ახალი ამბები

გრიგორი კარასინის ბრალდება თბილისს და ქართული მხარის პასუხი

12 ოქტომბერი, 2017 • 2412
გრიგორი კარასინის ბრალდება თბილისს და ქართული მხარის პასუხი

რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი საქართველოს 2011 წლის ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს, ხოლო ქართული მხარისთვის გაუგებარია ეს ბრალდება და აცხადებს, რომ ვალდებულებებს, პირიქით, რუსეთი არ ასრულებს.

გრიგორი კარასინის თქმით, ტვირთების მონიტორინგის შესახებ შეთანხმების პირობების არშესრულების საკითხზე პრაღის შეხვედრების ფორმატში ზურაბ აბაშიძესთან ისაუბრა: “ჩემი დიალოგი აბაშიძესთან, რომელიც პრაღაში გაიმართა, ოპტიმიზმის საშუალევბას იძლევა. როგორც ჩანს, საქართველომ, როგორც იქნა, გადაიკითხა 2011 წლის შეთანხმება რუსეთთან ტვირთების მონიტორინგის შესახებ. ხელშეკრულება პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს.”

2011 წელს ხელმოწერილი დოკუმენტი საქართველოსა და რუსეთს, საკუთარი საზღვრების ფარგლებში, აკისრებს ვალდებულებებს, შემოიღონ სპეციალური პროცედურები ტვირთების გადაზიდვის ადმინისტრირების კუთხით, შვეიცარიული კომპანიის მონიტორინგის ქვეშ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მალე ნათელი გახდა, რომ ქართულ მხარეს სურდა რუსთს შეესრულებინა ვალდებულებები, თუმცა თავად არ სურთ საკუთარი ვალდებულებების მოსმენა.

“მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, ღიად დააფიქსიროს საკუთარი მზადყოფნა საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ” – განუცხადა სააგენტო Ria-ს გრიგორი კარასინმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართული მხარე უკვე დიდი ხანია მზად არის, სრულად შეასრულოს 2011 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გააფორმოს ხელშეკრულება იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელ შუამავალ, ნეიტრალურ, შვეიცარიულ კომპანიასთან.

ჯანელიძის განცხადებით, ხელშეკრულების შესრულებისთვის აუცილებელია ყველა მხარის სრული თავსებადობა 2011 წლის 9 ნოემბერს გაფორმებულ ზემოთ ნახსენებ შეთანხმებასთან:

“საქართველოს მოლოდინია, რომ ძირითადი შეთანხმება და იმპლემენტაციის კონტრაქტი შესრულდება ყველა მხარის მიერ, რადგან ცალმხრივად ვალდებულებების შესრულება შეუძლებელია. ჩვენ მოველით, რომ რუსეთის ფედერაცია გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს ამ შეთანხმების სრულყოფილად შესასრულებლად.”

საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მხარემ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაასრულა მუშაობა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტვირთბრუნვის საბაჟო მონიტორინგზე პასუხისმგებელ ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერისთვის.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ ქართულ მხარეს არასდროს შეუცვლია ვალდებულება და პასუხისმგებლობის სფერო. მისი თქმით, საქართველო არც აპირებს ამის შეცვლას, ხოლო ბურთი ახლა სწორედ რუსეთის მოედანზეა:

“რაც ოკუპაციის შემდეგ შეცვალეს რეალური ვითარება ადგილზე, ბუნებრივია, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად მათ უნდა აკონტროლონ ეს ტვირთბრუნვა. ამას სჭირდება მხოლოდ ერთი რამ – დაიწყოს პროცესი. პროცესი რომ დაიწყოს, რუსეთი უნდა დათანხმდეს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. 2011 წლის შემდგომ, როდესაც უკვე ტექნიკური პარამეტრები დაკმაყოფილდა, განისაზღვრა შვეიცარიული კომპანია, როგორც მედიატორი და მონიტორი ამ შემთხვევაში, ქართულ მხარეს არაფერი შეუცვლია. პრობლემა არც გვაქვს და არც გვქონია. დიდი ხანია ბურთი რუსეთის მოედანზეა და ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ბატონი კარასინის ამგვარი განცხადება.”

დოლიძის განცხადებით, ბუნებრივია, როცა დღენიადაგ პროვოცირებები ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხოლო შემდგომ უკვე აქეთ აბრალებენ ქართულ მხარეს, საქართველოს რიტორიკაც გამკაცრდება, თუმცა მეტი არაფრის გაკეთება შეიძლება. მისი თქმით, სტრატეგიული მოთმინება არის ყველაზე მძლავრი იარაღი და მიუხედავად რუსეთის ამგვარი პროვოკაციებისა, საქართველო მაინც თანმიმდევრულად და სწორი ნაბიჯებით მიიწევს იქითკენ, რომ რაც შეიძლება დროულად გამოსწორდეს სიტუაცია.

გრიგორი კარასინის განცხადების შინაარსი გაუგებარია საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილისთვისაც. მისი თქმით, ქართულ მხარეს ამ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს და შემხვედრი ნაბიჯები რუსულმა მხარემ უნდა გადადგას.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველო და ქართული მხარე ამ მოლაპარაკებებში შვეიცარიულ მხარესთან არის სრულიად პირნათელი, ხოლო პრობლემას ქმნის ის, რომ რუსეთის მხრიდან შეთანხმება დღემდე არ სრულდება.

როგორც შერიგების მინისტრი ამბობს, სწორია ვიქტორ დოლიძის შეფასება, რომ ბურთი არის რუსეთის მხარეზე და ნაბიჯები სწორედ მათ უნდა გადადგან. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ შვეიცარიელი პარტნიორები ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან.

გრიგორი კარასინი, მიხეილ ჯანელიძე, ქეთევან ციხელაშვილი და ვიქტორ დოლიძე

გრიგორი კარასინი, მიხეილ ჯანელიძე, ქეთევან ციხელაშვილი და ვიქტორ დოლიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი