ინერტულად ყოფნას, რადგან რეფორმის მოლოდინშია სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკით შეურაცხყოფილი ასიათასობით ადამიანი, როგორც საპატიმროებში, ისე მის გარეთ.

12 ოქტომბერს გავრცელდა თეა წულუკიანის პოზიცია პარლამენტში ინიცირებულ ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო რეფორმასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ “არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია”, რაც თეთრი ხმაურის მოძრაობისთვის გაუგებარია.

იუსტიციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თამარ კორძაიამ 13 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას აგრძელებს. თეა წულუკიანის განცხადებას ასევე გამოეხმაურა საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა. სნეპ-ის განცხადებითაც, სამწუხარო და გაუგებარია იუსტიციის მინისტრის ნეგატიური პოზიცია ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.