დიაბეტიანი ბავშვების დამხმარე რობოტები

ერთი შეხედვით სასაცილო კაცუნა, რობოტი – რომელიც გასართობ სათამაშოს ჰგავს, სინამდვილეში სულაც არ არის სათამაშო და დიაბეტიანი ბავშვების დასახმარებლად სპეციალურად შეიქმნა PAL (Personal Assistant for healthy Lifestyle) – პროექტით. დიაბეტიან ბავშვებს სკოლაში ყოველდღე უწევთ ფიქრი, სადილად რა მიირთვან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – სწორედ კვებაზეა დამოკიდებული ინსულინის დოზის გამომუშავება და ჰიპოგლიკემიური შეტევის თავიდან აცილება.

ევროპული კვლევითი პროექტის მიზანი დიაბეტიანი ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების  გამარტივებაა. ახალი ტექნოლოგიის ელექტრომოწყობილობის საშუალებით ბავშვები ადვილად ირჩევენ საჭირო და უსაფრთხო საკვებს. მოწყობილობა ყველა პროდუქტში გამოთვლის ნახშირწყლების რაოდენობას ინდივიდუალური ენერგომოხმარების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ რობოტი ამ ტიპის ინფორმაციას  გასართობი ფორმით აწვდის ბავშვს.

ფოტო www.pal4u.eu

ფოტო www.pal4u.eu

რობოტის შემქმნელები საავადმყოფოებთან, დიაბეტით დაავადებულთა ასოციაციებთან თანამშრომლობენ იტალიასა და  ნიდერლანდებში. ისინი მკურნალობის კურსში ჩართულ ბავშვებს სთხოვენ, გამოსცადონ მოწყობილობა და სცადონ ურთიერთობა რობოტთან, რომელსაც მწვრთნელის ფუნქცია აქვს. რობოტი მეგობრული კონსულტანტი ხდება და ბავშვებს ცხოვრების სწორი წესის დაცვაში ეხმარება. დროდადრო შეცდომებსაც უშვებს, რომლის გამოსწორებაც ბავშვებს თავადაც შეუძლიათ.

ექიმებს ერთ რობოტში ყოველი ბავშვის ინდივიდუალური პარამეტრები შეჰყავთ. დაკვირვების მიხედვით, პაციენტები, რომლებიც რობოტი-კონსულტანტის მომსახურებით სარგებლობენ, გაცილებით მეტი მონდომებით იტარებენ სამედიცინო-პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, იკეთებენ ანალიზებს.

ჩვეულებრივ, საავადმყოფოები ბავშვებს არ უყვართ, მაგრამ კლინიკაში რობოტი ყველაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ ის პრაქტიკულ სამუშაოს ასრულებს, გარემოსაც ახალისებს – ბავშვები სიამოვნებით ეთამაშებიან, მასთან ფოტოებს იღებენ და მეგობრებს უგზავნიან.

რობოტს შეუძლია პატარა პაციენტებს მოუწყოს ვიქტორინა, რომლითაც მათ დაბადების დღისთვის სასმელისა და  დესერტის არჩევას სთავაზობს. ვიქტორინაში ის იმარჯვებს, ვინც დიაბეტიანებისთვის ყველაზე უსაფრთხო ვარიანტებს მიანიჭებს უპირატესობას.

რობოტს ემოციის გამოცნობაც შეუძლია სახის გამომეტყველების მიხედვით. ის საჭირო დროს საჭირო ფრაზებს აწყობს და ბავშვების კითხვებზე პასუხების ,,მოფიქრებაც’’ არ უჭირს. მხიარული კაცუნას გარეგნობა მასთან ურთიერთობას ამარტივებს და ბავშვებისთვის სახალისოს ხდის.

რა თქმა უნდა, რობოტები არ იძლევიან სამედიცინო კონსულტაციებს, მათი ამოცანაა თამაშის ფორმით მიაჩვიონ ბავშვები, ყოველდღიურ ცხოვრებაში საკუთარ ავადმყოფობაზე პასუხისმგებლობა აიღონ.

ფოტო www.pal4u.eu

ფოტო www.pal4u.eu

გამომგონებლები ადასტურებენ, რომ ექიმების მიერ რობოტის პროგრამაში ჩატვირთული ინფორმაციის კონფიდენციალურობა გარანტირებულია.

მშობლების ინფორმირება შაქრის ზედმეტი მომატება – მოკლებისას აუცილებელია, მაგრამ ყველაფერი დანარჩენის კონტროლი რობოტის დახმარებით ბავშვებს თავად შეუძლიათ.

გამომგონებლები იმედოვნებენ, რომ პროექტის ტესტირებაში მონაწილე ბავშვების რიცხვი გაიზრდება და რობოტის საბოლოო სახის შემუშავებისას მათი სურვილები და შენიშვნები სრულად იქნება გათვალისწინებული.

 

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ნერგაძე