ახალი ამბები

ცესკომ 2017 წლის არჩევნების შუალედური ანგარიში წარადგინა

13 ოქტომბერი, 2017 • 1699
ცესკომ 2017 წლის არჩევნების შუალედური ანგარიში წარადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საარჩევნო სუბიექტებსა და მედიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში, 27 სექტემბრამდე, განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

ცესკოს თავმჯდომარემ პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების, საარჩევნო პროცესის ორგანიზების, სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამების, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობის, საინფორმაციო/საიმიჯო კამპანიისა და სხვა საკითხების შესახებ.

“ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა დავნერგეთ წელს. გვინდა ეს ყველაფერი გავაცნოთ საზოგადოებას. ჩვენს ანგარიშში მოცემულია ის ღონისძიებები და ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას საარჩევნო პროცედურებში და რომლებმაც ძალიან წარმატებით იმუშავა საპილოტე რეჟიმში. საბოლოო ჯამში, დღეს ჩვენ წარვადგენთ ჩვენს მზაობას არჩევნების ჩასატარებლად და ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას,” – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

თამარ ჟვანიამ ისაუბრა ქცევის კოდექსზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად 31 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი და შეთანხმდნენ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.

ცესკოს ინფორმაციით, თამარ ჟვანიამ ასევე გაამახვილა ყურადღება უსაფრთხო საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ცესკოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე; დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაზე.

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ გაფორმდა მემორანდუმი ცესკოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის, რომელსაც ერთი პოლიტიკური პარტია შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები საარჩევნო კოდექსში 45-ე, 48-ე, 49-ე მუხლების ერთგვაროვან განმარტებაზე შეთანხმდნენ.

2017 წელს ცესკომ და სწავლების ცენტრმა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის განახორციელეს 6 საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 8 000-ზე მეტმა პირმა. ცესკო აღნიშნავს, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმდნენ სასწავლო პროექტების „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსების“ და „საარჩევნო განვითარების სკოლის“ კურსდამთავრებულები; ისინი ასევე მოხალისეებად ჩაერთნენ ცესკოს ახალი ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ განხორციელებაში.

მოქალაქეების მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემებისა და საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობის გადამოწმების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა პროექტის მეორე ეტაპი „იპოვე შენი თავი – იპოვე შენი უბანი“, რომლის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 166 აქცია გაიმართა, მათ შორის 20 – თბილისში. ინფორმირების შედეგად, ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმებისთვის ცესკოს მიერ შეთავაზებული სერვისებით, 27 სექტემბრის მდგომარეობით, ისარგებლა 319 079-მა ამომრჩეველმა.

ცესკოს ცნობით, საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის შეიქმნა ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა, რომელსაც პრაქტიკულად ანალოგი არ აქვს. მათი ინფორმაციით, პარტიების ნაწილმა თავისი წარმომადგენელი ყველა დონის კომისიაში ელექტრონული წესით უკვე დანიშნა.

როგორც ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

თამარ ჟვანია, ცესკოს თავმდჯომარე

თამარ ჟვანია, ცესკოს თავმდჯომარე

მასალების გადაბეჭდვის წესი