ახალი ამბები

ხათუნა სამნიძე – ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ერთპარტიული კონსტიტუცია მიეღო

13 ოქტომბერი, 2017 • 1966
ხათუნა სამნიძე – ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ერთპარტიული კონსტიტუცია მიეღო

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა “მოტივირებული შენიშვნები” და კონსტიტუციაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. განხილვა ოპოზიციის პროტესტის და კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა.

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე საკონსტიტუციო ცვლილებების შეფასებისას ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიზანი ერთპარტიული კონსტიტუციის მიღება იყო.

“ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი  და ეს არის პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარის  პასუხისმგებლობა, რომ  პროცესი შეეყვანათ ჩიხში. მათ თავიდანვე ჰქონდათ პოზიცია,  რომ არ იყვნენ მზად არანაირი კონსენსუსითვის. ეს კომისიის შექმნის პროცესშივე ჩანდა და მერე უკვე მათ პოზიციებშიც გამოჩნდა,  როცა პარლამენტში ის პროექტი გაიტანეს, რომელიც არ იყო სახალხო განხილვაზე წარმოდგენილი. ქართულმა ოცნებამ გააკეთა ყველაფერი, რომ ერთპარტიული კონსტიტუცია მიეღო. არ გაითვალისწინეს არასამთავრობო ორგანიზაციების, საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის და  მათ შორის ვენეციის კომისიის მოთხოვნები,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

თამარ კორძაიას თქმით,  ეს კონსტიტუცია არაფრით არ უწყობს ხელს მრავალპარტიულობას და   არასოდეს  შექმნის ისეთ პირობებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება, საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნება აისახოს.

“რესპუბლიკური პარტია ზოგადად თვლის, რომ კონსიტუციური ცვლილებების პაკეტი, საბოლოო ჯამში, იმ მიზანს არ ემსახურება, რისთვისაც საერთოდ ქართულმა ოცნებამ დაიწყო კონსტიტუციური რეფორმა. კონსტიტუციურ რეფორმაზე საუბარი ჯერ კიდევ  2012 წელს დაიწყო კოალიციურ რეჟიმში, მაგრამ  პროცესი კოალიციურ რეჟიმში არ განხორციელდა. ყველაზე სამწუხარო ამ პროცესში არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ მოატყუა ამომრჩეველი და საკუთარი მოქალაქეები, რადგან კოალიციურ რეჟიმში  ქართული ოცნების არც ერთი წევრი არ იყო მოტივირებული, კონსტიტუციურ ცვლილებებზე ემუშავა იმიტომ, რომ ამ რეჟიმში მათ მოუწევდათ კონსენსუსზე წასვლა.  ყველა აქტორმა, ვინც კი ამ პროცესში კვალიფიციურია, უარყოფითად შეაფასა ის, რომ ერთპარტიულად იქნა მიღებული ეს კონსტიტუცია,” – აცხადებს თამარ კორძაია.

პრეზიდენტმა პარლამენტს 6 პუნქტისაგან შემდგარი მოტივირებული შენიშვნები რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. დოკუმენტში ბლოკებისა და ბონუსების სისტემის, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსა და რელიგიურ აღმსარებლობასთან დაკავშირებული საკითხებია ასახული.

მასალების გადაბეჭდვის წესი