ახალი ამბები

პრეზიდენტი: გადავარჩინოთ დოკუმენტი ჩრდილისგან, რომლის მხარდამჭერია მხოლოდ ერთი პარტია

13 ოქტომბერი, 2017 • 2226
პრეზიდენტი: გადავარჩინოთ დოკუმენტი ჩრდილისგან, რომლის მხარდამჭერია მხოლოდ ერთი პარტია

პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს სთავაზობს, რომ კონსტიტუციის პროექტის მიღება გადადოს იმ დროისთვის, როცა საქართველოს ორპალატიანი პარლამენტი ეყოლება, რადგან ამ დოკუმენტის ავტორი და მხარდამჭერი მხოლოდ ერთი პარტიაა. ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია წინააღმდეგია ამ დოკუმენტის, იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი იყოს თანხმობის დოკუმენტი, შევძლოთ მისი რეალიზება და ის იყოს ყველასთვის მისაღები, პრეზიდენტი გთავაზობთ, რომ დღეს არ მივიღოთ გადაწყვეტილება ამ საკითხზე, არამედ ეს გადაწყვეტილება დავუტოვოთ მომავალ თაობებს, როდესაც ჩვენ გვექნება გაწონასწორებული სისტემა, როდესაც ჩვენ გვექნება არჩეული ორპალატიანი პარლამენტი. მან მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესი,” – ამბობს ანა დოლიძე.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში დაბალანსებული იქნება ძალაუფლება პარლამენტს შიგნით. ასევე – პარლამენტსა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის:

“როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, როგორც განაცხადა ვენეციის კომისიამ საკუთარ დასკვნაში, დღევანდელ დღეს, ვინაიდან არ გვაქვს ორპალატიანი პარლამენტის სიტემა და არ გვაქვს ბევრი ბერკეტი, რომელიც გააწონასწორებს საქართველოს პარლამენტს, თუ ჩვენ გავაუქმებთ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესს, რეალურად, ვტოვებთ ძალიან დიდ საშიშროებას ძალაუფლების კონცენტრაციისა საქართველოს პარლამენტში.”

იმისათვის, რომ ეს არ დაუშვან, დოლიძის თქმით, მოტივირებული შენიშვნების ბოლო ნაწილში პრეზიდენტი უმრავლესობას სთავაზობს, რომ ორპალატიანმა პარლამენტმა გადაწყვიტოს ეს საკითხი: “რომელიც ესოდენ ძვირფასია ჩვენი ხალხისთვის. შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნებით ამ გომრჩეულ დღეს ჩვენ გთავაზობთ, გამოიყენოთ შესაძლებლობა და გთავაზობთ გამოსავალს იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენ წინაშეა. გადავარჩინოთ იმ ჩრდილისგან, რომელიც მას ადგას იმიტომ, რომ მას ჰყავს მხოლოდ ერთი ავტორი და მხარდამჭერი – ეს არის მმართველი პარტია. რაც არ უნდა კარგი იყოს ეს პარტია და რაც არ უნდა კარგი იყოს მისი მოტივაცია, არც ერთი ქვეყნის გამოცდილება, მათ შორის, ჩვენი გამოცდილება არ გვეუბნება, რომ ეს მოიტანს კარგ შედეგს.

ანა დოლიძის განცხადებით, ყველა შემთხვევაში, ეს არის არასახარბიელო ვითარება, რომლიდან გამოსავლის შესანიშნავ საშუალებასაც წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილი დღევანდელი მოტივირებული შენიშვნები. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, მას იმედი აქვს პარლამენტის წევრების კეთილგონიერების, რომ “ისინი გულისყურით მოეპყრობიან ამ შენიშვნებს და ამ ისტორიულ შანსს, რომელიც თქვენ წინაშე არის წარმოდგენილი.”

მას შემდეგ, რაც ანა დოლიძემ პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო, პარლამენტარებმა მას კითხვები დაუსვეს. პარლამენტში ერთადერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის სასარგებლოდაც “ქართულმა ოცნებამ” მთაწმინდის ოლქში კანდიდატი არ წარადგინა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს უსაყვედურა და განაცხადა:

“როდესაც ამბობთ, ამ კონსტიტუციას მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა პარტიამო, თქვენ გავიწყდებათ, რომ არსებობენ დამოუკიდებელი დეპუტატები და ეს არის საკმაოდ შეურაცხმყოფელი ჩემი ამომრჩევლისთვის.”

მიუხედავად იმისა, რომ ანა დოლიძე უმრავლესობის კეთილგონიერების იმედზე საუბრობს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დღეს, 13 ოქტომბერს, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და საქართველოს ახალი კონსტიტუცია იქნება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრები ჯერ კიდევ მოტივირებული შენიშვნების მოსმენამდე საუბრობდნენ.

სალომე ზურაბიშვილისა და უმრავლესობის მიერ მოწონებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროქტს ეწინააღმდეგება როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიცია. მმართველი გუნდისა და სალომე ზურაბიშვილის მიერ მოწონებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების გარდა, ასევე, აკრიტიკებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი