ახალი ამბები

ჯეიმს აპატურაი: საქართველომ დაიწყო თავდაცვის ფუნდამენტური რეფორმა

12 ოქტომბერი, 2017 • 2022
ჯეიმს აპატურაი: საქართველომ დაიწყო თავდაცვის ფუნდამენტური რეფორმა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ საქართველო თავდაცვის ფუნდამენტურ რეფორმას ახორციელებს და ეს რეფორმა წარმატებულია:

“ჩვენ დეტალურად განვიხილეთ სხვადასხვა სფეროში რეფორმების შესახებ თანამშრომლობის საკითხები, საქართველო ჩართულია თავდაცვის ფუნდამენტურ რეფორმაში და ამაში ძალიან წარმატებულია. მე ყოველთვის ვამბობ, “მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში”, მაგრამ ყოველი ვიზიტისას ეს კიდევ უფრო ცხადი ხდება. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ნატოს მინისტერიალს, მომავალი წლის სამიტს, რათა განვსაზღვროთ, თუ როგორ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრაზე, თავდაცვის საკითხების გარდა, შიდა პოლიტიკური საკითხებიც განიხილეს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმაც. ჯეიმს აპატურაიმ ვენეციის კომისიის დასკვნა და ევროკავშირის განცხადება დაიმოწმა და განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში საქართველოში რეფორმა სწორი მიმართულებით ტარდება საკონსტიტუციო რეფორმის კუთხით.

ბათუმში თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა.  მე-11 კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის იყვნენ  ნატოს „მტკიცე მხარდაჭრის“ მისიის მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და სხვა.

კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) და საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (IFRI). კონფერენციის სპონსორია ფრანგული კომპანია „თალესი“ (Thales).

მასალების გადაბეჭდვის წესი