ახალი ამბები

დეიმონ უილსონი: რუსეთმა ოკუპაციით საკუთარ თავს შეუქმნა პრობლემები

12 ოქტომბერი, 2017 • 1930
დეიმონ უილსონი: რუსეთმა ოკუპაციით საკუთარ თავს შეუქმნა პრობლემები

აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, რომელიც ბათუმში დღეს, 12 ოქტომბერს, მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, ამბობს, რომ საქართველო რეგიონში არის სტაბილური ქვეყანა, რომელიც საყრდენია დასავლეთისთვის:

“საქართველოს მომავალი არის დასავლეთში, საქართველოს მომავალი ტრანსატლანტიკური ერთობის ნაწილია. თუ ჩვენ ახლა უზრუნველვყოფთ უსაფრთხოების ასპექტებს, ერთ დღესაც საქართველოს ალიანსის წევრად ვიხილავთ. ეს არის ტესტი. თუ რეგიონს შევხვედავთ, რა ხდება ირანში – ბირთვული შეთანხმება; თუნდაც თურქეთს და აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთოებებს; ISIS  და სირია – ეს არის რეალური პრობლემები. საქართველოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რეალური პრობლემები არ გვაქვს, ეს არის სტაბილური ქვეყანა რეგიონში. ალიანსი საქართველოს ხედავს, როგორც საყრდენს სტაბილურობის განცდის შესაქმნელად.  მიუხედავად მრავალი გამოწვევესა, რომელიც რეგიონში არსებობს, ჩემი პერსპექტივიდან, ჩვენი აქ ყოფნა უფრო  და უფრო მნიშვნელოვანს ხდის ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან “,- განაცხადა უილსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მას ასევე ჰკითხეს, თუ როგორ უნდა მოაგვაროს საქართველომ ოკუპაციის პრობლემა. უილსონის შეფასებით, საქართველოსა და უკრაინაში ტერიტორიების ოკუპირებით რუსეთმა საკუთარ თავს შეუქმნა პრობლემები:

“ოკუპაცია არ არის საქართველოს ან ჩვენი პრობლემა, ოკუპაციით რუსეთმა თავის თავს შეუქმნა პრობლემა, როდესაც ჯარები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განალაგა. ასევე- დონბასსა და ყირიმში. დროთა განმავლობაში რუსეთის გადაწყვეტილების შედეგები გამოჩნდება.  ეს მალე არ მოხდება, მაგრამ საქართველო მზად უნდა იყოს, მას ძლიერი ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა სჭირდება და როცა ეს შესაძლებლობა გაჩნდება, აფხაზებთან და ოსებთან შერიგებისთვის საქართველო მზად უნდა იყოს”- განაცხადა მან.

რიგით მე-11 კონფერენციაზე გამომსვლელებს შორის არიან ნატოს „მტკიცე მხარდაჭრის“ მისიის მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდს ბერგმანისი, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ნურეთინ ჯანიქლი, ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და სხვა.

კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) და საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი (IFRI). კონფერენციის სპონსორია ფრანგული კომპანია „თალესი“ (Thales).

მასალების გადაბეჭდვის წესი