ახალი ამბები

პირს ყვავილების ტრანსპორტირებისას რუსეთში უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა – საგამოძიებო

13 ოქტომბერი, 2017 • 2658
პირს ყვავილების ტრანსპორტირებისას რუსეთში უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, დოკუმენტების თანახმად, აღნიშნულ პირი საბაჟო – გამშვები პუნქტი “ყაზბეგის” გავლით საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში სატვირთო ავტომანქანით ყვავილების ტრანსპორტირებას ახორციელებდა. თუმცა, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ რეალურად, ბრალდებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ცდილობდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 217 500 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების 75 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე.

სიგარეტი უაქციზო. 13.10.2017. ფოტო: საგამოძიებო სამსახური

სიგარეტი უაქციზო. 13.10.2017. ფოტო: საგამოძიებო სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი