ახალი ამბები

თამარ კორძაია: “ოცნება” აგრძელებს იმ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რომელიც დაიწყო ენმ-მ

13 ოქტომბერი, 2017 • 2394
თამარ კორძაია: “ოცნება” აგრძელებს იმ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რომელიც დაიწყო ენმ-მ

12 ოქტომბერს გავრცელდა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პოზიცია პარლამენტში ინიცირებულ ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო რეფორმასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობს, რომ “არამც და არამც არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია”.

იუსტიციის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა თამარ კორძაიამ 13 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას აგრძელებს.

“გუშინ “იმედი ნიუსმა” გაავრცელა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კომენტარი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას. სამწუხაროა, როდესაც “ქართული ოცნების” და მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებენ. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალურად მმართველი პოლიტიკური გუნდი აგრძელებს იმ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რომელიც დაიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მხოლოდ და მხოლოდ მოქალაქეების ინდივიდუალური ბრძოლის შედეგად უწევს დათმობებზე წასვლა. “რესპუბლიკური პარტია” მიიჩნევს, რომ რეპრესიული პოლიტიკა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ არ შეიძლება ნარკომომხმარებელი იყოს დამნაშავე. არ შეიძლება ადამიანი ჩავსვათ ციხეში იმიტომ, რომ ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და საკუთარ სიცოცხლეს. ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ზიანს აყენებს სხვას,” – განაცხადა თამარ კორძაიამ. 

აქედან გამომდინარე, როგორც თამარ კორძაია ამბობს, არსებული ნარკოპოლიტიკა არის რეპრესიული: “ის ემტერება ადამიანს, ადამიანის თავისუფალ ნებას. რესპუბლიკელელებს მიგვაჩნია, რომ ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ჩვენი სტრატეგია ამასთან დაკავშირებით და ვთვლით, რომ პორტუგალიის მაგალითი არის იდეალური, რადგან ის უცხადებს ადამიანს თანადგომას – ადამიანს, რომელსაც სჭირდება თანადგომა და არა ციხეში ჩასმა. ვუერთდებით “თეთრი ხმაურის” მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ დროა დაიწყოს ცვლილებები და სრულად ვართ მათი სულისკვეთების გამზიარებლები.”

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ ადამიანმა ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო- იქნება ეს მარიხუანა, აბები თუ ინტრავენული ნარკოტიკი- ციხის სასჯელი უნდა მოიხადოს, 57% კი მიიჩნევს, რომ ციხის სასჯელი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანებმა არ უნდა მოიხადონ. 7%-მა ამ შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი