ახალი ამბები

თბილისი-რუსთავის გზის რეკონსტრუქციის გამო მოქალაქის ქონებას ექსპროპრიაცია ელის

12 ოქტომბერი, 2017 • 1891
თბილისი-რუსთავის გზის რეკონსტრუქციის გამო მოქალაქის ქონებას ექსპროპრიაცია ელის

ეკონომიკის სამინისტრომ თბილისი-რუსთავის გზატკეცილის რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში მოქალაქეს ექსპროპრიაციის წესით ქონება უნდა ჩამოართვას.

ეკონომიკის მინისტრის ბრძანებიდან ირკვევა, რომ 6.03 მ2-ის ფართობის სათავსო ხვდება პროექტის არეალში, თუმცა მესაკუთრე არ თანხმდება მუნიციპალური განვითარების ფონდს ქონების გამოსყიდვაზე.

როგორც ირკვევა, მიწის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება სხვა მფლობელებთან მიღწეულია, გარდა ამ ერთი მოქალაქისა.

საკუთრების უფლებას კონსტიტუცია იცავს, თუმცა კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, საკუთრება ექსპროპრიაციას ექვემდებარება საზოგადოებრივი მიზნებისთვის ” წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.”

მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის რეკონსტრუქცია-მოდერნიზება უნდა განახორციელოს.

პროექტი ითვალისწინებს 17.1 კმ სიგრძის 2-ზოლიანი გზის გაფართოებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად I კატეგორიის 4-ზოლიან გზატკეცილად, რომლის საპროექტო სიჩქარეა 120 კმ/სთ საერთო დაგეგმილი სიჩქარით.

პროექტს გააჩნია ორი ასპექტი – ადგილობრივი, რომელიც დაკავშირებულია ურბანული კავშირის გაუმჯობესებასთან თბილისსა და რუსთავს შორის და საერთაშორისო კავშირის გაუმჯობესება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, კასპიის ზღვასა (ბაქოს პორტი) და შავ ზღვას შორის (ფოთისა და ბათუმის პორტები).

მასალების გადაბეჭდვის წესი