ახალი ამბებისამართალი

ბიზნესმენის გატაცების მცდელობაში ეჭვმიტანილებს ბრალი წაუყენეს

13 ოქტომბერი, 2017 • 2991
ბიზნესმენის გატაცების მცდელობაში ეჭვმიტანილებს  ბრალი წაუყენეს

შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად 4 დაკავებულ პირს, რომლებსაც  გამოძიება ერთ-ერთი ბიზნესმენის გატაცებასა და ფულის გამოძალვის მცდელობაში ადანაშაულებს, ბრალი წაუყენეს.

შსს ბიზნესმენის ვინაობას არ ამხელს, თუმცა ეს ბიზნესმენი, სავარაუდოდ, სამშენებლო ჰიპერმარკეტ “გორგიას” დამფუძნებელი გია  გორგოშაძეა. “გორგიას” პრესსამსახურის წარმოამდგენელმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ამ საკითხზე  ინფორმაცია არ აქვთ.

შსს-მ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით თბილისში 4 ადამიანი გუშინ დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით მოქალაქე გ. გ-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს. უწყების ცნობით, განზრახვის აღსრულების მიზნით, მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მას აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ბრალდებით, საქართველოს სსკ-ს 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე და  შვიდიდან ათ წლამდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი