ახალი ამბები

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კონსტიტუციის პროექტზე – სრულად

13 ოქტომბერი, 2017 • 1689
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები კონსტიტუციის პროექტზე – სრულად

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “საქართველოს კონსტიტუციის პროექტის” მოტივირებული შენიშვნები წარადგინა, რომელსაც ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:

“დღევანდელ დღეს ჩვენ განსხვავებულ, არაორდინარულ, უპრეცედენტო, ისტორიულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. პირველად, საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები  წარდგენილია კონსტიტუციურ კანონთან დაკავშირებით.

დღევანდელი მოტივირებული შენიშვნები ეხება ქვეყნის უმაღლეს კანონს, რომელიც ადგენს ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფო ორგანოების ურთიერთობის წესს, რომელიც რეალიზებული უნდა იყოს მრავალი ათწლეულის განმავლობაში.

დღევანდელი დღე უპრეცედენტო და ისტორიული შემთხვევაა, რადგან ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის დოკუმენტი. ამ მოტივირებულ შენიშვნებს ჰყავს ორი მშობელი: ერთია “ქართული ოცნება”, რომლის მიერაცაა ინიცირებული, შექმნილი, ან საერთაშორისო ვალდებულებად აღებული პირველი 5 საკითხი. მეორე მშობელი- ოპოზიციური პარტიები არიან, რომლებიც მრავალსაათიანი შეხვედრების, დებატის, მუშაობის, ხანდახან ცხარე კამათის შედეგად შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე დოკუმენტს, საქართველოს კონსტიტუციას, შესძინონ თანხმობის დოკუმენტის ელფერი, გადაარჩინონ ის ერთპარტიული დოკუმენტის სტატუსისაგან და შეუერთდნენ კონსენსუსის დოკუმენტს.

დღევანდელი შემთხვევა უპრეცედენტო შემთხვევაა, შესაბამისად, ვინაიდან ეს ვეტო არის არა გაყოფის, არამედ კონსენსუსის, თანხმობის ვეტო, დავფიქრდეთ, რა ვითარებასთან გვაქვს საქმე. როდესაც 26 სექტემბერს ამ დარბაზში “ქართულმა ოცნებამ” კენჭიუყარა კონსტიტუციის პროექტს, ამ დარბაზში “ქართული ოცნება” იყო მარტო.

დღეს კონსტიტუცია მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით და მას აქვს მხოლოდ ერთი პარტიის კუთვნილება. ჩვენი ისტორიული გამოცდილება, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს არ არის სახარბიელო ვითარება.

შესაბამისად, პრეზიდენტი გვთავაზობს გამოსავალს არსებული არასახარბიელო ვითარებიდან. პრეზიდენტი გვთავაზობს საკუთარი მოტივირებული შენიშვნები გამოიყენოთ, როგორც საშუალება, რომ კონსტიტუციის პროექტს ჰქონდეს მინიმალური თანხმობის ხასიათი მაინც.

მხოლოდ პრეზიდენტს რომ დაწერა მოტივირებული შენიშვნები, მას ექნებოდა ძალიან განსხვავებული ხასიათი, მას ექნებოდა ბევრი შინაარსობრივი შენიშვნაც,იქნება ეს ადამიანის უფლებების თავთან დაკავშირებით თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

ბევრ პარტიას, რომელიც უერთდება ამ მოტივირებულ შენიშვნებს და რომლებმაც მიიღო მონაწილეობა კონსენსუსის დოკუმენტის შექმნაში, თავისი კონსტიტუცია რომ დაეწერა, ეს იქნებოდა განსხვავებული სახელმწიფოს კონსტიტუცია.

მაგრამ დღეს ჩვენ წინაშე არის მცდელობა, რომ იმ კონსტიტუციას, რომელიც მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, მინიმალურად მაინც მიენიჭოს მრავალპარტიული, მთელი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა.

შესაბამისად, ეს ისტორიული ვითარება იძლევა შანსს, რომ ერთპარტიული კუთვნილებიდან კონსტიტუცია გადაიქცეს მთელი პოლიტიკური სპექტრის,საქართველოს ამომრჩევლების კონტიტუციად.

ეს გადაწყევტილება მართლაც რომ ისტორიულ საფეხურზე გადაიყვანს ჩვენს სახელმწიფოს, განსაკუთრებულ ლეგიტიმაციას და სანდოობას შესძენს ამ დოკუმენტს.

კიდევ ერთხელ მოგახსენებთ ვენეციის კომისიის არაერთხელ გამეორებულ, დაჟინებულ რეკომენდაციას- ბოლო დასკვნის მე-16 პუნქტში განთავსებულს, სადაც ის მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია, ამ მასშტაბის დოკუმენტს ჰქონდეს, რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა, ის იყოს შექმნილი ფართო კონსენსუსით.

შესაბამისად, დღევანდელი მოტივირებული შენიშვნებისათვის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნით ახალი ტიპის პოლიტიკურ ერთობას.

სტაბილურობა იქმნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთობა, სადაც ჩვენ გვინდა, რომ სტაბილურობა დამკვიდრდეს, თანხმობა არსებობს.

სწორედ აქედან გამომდინარე, ევროპის სასამართლო ხშირად იმეორებს სიტყვებს ევროპული კონსენსუსი, რადგან სწორედ ევროპული კონსენსუსის მეშვეობით დგება ის ერთობა, რასაც ევროპა ჰქვია.

სწორედ თანხმობის მეშვეობით შევძლებთ ჩვენ შევქმნათ ის პოლიტიკური ერთობა, რომელიც იქნება მდგრადი, დემოკრატიული და სტაბილური.

თანხმობა, ბუნებრივია, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით ერთმანეთს მოსაზრებებში. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელს აწერენ 6 ოქტომბრის დოკუმენტს, თმობენ ძალიან ბევრ პრინციპულ პოზიციას, რომელიც მათ გააჩნიათ. ეს პოზიციები მათ შორის გამოხატული იყო 20 სექტემბრის კონსენსუსის დოკუმენტში, რომელზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.

ისინი საკუთარ პოზიციას არ ცვლიან, მაგრამ ამ ნაბიჯით, თანხმობის ნაბიჯის გადადგმით, ისინი აღწევენ უფრო ძვირფას, უფრო მნიშვნელოვან სიკეთეს და ეს სიკეთეა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს კონსტიტუცია, რომელიც არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის, არამედ ყველასია.

დღეს წარმოდგენილი 6 საკითხიდან 5 საკითხზე “ქართულ ოცნებას” გამოთქმული აქვს საკუთარი თანხმობა, ან აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულება. საარჩევნო ბლოკების დაშვება და ბონუსის სისტემის გაუქმება 2024 წლისათვის ვენეციის კომისიის წინაშე “ქართული ოცნების” მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებაა. იგივე ეხება ძალიან სამწუხარო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო  სასამართლოს ერთხმად უნდა მიეღო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგის გაუქმებაზე, რასთან  დაკავშირებითაც ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნა გამოითქვა. მსგავსი კრიტიკული პოზიცია გამოითქვა აღმსარებლობის თავისუფლებასთან მიმართებაში, რომლის ახალი ფორმულირება უფრო შემზღუდავია, რაც გახდა კრიტიკის ობიექტი, როგორც ვენეციის კომისიის, ისე  გაეროს და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ეს ოთხივე საკითხი მოთავსებულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

შესაბამისად, თუ საქართველოს პარლამენტი ამ შენიშვნებს დღეს უყრის კენჭს, საშუალება იქმნება, რომ კონსტიტუცია გასწორდეს დღესვე, გახდეს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისი, არ დაველოდოთ იმ განუსაზღვრელ მომავალს.

მე-5 საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც, მე ვიტყოდი, იყო “ქართული ოცნების” ოცნება, ეს არის 2020 წელს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა.

“ქართული ოცნების“ ოცნება, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა დაუყოვნებლივ 2020 წლიდან ცვლილებების თავდაპირველ პროექტში იყო ჩადებული და ეს იყო ის ცვლილება, რაზეც საუბრობდა მთელი საქართველო და ვენეციის კომისია 6 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი განხილვებისას.

სამწუხაროდ, ამ ოცნების განხორციელება გადაიდო მომავლისთვის და ეს მწუხარება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მწუხარება- ეს ვენეციის კომისიის მწუხარებაცაა, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ ძალიან სამწუხაროა ამ ცვლილების გადადება. ამასვე მიუთითებს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის- სამი დღის წინ გაკეთებული განცხადებით ევროკავშირი.

პროპორციული არჩევნების გადადება გაშვებული შესაძლებლობაა, რომ მალევე, პირველივე შესაძლებლობით საქართველოში დამკვიდრდეს სამართლიანი საარჩევნო სისტემა.

დღევანდელი საარჩევნო სისტემა ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, ვინაიდან ის უზრუნველყოფს უდიდესი უმრავლესობით რომელიმე პარტიის ხელისუფლებაში მოსვლას და ჩვენ ამის სამწუხარო მაგალითები და სამწუხარო შედეგები ნანახი გვაქვს.

არაერთხელ გამხდარა ეს საარჩევნო სისტემა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის, “ქართული ოცნების“ დღევანდელი წევრების მხრიდან, რომლებიც მსხვერპლად ეწირებოდნენ იდეას პროპორციულ არჩევნებზე დაუყოვნებლივ გადასვლასთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, ეს იდეა გადაიდო სხვადასხვა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. დღევანდელ დღეს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით არსებობს შესაძლებლობა, რომ ,”ქართულმა ოცნებამ” გადადგას ისტორიული ნაბიჯი და ძალაში შეიყვანოს და განახორციელოს საკუთარი ოცნება და საქართველო გადაიყვანოს დემოკრატიული განვითარების პრინციპულად ახალ ეტაპზე. ამას უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდაჭერა, რომელიც, როგორც რეალური ნაბიჯი, უზრუნველყოფს საკუთარი ხმების მხარდაჭერას ამ პროექტისათვის.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” იმოქმედებს პრინციპების და არა პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით, ჩვენ შევძლებთ ოპოზიციის მეშვეობით, (ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს ამ კონსტიტუციის პროექტის მხარდაჭერაში), შევქმნათ თვისობრივად ახალი საარჩევნო სისტემა.

დაბოლოს, პრეზიდენტის არჩევნები, ის, რომ ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება თავად გადაწყვიტოს, ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი, ის, რომ ქართველ ხალხს უნდა დაიცვას საკუთარი ისტორია, საკუთარი ჯაფით, საკუთარი შრომით, ოფლით, მიტინგებზე სიარულით შემქნილი ისტორია, თვითონ აირჩიოს, ვინ იქნება პრეზიდენტი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი