ახალი ამბები

“ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია” – საპარლამენტო უმცირესობამ ბანერი გამოფინა

13 ოქტომბერი, 2017 • 2076
“ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია” – საპარლამენტო უმცირესობამ ბანერი გამოფინა

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და კონსტიტუციის პროექტის დამტკიცებას უმცირესობის პროტესტის ფონზე გეგმავს. სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ” კი გამოფინა ბანერი – “ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია”.

"ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია" - ევროპულმა საქართველომ რიგგარეშე სხდომაზე ბანერი გადმოფინა

“ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია” – ევროპულმა საქართველომ რიგგარეშე სხდომაზე ბანერი გადმოფინა

პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს სთავაზობს, რომ კონსტიტუციის პროექტის მიღება გადადოს იმ დროისთვის, როცა საქართველოს ორპალატიანი პარლამენტი ეყოლება, რადგან ამ დოკუმენტის ავტორი და მხარდამჭერი მხოლოდ ერთი პარტიაა. ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მას შემდეგ, რაც ანა დოლიძემ პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო, პარლამენტარებმა მას კითხვები დაუსვეს. პარლამენტში ერთადერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის სასარგებლოდაც “ქართულმა ოცნებამ” მთაწმინდის ოლქში კანდიდატი არ წარადგინა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს უსაყვედურა და განაცხადა: “როდესაც ამბობთ, ამ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა პარტიამო, თქვენ გავიწყდებათ, რომ არსებობენ დამოუკიდებელი დეპუტატები და ეს არის საკმაოდ შეურაცხმყოფელი ჩემი ამომრჩევლისთვის.”

მიუხედავად იმისა, რომ ანა დოლიძე უმრავლესობის კეთილგონიერების იმედზე საუბრობს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დღეს, 13 ოქტომბერს, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და საქართველოს ახალი კონსტიტუცია იქნება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრები ჯერ კიდევ მოტივირებული შენიშვნების მოსმენამდე საუბრობდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მოწონებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტს ეწინააღმდეგება როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია. ისინი მიიჩნევენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუცია “საკუთარ თავზე მოირგო”. მმართველი გუნდისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწონებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების გარდა, ასევე აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი