ახალი ამბები

არის თუ არა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელილი? – პოლიტიკური შეფასებები

13 ოქტომბერი, 2017 • 2413
არის თუ არა კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელილი? – პოლიტიკური შეფასებები

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა “მოტივირებული შენიშვნები” და კონსტიტუციაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. განხილვა ოპოზიციის პროტესტის და კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა, ხოლო რიგგარეშე სხდომის დასრულების შედმეგ პოლიტიკური შეფასებებიც გაკეთდა.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, ოთო კახიძე დღევანდელი რიგგარეშე სხდომის შეფასებისას აცხადებს, რომ მათი პარტია მხარს უჭერს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” დღეს ერთპარტიულად და საზოგადოების დაკვეთის გარეშე მიიღო ახალი კონსტიტუცია. მანამდე, მისმა გუნდმა პარლამენტში გამოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ “კონსტიტუცია ფეხქვეშ გაითელა”.

მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა არ შეთანხმდა პოლიტიკურ სპექტრთან და არასამთავრობო სექტორის შენიშვნების მიუხედავად, მაინც მიიღო ეს კონსტიტუცია, რომელიც არ არის პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი. როგორც ოთო კახიძე აცხადებს, ქვეყნის ძირითადი კანონი არ ასახავს საზოგადოებაში არსებულ რეალურ განწყობას.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მარგველაშვილის ვეტოს დაძლევისა და ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან უმრავლესობის გადაწყვეტილების შეფასებისას ამბობს, რომ დღეს ოცნებამ გადაწყვიტა, დადგომოდა გაყოფის და არა გაერთიანების გზას:

“დადგომოდა ერთპარტიულობის და არა მრავალპარტიულობის გზას. გუშინ კომიტეტის სხდომაზე, მე დაწვრილებით ჩამოვთვალე იმ პარტიების ისტორია, რომლებიც არიან დღეს წარმოდგენილნი ოპოზციურ სპექტრში. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ღირსებაზე მეტყველებს რომელიმე პარტიის, ოპოზიციური იქნება ეს თუ სამთავრობო პარტიის დამცირება იმიტომ, რომ ისინი ასე თუ ისე წარმოადგენენ პოლიტიკურ სპექტრს.”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კი ანა დოლიძის პოლიტიკურ შეფასებას “რადიკალი ოპოზიციონერის” განცხადებას უწოდებს. კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში მუდმივი პრობლემა იყო გაუმართავი კონსტიტუცია და ეს შეიძლება ითქვას ამ დრომდე არსებულ კონსტიტუციაზეც, რაც დღეს ძალიან დახვეწილი კონსტიტუციით შეცვალეს.

“როგორც ვენეციის კომისიამ აღნიშნა, როგორც სხვა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს, ყალიბდება ძალიან დახვეწილი ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა. ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი მიღწევა, ისტორიული გადაწყვეტილება და ამომრჩევლისთვის მიცემული დაპირება ჩვენი მხრიდან, რაც პირნათლად შევასრულეთ. ვტოვებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,” – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდოამრემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, როგორც კი მოეწერება ხელი დოკუმენტს, მაშინვე მოხდება იმ საკითხების ინიცირება, რომელიც აისახა ვენეციის კომისიის ბოლო დასკვნაში. ეს მოხდება უახლოესი დღეების განმავლობაში.

პარლამენტის თავმჯდოამრის თქმით, დოკუმენტზე ხელმოწერა მხოლოდ ტექნიკური საკითხია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, პრეზიდენტი მოაწერს ხელს თუ პარლამენტის თავმჯდომარე: “პრეზიდენტის პრეროგატივაა, პირველ რიგში, ხელის მოწერა, მაგრამ თუ ის არ მოაწერს ხელს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, პარლამენტის თავმჯდომარეა პასუხისმგებელი ხელმოწერაზე.”

ახლად მიღებულ კონსტიტუციას აკრიტიკებს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია. “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე დღევანდელი რიგგარეშე სხდომის შეფასებისას აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიზანი ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება იყო. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პროცესი შეეყვანათ ჩიხში, რაც პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა.

“მათ თავიდანვე ჰქონდათ პოზიცია, რომ არ იყვნენ მზად არანაირი კონსენსუსითვის. ეს კომისიის შექმნის პროცესშივე ჩანდა და მერე უკვე მათ პოზიციებშიც გამოჩნდა, როცა პარლამენტში ის პროექტი გაიტანეს, რომელიც არ იყო სახალხო განხილვაზე წარმოდგენილი. ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი, რომ ერთპარტიული კონსტიტუცია მიეღო. არ გაითვალისწინეს არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის და მათ შორის ვენეციის კომისიის მოთხოვნები,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თამარ კორძაია კი აცხადებს, რომ ეს კონსტიტუცია არაფრით უწყობს ხელს მრავალპარტიულობას და არასოდეს შექმნის ისეთ პირობებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნება აისახოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი